ჯანმრთელობა
როგორ იწვევს ფინჯანი ყავა დიაბეტს და ვინ უნდა თქვას ყავაზე უარი
პრაქტიკულად ყველა სტატიაში, რომელიც ყავის სასარგებლო თვისებებს ეხება, ნახსენებია კოფეინის უნარი სისხლში შაქრის დონე დაარეგულიროს. ხშირად ამის საფუძველზე დღეში 2–3 ფინჯანი სასმელის დალევის რეკომენდაციას იძლევიან. თუმცა ყოველთვის არ ახსენებენ, რომ ყავამ შეიძლება ინსულინის უჯრედების ტოლერანტობა გაზარდოს და ამით დიაბეტი გამოიწვიოს. მოდით გავარკვიოთ, ვინ სჯობს უარი თქვას ყავაზე და რატომ.
კოფეინი და შაქარი – ერთად სამუდამოდ?
თუ თქვენი ჯანმრთელობა მწყობრშია, თუ სისხლში გლუკოზის დონე ზედა ზღვრამდე არასდროს გაზრდილა და მით უმეტეს არ გადაულახავს, თუ თქვენი პანკრეასი საჭირო რაოდენობის ინსულინს აწარმოებს, ხოლო უჯრედები მასზე ნორმალურად რეაგირებენ, სავარაუდოდ, ყავა ზიანს არ მოგაყენებთ. სინამდვილეში, გამამხნევებელი სასმელის ყოველდღიური მიღების რეკომენდაციები გამართლებულა და შეგიძლიათ დღეში 1–2 ფინჯანი ყავა დალიოთ.
თუ თქვენ მეტაბოლური სინდრომი, პრედიაბეტი და მით უმეტეს, მე–2 ტიპის დიაბეტი, გაქვთ, თქვენთვის ყავა, სავარაუდოდ, სახიფათოა.
საქმე იმაშია, რომ ჯანმრთელი ადამიანის და დიაბეტის მქონე ადამიანების უჯრედები კოფეინზე განსხვავებულად რეაგირებენ. როგორც მასშტაბური კვლევის შედეგებმა აჩვენა, დიაბეტის მქონე ხალხში კოფეინმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მკვეთრად ზრდა. მოხალისეები, რომლებიც დღეში 2–ჯერ 250 მგ კოფეინს იღებდნენ, სისხლში შაქრის დონე 8%–ით ეზრდებოდათ, რაც ძალიან ბევრია.
როგორც ჩანს, კოფეინი გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ რეაგირებს სხეული ინსულინზე – ჰორმონზე, რომელიც შაქარს თქვენს უჯრედებში შეღწევის და ენერგიად გარდაქმნის საშუალებას აძლევს. კოფეინი ინსულინის მიმართ უჯრედების მგრძნობელობას ამცირებს, რის გამოც საკვებიდან მიღებული შაქრის სათანადოდ ათვისება არ ხდება. ორგანიზმი იძულებულია უფრო მეტი ინსულინი აწარმოოს – კვლავ და კვლავ.
თუ პრედიაბეტი ან დიაბეტი გაქვთ, დიდი ალბათობით, ორგანიზმი ინსულინზე უკვე ცუდად რეაგირებს და ჭამის შემდეგ სისხლში შაქრის დონე ისედაც ნორმაზე მეტად იზრდება. თუ ამასთან ფინჯან ყავას დალევთ, უჯრედების მგრძნობელობა კიდევ უფრო შემცირდება, შაქრის დონე მოიმატებს და სახიფათოდ მაღალი გახდება. ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტი ან თუ უკვე გაქვთ, ისეთი დაავადებების განვითარების რისკი გაზარდოს, როგორიცაა ნერვების დაზიანება და გულის დაავადებები.
რატომ ახდენს კოფეინი ასეთ გავლენას?
დარწმუნებით მეცნიერებმა არ იციან, მაგრამ რაღაც ვერსიები არსებობს. შესაძლოა, კოფეინი ზოგიერთი სტრესის ჰორმონის, როგორიცაა ადრენალინის, დონეს ზრდის, რაც თავის მხრივ შაქრის გადამუშავებას და შთანთქმას ხელს უწყობს. საქმე იმაშია, რომ ადრენალინს შეუძლია ცილა ადენოზინის დაბლოკვა, რომელიც აკონტროლებს სხეულის მიერ წარმოებული ინსულინის რაოდენობას, ასევე ინსულინზე უჯრედების რეაგირებას.
ადენოზინის დაბლოკვით კოფეინი მას მუშაობაში ხელს უშლის და შაქრის დონე სისხლში იზრდება.