Connect with us

საკითხავი

მხიარული კურდღელი. როგორ შევკეროთ 2023 წლის სიმბოლო ხელთათმნიდან  

რამდენიმე დღის წინ საბავშვო ოთახს ვალაგებდი და მოულოდნელი სიურპრიზი შემხვდა. კარადის ქვედა უჯრაში წინდებს შორის თითქმის ათეული ფერადი უწყვილო ხელთათმანი ვიპოვე. ზოგიერთ მათგანზე ვიცოდი, ზოგი კი მოულოდნელობა აღმოჩნდა. ახალი წლის პერიოდში იმედის გაცრუება არ მინდოდა. მარტოხელა ხელთათმანები შევაგროვე და სამზარეულოში გავიტანე. თითოეულ ოთახში 2023 წლის სიმბოლო მექნება.

უცნაურია, მაგრამ ჩემში ხელსაქმისადმი ლტოლვა საახალწლო პერიოდში იღვიძებს. მაგალითად, წინა წელს ძროხის ფორმის იმდენი ბრელოკი გავაკეთე, რომ ვალენტინობის დღემდე ვარიგებდი. წელს თავის გაკონტროლებას ვეცდები. მხოლოდ იმ მასალებით შემოვიფარგლები, რომელიც უკვე მაქვს და არაფერს შევიძენ. თუ უწყვილო ხელთათმანი გაქვთ, გიამბობთ, რისი გაკეთება შეიძლება მისგან.

2023 წლის სიმბოლო საკუთარი ხელით: კურდღელს ხელთათმნიდან ვკერავ

დაგჭირდებათ:

  • ქსოვილის ხელთათმანები, რბილი
  • მულინეს ძაფი
  • სინტეპონი
  • შავი მძივები
  • ქსოვილის ლენტები

ხელთათმანი გადმოაბრუნეთ. ხელისგულის ფართო მხარეს ოვალი დახაზეთ ისე, როგორც ფოტოზეა, თითების ადგილს არ შეეხოთ. შუა თითზე ხაზი დახაზეთ, რომ მისი ზომა არათითს გაუტოლოთ. ხაზები ქინძისთავებით დააფიქსირეთ. ხელთათმანი დახაზულ ხაზებზე ნემსით გაკერეთ.

გაკერილი ხაზიდან ოდნავ მოშორებით ზედმეტი ქსოვილი მოაჭერით. გადმოაბრუნეთ და სინტეპონით გაავსეთ. ხელთათმნის შუაში წრიული გვირისტულა გააკეთეთ. ძაფი დაქაჩეთ ისე, რომ კურდღლის თავი გააკეთოთ. ნემსით მასში სინტეპონი გაანაწილეთ.

ხელთათმნის ქვედა ნაწილიც სინტეპონით გაავსეთ და გაკერეთ. სათამაშოს 2 მძივი–თვალი მიაკერეთ. ძაფი არა მთელ თავში, არამედ ნაწარმში წელში გაატარეთ. ასე თავი სწორი მრგვალი ფორმის დარჩება. ფერადი ძაფებით კურდღლის წარბები, ცხვირი და პირი ამოქარგეთ.

გადაჭრილი თითებიც სინტეპონით გაავსეთ და ნახვრეტი გაკერეთ. კურდღელს გვერდებზე მიაკერეთ. ეს მისი თათებია. ცერა თითიდან კუდი გააკეთეთ და ზუსტად ისე მიაკერეთ. სათამაშოს ქვედა ნაწილში ხაზი შეგიძლიათ გაკეროთ და ასე წლის სიმბოლოს უკანა თათები შექმნათ.

სათამაშო მზადაა. ისღა დაგრჩენიათ, რომ კურდღელი ჭრელი ლენტით გააფორმოთ და ყველაზე თვალსაჩინო ადგილას მოათავსოთ. ჩემი პირველი ნამუშევარი სამზარეულოს მაგიდაზე ფიჭვის ტოტებით სავსე ლარნაკის გვერდით დევს. ძალიან სადღესასწაულოდ გამოიყურება. შობა–ახალ წელს გილოცავთ.

Advertisement