Connect with us

ჯანმრთელობა

რომელი პროდუქტები დაგეხმარებათ C ვიტამინის დეფიციტის აღდგენაში

C ვიტამინი იმუნიტეტს მხარს უჭერს, მას ინფექციებისა და ვირუსებისგან იცავს. ვიტამინების მეფის დახმარებით ჩვენ ნაკლებად ვავადმყოფობთ და სწრაფად ვჯანმრთელდებით. სწორედ ამიტომ, ასკორბინის მჟავის მიღებას გვირჩევენ სურდოს დროს და გაზაფხულის ავიტამინოზის პერიოდში.

ადამიანის ორგანიზმს ასკორბინის მჟავის დამოუკიდებლად წარმოება არ შეუძლია, მაგრამ შეგიძლიათ საკვებიდან რეგულარულად მიიღოთ.

ზრდასრული ადამიანის დღიური ნორმა 60-70 მგრ, ხოლო მარაგის შევსებაში ტოპ 20 პროდუქტი დაგეხმარებათ, რომლებიც ყველაზე მეტ C ვიტამინს შეიცავენ.

C ვიტამინის დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტები

1. ქლიავი კაკადუ

C ვიტამინის ყველაზე მდიდარი წყარო: 100 გრ პროდუქტი 5300 მგრ-მდე C ვიტამინს შეიცავს, რაც 88-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ფორთოხალში!

ეგზოტიკური ხილი ჩრდილოეთ ავსტრალიაში იზრდება. დღესდღეობით კოსმეტიკურ და ფარმაცევტულ პროდუქტებში ფართოდ გამოიყენება.

2. ველური ალუბალი (აცეროლა)

მარადმწვანე ველური ალუბალი (აცეროლა) ხეა სამხრეთ ამერიკიდან, რომლის წვნიანი ნაყოფიც ბევრ C ვიტამინს შეიცავს (100 გრ პროდუქტი 1600 მგრ-მდე).

ჩვენთან ღია ნიადაგში აცეროლას გაზრდა არ გამოგივათ, მაგრამ სახლის პირობებში მისი გაზრდა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.

მცენარე ნამდვილად უნიკალური და ძალიან სასარგებლოა. მისი ნაყოფი კი მთელ რიგ სამკურნალო თვისებებს ფლობს.

3. ასკილის ნაყოფი

100 გრ ასკილის ნაყოფი საშუალოდ 500 მგრ ასკორბინის მჟავას შეიცავს, რაც 14-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ლიმონის რბილობის შემთხვევაში. უმი კენკრის ჭამა არ გამოგივათ: მიკროსკოპული ბუსუსები ყელს კაწრავს.

აქვს თუ არა სარგებელი ასკილის სასმელის დალევას? C ვიტამინი ხომ გაცხელების დროს იშლება. სასმელის მომზადების რამდენიმე მეთოდი არსებობს: პირველ შემთხვევაში კენკრას უბრალოდ მდუღარე წყალი დაასხით, მეორე შემთხვევაში კი 15 წუთით წყლის ორთქლზე გააჩერეთ, შემდეგ კი 4 საათით თერმოსში დააყენეთ.

როგორც ექსპერიმენტებმა აჩვენეს, პირველ შემთხვევაში ასკორბინის მჟავის ნახევარი იკარგება, მეორე ვარიანტში კი მხოლოდ მესამედი. ამასთან ჭიქა სასმელი უფრო მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ნატურალური ფორთოხლის წვენის 1 ლიტრიანი შეფუთვა.

4. ქაცვი

ქაცვი ხშირად გამოიყენება როგორც სურდოს და გრიპის საწინააღმდეგო ნატურალური საშუალება. ქაცვი ავიტამინოზის დროს შეუცვლელია: C ვიტამინი (100 გრ-ზე 200 მგრ) კენკრაში გადამუშავების შემდეგაც რჩება.

5. ტკბილი წიწაკა

ბულგარულ წითელ წიწაკას (100 გრ-ზე 200-250 მგრ C ვიტამინი) C ვიტამინის შემცველობით პირველი ადგილი უკავია. დამტკიცებულია, რომ კარგად მომწიფებული ნაყოფი უფრო მეტ ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს.

