საკითხავი
როგორ ველაპარაკოთ სხვებს გამანადგურებელი დანაკარგის შესახებ
ამ ხუთი მეთოდით იმ ადამიანების მცირედით დახმარებას შეძლებთ, რომლებიც ძლიერი დანაკარგის წინაშე დგანან.
„საქმე იმაში არაა, რომ სწორი რამ ილაპარაკოთ – საქმე იმაშია, რომ ის გააკეთოთ“.
რამდენიმე წლის წინ ოჯახთან ერთად ახალი ზელანდიის ულამაზეს ქალაქში საცხოვრებლად გადავედი. აქ ემიგრანტებს და ადგილობრივ საზოგადოებას წარმატებით შევუერთდით. იმ დროისთვის, როცა კვლავ დავორსულდი და მშვენიერი ბიჭი გავაჩინე, თავს უკვე ამ საზოგადოების განუყოფელ ნაწილად ვგრძნობდი.
როცა ჩვენი ბიჭი მხოლოდ 3 თვის იყო, მოულოდნელად ავად გახდა. საავადმყოფოში ექიმმა გვითხრა, რომ გულში ხმაური ესმის და ერთ დღეში გარდაიცვალა.
ამ დღეებსა და კვირებში მწუხარებაში ჩაძირული მექანიკურად ვაკეთებდი ყველაფერს, რაც მევალებოდა, რომ ცხოვრება გამეგრძელებინა: საყიდლებზე დავდიოდი, დანარჩენი ბავშვები სკოლაში დამყავდა, ვამზადებდი და ვრეცხავდი…
ახალი მეგობრები ჩემგან თავს შორს იჭერდნენ. პრაქტიკულად, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ჩემთან კომუნიკაციისგან თავი აერიდებინათ: როცა შორიდან დამინახავდნენ, ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდნენ და ისე აკეთებდნენ, თითქოს ვერ მამჩნევდნენ, როცა გვერდით ჩავუვლიდი.
ჩემი დაპატიჟება შეწყვიტეს. ჩემი ტელეფონი, რომლის ხმაც არ წყდებოდა, გაჩუმდა. ჩემს დარდს მთელი სამყაროს ღრმა იზოლაციაც თან დაემატა და ეს იზოლაცია ჩემი არჩევანი არ იყო.
მოგვიანებით, ბევრმა გულწრფელად ბოდიში მომიხადა. ისინი ამბობდნენ, რომ მომხდარით ძალიან დამწუხრებულნი იყვნენ და ჩემი მხარდაჭერა სურდათ, მაგრამ უბრალოდ არ იცოდნენ, თუ რა ეთქვათ. ჩემი დანაკარგი იმდენად დიდი იყო, რომ ყველაფერი, რისი თქმაც შეეძლოთ, მათ არასაკმარისად და სასაცილოდ ეჩვენებოდათ.
რაღაცის არასწორად შიშის გამო არაფერს ამბობდნენ და ამით გულს უფრო მტკენდნენ.
გამანადგურებელ მოვლენებს, რომელთაც ცხოვრების ნაწილებად დაშლა შეუძლიათ, მრავალი სახე აქვს: თქვენი შეყვარებული შეიძლება საყვარელმა ადამიანმა მიატოვოს, კოლეგამ შეიძლება კომპანიის კარისკენ მიგითითოთ, რომელსაც ცხოვრების 2 ათეული წელი დაუთმეთ, საყვარელმა ადამიანმა შეიძლება მიიღოს შეტყობინება, რომ მისი სიმსივნე ავთვისებიანია.
რისი თქმა შეიძლება მსგავს სიტუაციაში?
ასეთ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი არაა, მაგრამ ერთი რამ ვიცი: საერთოდ არაფრის თქმა უფრო ცუდია, ვიდრე რაღაცის არასწორად თქმა. დღეს გთავაზობთ 5 მეთოდს, რომელთა დახმარებით დადარდიანებულ ხალხს ცოტათი დაეხმარებით.
