საკითხავი
რა სასწაულებს უნდა ველოდოთ, თუ აღდგომის დღე ნეტარი მატრონა მოსკოველის ხსენების დღეს ემთხვევა
წელს ისე, როგორც არასდროს, მსურს, რომ სასწაულები მოხდეს. ვირუსი რომ გაქრეს, ეკონომიკური მდგომარეობა დასტაბილურდეს და ყველაფერი თავის ადგილას დაუბრუნდეს. და როდის უნდა ველოდოთ სასწაულებს, თუ არა ნეტარი მატრონა მოსკოველის დღეს, 2 მაისს? განსაკუთრებით, თუ ამ დღეს აღდგომის დღესასწაულიცაა.
რა თქმა უნდა, იმედი არ გვაქვს, რომ ყველაფერი ერთ დღეში დასრულდება, მაგრამ გვსურს ვირწმუნოთ, რომ ამ დღეს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ არის წელს ნეტარი მატრონა მოსკოველის ხსენების დღე განსაკუთრებული და როგორ შევხდეთ სწორად.
ნეტარი მატრონა მოსკოველის ხსენების დღე
1952 წლის 2 მაისს მატრონა ნიკონოვა, რომელსაც ჯერ კიდევ სიცოცხლეში ნეტარი მატრონა მოსკოველი უწოდეს, სხოდნიაში, მოსკოვის რეგიონში გარდაიცვალა. სიცოცხლის განმავლობაში მრავალი სასწაული მოახდინა და მე–20 საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე პატივსაცემი რუსი წმინდანი გახდა. ბევრი მორწმუნე მას ლოცვით დახმარებას და დაცვას სთხოვს. ნეტარი მატრონა კი ყველას ეხმარება, ყველა ეცოდება.
სიცოცხლეში ბევრი სასწაული მოახდინა და ბოლო წუთამდე გაჭირვებულებს ეხმარებოდა და უფლის ერთგულად სწამდა. სწორედ ამიტომ, წლების შემდეგაც ნეტარი მატრონა ახსოვთ, პატივს ცემენ, და მისთვის ლოცვას არ წყვეტენ. განსაკუთრებით, 2 მაისს, მისი ხსენების დღეს. 2021 წელს ეს დღე კიდევ უფრო განსაკუთრებულია! წელს ხომ 2 მაისს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღვნიშნავთ.
წინასწარმეტყველური სიზმრები
ნეტარი მატრონა ახლოსაა ყველასთან, ვინც იცის მისი რთული ბედი და ცხოვრების ეკლიანი გზის შესახებ, რომელიც სავსე იყო რწმენით, თავმდაბლობით და ხალხის სიყვარულით. ღმერთმა მას ნიჭი მისცა, რომელსაც ბოლო წუთამდე სხვებს უზიარებდა და ყველას კურნავდა. დღემდე ნეტარი მატრონა გვმფარველობს და მძიმე წუთებში გვეხმარება.
ნეტარი მატრონა 1885 წელს ღარიბი გლების ოჯახში დაიბადა. მშობლები ღვთისმოშიშები და პატიოსანი ადამიანები იყვნენ, თუმცა ღარიბები. მატრონა ოჯახში მეოთხე ბავშვი იყო, რაც მათ პირობებში მძიმე ტვირთი იყო. დედას გოგონას ბავშვთა სახლში გაგზავნა სურდა, მაგრამ წინასწარმეტყველური სიზმარი ნახა და გადაიფიქრა.
გოგონა დაბადებიდანვე ბრმა იყო, მაგრამ სულიერ მხედველობას ფლობდა. ამის შესახებ მისმა მშობლებმა ადრეული ასაკიდანვე იცოდნენ. როცა მატრონა 7 წლის იყო, მასში განკურნების და წინასწარმეტყველების ნიჭმა გაიღვიძა. ის საფრთხის მოახლოებას გრძნობდა, სტიქიურ და სოციალურ კატასტროფებს პროგნოზირებდა. ხალხს ლოცვით კურნავდა და მწუხარებისას ანუგეშებდა.
რა თქმა უნდა, მასთან ბევრი ადამიანი დადიოდა. გოგონა ავადმყოფებს კურნავდა, უიმედოებს ფეხზე აყენებდა და ყველას ეხმარებოდა. ამისთვის გასამრჯელოს არ ითხოვდა, მაგრამ ხალხი საჩუქრებს მაინც უტოვებდა. ასე ტვირთის ნაცვლად ოჯახის მთავარი მარჩენალი გახდა.
მატრონას სასწაულები
უფალმა მატრონას არა მხოლოდ სიბრმავით გამოცადა. 17 წლისას მოულოდნელად ფეხებიც წაერთვა და ცხოვრების ბოლომდე სიარული აღარ შეეძლო. მატრონა ამ ავადმყოფობას ღვთის საჩუქრის ნაწილად მიიჩნევდა.