წვნიანი ბოსტნეულის რეგულარული მიღება სტრესთან სწრაფად გამკლავებაში, სისხლძარღვების გაძლიერებასა და მხედველობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

6. შავი მოცხარი

სასარგებლო კენკრა, რომელიც მოტკბო-მომჟავო გემოსთან ერთად დიდი რაოდენობით სასარგებლო თვისებებს ფლობს. მასში 5-ჯერ უფრო მეტი C ვიტამინი შედის, ვიდრე ლიმონში.

დიასახლისები ხშირად მოცხარს ატარებენ და შაქარს ურევენ ან გემრიელ მურაბებს აკეთებენ. არომატული ფოთლები კონსერვების და მწნილების მოსამზადებლად გამოიყენება: მას სანელებლის სახით კიტრის, პომიდვრის, სოკოს და კომბოსტოს კონსერვებს უმატებენ.

7. კივი

დიეტური კენკრა (მხოლოდ 48 კალორია) ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის, ვისაც მჟავე პროდუქტები უყვარს და წონაში დაკლება სურს. ჩინურ მედიცინაში კივი საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად გამოიყენება.

საშუალო ზომის ნაყოფი 70 მგ-მდე C ვიტამინს, ან დღიური ნორმის 100%-ს შეიცავს. მისი რეგულარული მიღება სტრესის ნეგატიურ გავლენას და ქოლესტერინის დონეს ამცირებს, იმუნური სისტემის მუშაობას აუმჯობესებს.

8. ოხრახუში

ოხრახუში (100 გრ პროდუქტზე 150 მგრ C ვიტამინი) ვიტამინების და მინერალების ნამდვილი საწყობია. განსაკუთრებით ღირებულია მათთვის, ვისაც წონაში დაკლება და კუნთოვანი მასის გაზრდა სურს. უნიკალური შემადგენლობის წყალობით მწვანილი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, ტოქსინებს და ზედმეტ სითხეს გამოდევნის და ცილის ათვისებას სტიმულირებს.

9. ჩილის წიწაკა

C ვიტამინის მაღალი შემცველობის გარდა (100 გრ პროდუქტზე 150 მგრ-მდე C ვიტამინი) ჩილის წიწაკა მდიდარი კაპსაიცინებით, რომელიც მას განსაკუთრებულ სიცხარეს ანიჭებს. ეს ნივთიერება სისხლძარღვებს აფართოებს, რაც წნევას და გარკვეულწილად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს.

10. გუავა

ტროპიკული ხილი ვარდისფერი რბილობით მექსიკის და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე იზრდება. ერთი ნაყოფი 126 მგრ-მდე C ვიტამინს შეიცავს, რაც დღიური ნორმის 180%-ს შეადგენს.

11. ბროკოლი

ბროკოლი კალციუმის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა, რომელიც ძვლებისთვის გვჭირდება. 100 გრ კომბოსტო C ვიტამინის თითქმის დღიური ნორმის ნახევარს შეიცავს.

12. ლიჩი

C ვიტამინის გარდა (100 გრ პროდუქტზე 71 მგ C ვიტამინი) ლიჩის ნაყოფი ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, რომელთაც მეცნიერები „გონების სასწრაფო დახმარებას“ უწოდებენ.

დადგენილია, რომ მათი დეფიციტის დროს ადამიანი ცუდ მეხსიერებას, კონცენტრაციის დაქვეითებას, დეპრესიას და დაღლილობას უჩივის.

13. ხურმა

ხურმის უამრავი სახეობა არსებობს, მათგან ყველაზე გავრცელებულია იაპონური ხურმა. ყველაზე მეტ C ვიტამინს (100 გრ პროდუქტი 60 მგრ) ამერიკული ან ვირჯინიის ხურმა შეიცავს. ნარინჯისფერი დიდი რაოდენობით ბეტა კაროტინის შემცველობაზე საუბრობს, ეს კი მხედველობის გასაძლიერებლად სასარგებლოა.

14. მარწყვი

თავისი შემადგენლობის წყალობით მარწყვი ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობულ თვისებებს ფლობს. ზომიერი მიღების დროს ზოგადი გამაჯანსაღებელი მოქმედება აქვს.

მარწყვი C ვიტამინით მდიდარია. ხუთი ცალი კენკრა უფრო მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე დიდი ზომის ფორთოხალი. კიდევ ერთი სასარგებლო თვისება: B6 ვიტამინის (ფოლიუმის მჟავა) შემცველობა, რომელიც მასში უფრო მეტია, ვიდრე ყურძენსა და ჟოლოში.