1. პირველ რიგში, საკუთარ გრძნობებში გაერკვიეთ
როცა ვიგებთ, რომ საყვარელი ადამიანის ცხოვრებაში კატასტროფა მოხდა, ყველაზე ნამდვილ შოკს განვიცდით. ჩვენი გული შეშლილივით სცემს, ფიქრები ხან ჩქარდება, ხან ნელდება, თავბრუ გვეხვევა და ხელები გვიკანკალებს.
ჩვენ მიერ განცდილი შფოთვა ნამდვილი და პირადია. ამასთან, ინსტინქტურად მის უგულებელყოფას, დახშობას ან შემცირებას ვცდილობთ. და ეს დიდი შეცდომაა.
თუ პირველ რიგში, საკუთარ შფოთვას მივხედავთ და ცოტა ადეკვატურ მდგომარეობას დავუბრუნდებით, სხვების დახმარებას უფრო უკეთ შევძლებთ. საკუთარ სტრესთან გამკლავება ნებისმიერი ჩვეული მეთოდით შეიძლება – ბუნებაში გასეირნება, მედიტაცია ან იოგა, ახლობლებთან საუბარი და ა.შ.
სანამ დამწუხრებულ ადამიანს უთანაგრძნობთ, დარწმუნდით, რომ საკუთარ გრძნობებს აკონტროლებთ.
2. ახლა კონცენტრირება სხვა ადამიანზე გააკეთეთ
გახსოვდეთ, რომ იზოლაციის გრძნობა, რომელსაც ეს ადამიანი გრძნობს, ისეთივე მტკივნეულია, როგორც უსასრულო დარდი. თუ მას თავს აარიდებთ, რადგან არ იცით რა უთხრათ ან არასწორის თქმის გეშინიათ, ეს კარგი მხოლოდ თქვენთვისაა და ეს სარგებელიც საეჭვოა.
მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს დახმარება, მხარდაჭერა და ჩართულობა სჭირდებათ, განსაკუთრებით უბედურების დროს.
ასეთ სიტუაციებში შესაფერისი სიტყვის პოვნა რთულია, არის სიტყვები, რომელთა თქმაც დარდისგან განადგურებული ადამიანისთვის არ ღირს. ამ ფრაზებს შორისაა სტერეოტიპული და ჩვეულებრივი ფრაზები „უმიზეზოდ არაფერი ხდება“, „ვიცი, რასაც ახლა გრძნობ“. საიდან იცით, მომხდარს რაიმე მიზეზი აქვს თუ არა. მაშინაც კი, თუ მიზეზი არის, ამით ადამიანს ვერ დაამშვიდებთ. მაშინაც კი, თუ მსგავსი რამის გადატანა მოგიწიათ, მაინც არ იცით, თუ ის რას განიცდის – ამის შესახებ მხოლოდ მან იცის.
3. აღიარეთ, რომ არ იცით, რა თქვათ
ეს კარგი დასაწყისია. დაიწყეთ მარტივით, რომელსაც ყინულის გალღობა და დიალოგის დაწყება შეუძლია. უკიდურეს შემთხვევაში ადამიანს აგრძნობინეთ, რომ მარტო არაა.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ამის გადატანა მოგიწია. ძალიან მინდა რაიმე სწორი სიტყვა გითხრა, მაგრამ ვიცი, რომ ეს არსებითად არაფერს შეცვლის. უბრალოდ იცოდე, ჩემთვის სულ ერთი არაა და მე შენს გვერდით ვარ“.
4. მოუსმინეთ
თუ დადარდიანებულ ადამიანს საუბარი სურს, მოუსმინეთ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ.
მისი ისტორია ბოლომდე მოისმინეთ, არ ჩაერიოთ. საუბრის თემის სხვა საკითხზე გადატანა არ სცადოთ ფრაზებით „ვიცი, რისი გადატანაც მოგიწია – გასულ წელს, როცა ჩემი ძაღლი დაიღუპა, მთელი კვირა ვტიროდი“.