1925 წელს მატრონა საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა და უსახლკარო მოხეტიალე გახდა. თითქმის მთელი ცხოვრება თავს მხოლოდ იმით ირჩენდა, რასაც ხალხი აძლევდა. ცხოვრობდა იქ, სადაც მოუწევდა. ზოგჯერ მათთან ერთად, ვინც არ მოსწონდა. და მაინც, არასდროს ჩიოდა. თავისი ხელობა ერთი დღეც არ დავიწყებია.
ზოგჯერ დღეში 40 ადამიანს იღებდა. უარს არავის ეუბნებოდა, ყველას უსმენდა. მათ დახმარებას, გაგებას და განკურნებას ცდილობდა. უარით ისტუმრებდა მხოლოდ თავხედებს, რომელთაც ეშმაკური ზრახვები და უწმინდური ფიქრები ამოძრავებდათ. მაშინაც კი, როცა ძალა საერთოდ არ ჰქონდა, ხალხის მიღებას აგრძელებდა. ისინი მოდიოდნენ, მისკენ მიილტვოდნენ და მისი დახმარების სწამდათ.
ხალხს სიარული მისი გარდაცვალების შემდეგაც არ შეუწყვეტია. ახლა პოკროვსკის მონასტერში დადიან, სადაც წმინდანის ნაწილებია დასვენებული. ასევე ეკლესიაში, სახლში და ფიქრებით მას ევედრებიან. წმინდანი ხომ ყველას უსმენს, ყველას ეხმარება.
ლოცვა ნეტარი მატრონა მოსკოველის დღეს
დღევანდელ რეალობაში ტაძარში წასვლა რთულია. თუ ეკლესიაში წასვლას ვერ ახერხებთ, სახლში ილოცეთ. მთავარია, გულით ილოცოთ და სად იქნებით, მნიშვნელობა არ აქვს. ნეტარ მატრონას სთხოვენ ყველაფერს, დახმარებას, შუამავლობს, ჯანმრთელობას. ხალხის მიმართ მისი სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ ყველა თხოვნას ასრულებს.
„ნეტარო დედაო, მატრონა, შეისმინე და შეგვიწყნარე აქ ჩუენცა ცოდუილნი, შენდამი მღაღადებელნი, შეჩვეულო მთელი შენი ცხოვრების მანძილზე შეწყნარებად და შესმენად ტანჯულთა და ტვირთმძიმეთა, რწმენითა და სასოებით შენი მფარველობისა და შეწევნისადმი მოლტოლვილთა, სწრაფი შეწევნისა და სასწაულებრივი კურნების ყველასათვის მიმნიჭებელო; დე, ნუ მოგვაკლებ შენს გულმოწყალებას ჩუენ, უღირსთა, ამაო სოფლად მშფოთვარეთ და სულიერ მწუხარებათა შინა ნუგეშისა და თანაგრძნობის და ხორციელ უძლურებათა შინა, შეწევნის ვერსად მპოვნელთა: განკურნე უძლურებანნი ჩუენნი, გვიჴსენ ცდუნებათა და სატანჯუელთაგან ბოროტისა, ძლიერად მბრძოლისა, შეგვეწიე ტვირთვად ცხოვრებისეული ჯურისა და ატანად ცხოვრების მთელი სიმძიმილისა, რათა შევიძლოთ შენარჩუნება ღმრთის ხატებისა, სიცოცხლის ბოლომდე დამარხვა მართლამდიდებული მრწამსისა ღმრთისადმი შეურყეველი სასოებისა და იმედისა და არაფარისევლური სიყუარულისა მოყუასისადმი. შეგვეწიე ამ სოფლიდან განსვლისას, რაჲთა ჩუენცა მკჳდრდთა მას შინა წმიდათა თანა ღირს ვიქმენით მიწევნად სასუფეველსა ცათასა, მადიდებელნი გულმოწყალებისა და სახიერებისა ზეციური მამისა, სამებაში თაყუანისცემულისა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, უკუნითი უკუნისამდე ამინ.“
2021 წლის 2 მაისს ნეტარი მატრონა მოსკოველის ხსენების დღეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღვნიშნავთ. ეს სულისთვის ორმაგად სასიხარულოა. სააღდგომო ლოცვების წარმოთქმაც არ დაგავიწყდეთ. ამ დღეს თქვენი ლოცვა უფრო ძლიერი იქნება. მთავარია, სუფთა ფიქრები და გულწრფელი რწმენა, რომ სასწაული მოხდება. დაე, ამ დღესასწაულზე თქვენი გული სითბოთი და სინათლით გაივსოს. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ნეტარი მატრონას დღეს.