15. ფორთოხალი

ფორთოხალი C ვიტამინის ყველაზე ღირებულ წყაროს არ წარმოადგენს. მისი წვნიანი ნაყოფის შემცველობა (100 გრ პროდუქტზე 60 მგრ) 1,5-ჯერ აჭარბებს ლიმონის მაჩვენებლებს.

საინტერესოა, რომ ასკორბინის მჟავის მარაგის უმეტესი წილი მის ქერქზე მოდის და არა რბილობში. ეს ქერქის იმუნიტეტის გამაძლიერებელ თვისებებზე საუბრობს. ფორთოხლის ქერქის ჩაის გამათბობელი და ანტისურდოს ეფექტი აქვს.

16. კომბოსტოს მწნილი

მჟავე კომბოსტო დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს, რომელიც იმუნურ სისტემას აძლიერებს და უჯრედების და ქსოვილების დაბერების პროცესს აფერხებს.

გარდა ამისა, ის პრობიოტიკებით და პრებიოტიკებით გვამდიდრებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნაწლავებს სასარგებლო ბაქტერიებით ავსებს.

17. ლიმონი

ძველად ცინგით რომ არ დაავადებულიყვნენ, მეზღვაურებს გემზე ლიმონი აჰქონდათ. აქედან ასკორბინის მჟავის სახელი წამოვიდა: ის ცინგას ან მწვავე სურავანდს აქრობდა (ლათინურად scorbutus).

დღესდღეობით ვიცით, რომ ლიმონი C ვიტამინის საუკეთესო წყარო არაა. ერთი ნაჭერი ლიმონი ჩაისთან ერთად საკმარისი არაა. დღიური ნორმის მისაღებად საშუალო ზომის ლიმონი კანიანად უნდა შეჭამოთ, რომელშიც უფრო მეტი C ვიტამინია, ვიდრე რბილობში.

18. მანდარინი

მანდარინის მარაგი ხშირად საახალწლო დღესასწაულთან ასოცირდება. ითვლება, რომ მანდარინი C ვიტამინის წყაროა.

სინამდვილეში, მისი ნარინჯისფერი რბილობი 100 გრ-ზე მხოლოდ 35-40 მგრ ასკორბინის მჟავას შეიცავს, რაც ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე ხმელ ასკილში, ბულგარულ წიწაკასა და შავ მოცხარში.

თუმცა ეს მის სასარგებლო თვისებებს არ გამორიცხავს. მაგალითად, ის ფლავონოიდებით და ორგანული მჟავებით მდიდარია, სხვადასხვა ვიტამინებს, პექტინებს, მინერალებს, ფიტონციდებს და უჯრედისს შეიცავს. ქერქში, რომლის გადაგდებასაც მიჩვეული ვართ, დიდი რაოდენობით ეთერზეთები შედის.

19. კომბოსტო

ჩვეულებრივი კომბოსტო ვიტამინების შემცველობით რეკორდსმენი არაა, მაგრამ უმეტესობა მათგანს შეიცავს. C ვიტამინი (100 გრ პროდუქტზე 40 მგრ) შენახვის დროს თითქმის არ იშლება. სწორედ ამიტომ,  ზამთარში კომბოსტო კარტოფილთან ერთად C ვიტამინის მთავარ წყაროს წარმოადგენს.

20. მწვანე ხახვი

მწვანე ხახვი ვიტამინებით და სხვადასხვა მკვებავი ნივთიერებებით მდიდარია, ამიტომ წლის ცივ პერიოდში პოპულარულია. 100 გრ მწვანე ხახვი დღიური ნორმის ნახევარზე მეტ C ვიტამინს შეიცავს (35 მგრ 100 გრ პროდუქტზე).

C ვიტამინი ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მისი დეფიციტი ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. იმის მიუხედავად, რომ ციტრუსი C ვიტამინის წყაროს წარმოადგენს, ეს ნუტრიენტი შეგიძლიათ ხილსა და ბოსტნეულში დიდი რაოდენობით იპოვოთ.

უფრო მეტიც, C ვიტამინის შემცველობით ზოგიერთი მათგანი ციტრუსის მაჩვენებლებს ბევრად აჭარბებს. რაციონში ხილის და ბოსტნეულის დამატებით C ვიტამინის დღიური ნორმის სრულად დაკმაყოფილებას შეძლებთ. ეს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი და პროფილაქტიკის საუკეთესო მეთოდი იქნება.