არ უთხრათ, თუ რას გრძნობს ან უნდა გრძნობდეს. უბრალოდ მისი ტკივილი აღიარეთ და მოუსმინეთ, თუ ახლა როგორაა.
თითოეული ჩვენგანი შოკთან და ტკივილთან გამკლავებას თავისებურად ცდილობს. ზოგი ბრაზობს, ზოგი უჩვეულოდ მშვიდი ხდება, ზოგი შავ იუმორს მიმართავს. თქვენ თანამოსაუბრეს „სწორი“ ქცევა არ უნდა აიძულოთ, არამედ საშუალება უნდა მისცეთ გაუმკლავდეს ტკივილს ისე, როგორც შეუძლია.
5. იმის ნაცვლად, რომ უთხრათ „გამაგებინე, თუ რაიმეს გაკეთება შემიძლია“, რაღაც უფრო კონკრეტული და სასარგებლო პირდაპირ ახლა შესთავაზეთ
ასეთ დროს ადამიანის დახმარებას შეძლებთ, თუ ჩვეული პასუხისმგებლობის ნაწილს მოაშორებთ. შესთავაზეთ მაღაზიაში პროდუქტებზე წასვლა, სახლის საქმეების შესრულება, ბავშვების სკოლაში წაყვანა ან რაიმეს მომზადება. ჰკითხეთ, შეიძლება თუ არა რომ ხვალ დაურეკოთ, თუ სურს, რომ რამდენიმე დღე ხელი არ ახლონ.
Survey Monkey–ის აღმასრულებელი დირექტორის დეივ გოლდბერგის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ მისმა ცოლმა, შერილ გოლდბერგმა დაწერა შემდეგი:
„როცა მეკითხებიან „როგორ ხარ?“ თავს ძლივს ვიკავებ ვიყვირო „ჩემი ქმარი სულ რაღაც ერთი თვის წინ გარდაიცვალა, როგორ ფიქრობთ, როგორ ვარ?“, მაგრამ როცა მეკითხებიან „როგორ ხარ დღეს?“, ვაცნობიერებ, რომ მკითხველს ესმის, რომ მაქსიმუმი რისი გაკეთებაც ახლა შემიძლია, დღის ბოლომდე გაძლებაა“.
ახლა, როცა ვიხსენებ, თუ რა საშინელ მდგომაროებაში ვიყაი შვილის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ერთი წლისაც არ იყო, ვიხსენებ ქალს, რომელმაც ნამდვილად შვება მომგვარა. ის სახლში კარგი ბრენდის სასმელით მოვიდა და მითხრა: „ეს ნებისმიერი დედის საშინელი კოშმარია. ძალიან ვწუხვარ, რომ ამის გადატანა მოგიწია“.
შემდეგ ვერანდაზე დავჯექით, მან ბრენდი ჭიქაში დამისხა და ცრემლებდაღვრილი ყველა კოშმარული დეტალი მოვუყევი.
ახლა, როცა უკან ვიხედები, ვხვდები, თუ როგორ დამეხმარა მისი ვიზიტი ტანჯვის შემსუბუქებაში. ის ჩემს გამხნევებას არ ცდილობდა, არ მარწმუნებდა, რომ ამაში არის რაღაც ზედანიშნულება იყო და არ მეუბნებოდა, რომ ჩემი პატარა „უკეთეს სამყაროშია“. ის ჩემს ნუგეშის ცემას არ ცდილობდა. თანაგრძნობა მისი გვერდით ყოფნისგან მივიღე.
თქვენ მომხდარს ვერ გამოასწორებთ, სამაგიეროდ შეგიძლიათ ადამიანთან დაჯდეთ, რომ მან თავი მარტო არ იგრძნოს. ამისთვის კი საჭიროა სურვილი, მზადყოფნა რომ თავი უხერხულად იგრძნოთ და მოუსმინოთ. გვერდით იყავით – ეს ერთადერთია, რასაც დახმარების გაწევა შეუძლია.