Connect with us

ჯანმრთელობა

მარტივი ვარჯიშები და რეკომენდაციები კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად

კარგი მხედველობა ჯანმრთელი და ხარისხიანი ცხოვრების ერთ–ერთი მთავარი მაჩვენებელია, რადგან გარემოდან ინფორმაციის 90%–ს ვიზუალურად აღვიქვამთ. ასაკში, ზოგჯერ ახალგაზრდობაში, თვალში სხვადასხვა დაავადებები ვითარდება.

როგორ ავიცილოთ უსიამოვნებები, როცა თვალების ტკივილი, ქავილი, მხედველობის სიმკვეთრის და ხარისხის დარღვევა გვაწუხებს? Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ რამდენიმე წესს, რომლებიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ, ასევე სახიფათო დაავადებებს თავიდან აგაცილებთ.

დაიმახსოვრეთ მთავარი წესები:

  • კარგად გამოძინება აუცილებელია. ახალგაზრდები ამას ხშირად უგულებელყოფენ, გვიანობამდე კომპიუტერთან სხედან. რეგულარული უძილობა მხედველობის ნერვს ასუსტებს და მხედველობა უარესდება;
  • თვალი დატვირთვის დროს უნდა დაასვენოთ. როცა გაჯეტს, კომპიუტერს იყენებთ, ტელევიზორს უყურებთ ან წიგნს კითხულობთ, თვალები პერიოდულად დაასვენეთ. 10-15 წუთი შესვენება საკმარისია.
  • ოთახში განათებას ყურადღება მიაქციეთ. მხოლოდ კარგად განათებულ ოთახში წაიკითხეთ წიგნი და გამოიყენეთ ელექტრომოწყობილობა. სიბნელეში თვალები ძლიერ იტანჯება;
  • სხეულის პოზას ყურადღება მიაქციეთ. რეკომენდებულია, მხოლოდ მჯდომარე პოზაში წაიკითხოთ. წიგნები საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან სიარულის დროს არ წაიკითხოთ. ეს თვალს ზედმეტად ღლის;
  • თვალების სრესვას გადაეჩვიეთ, რადგან ეს თვალის მდგომარეობისთვის სახიფათოა;
  • თვალისთვის სუფთა ჰაერზე ყოფნა, სეირნობა ძალიან სასარგებლოა. კვებაც მნიშვნელოვანია, რაციონი C, A, E ვიტამინებით გაამდიდრეთ.

პერიოდულად ექიმს მიმართეთ და მხედველობის ორგანოს მდგომარეობა შეამოწმეთ.

როგორ დავიცვათ ბავშვის მხედველობა

ადრე ბავშვი სათვალეებში იშვიათობა იყო, მაგრამ ახლა დასანანი სტატისტიკა გვაქვს: მსოფლიოში ყოველ მეოთხე მოსწავლეს მხედველობის პრობლემები აწუხებს. ბავშვს პატარაობიდანვე თვალზე ზრუნვა უნდა ასწავლოთ და ამ პრობლემის აქტუალობა გააგებინოთ.

ბავშვებს მხედველობის პრობლემის თავიდან აცილებაში რომ დაეხმაროთ, შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ:

  • გაჯეტების, კომპიუტერის ან ტელევიზორის მოხმარება მკაცრად დოზირებული უნდა იყოს. მაგალითად, 2-3 წლის ბავშვისთვის დღეში 20 წუთზე მეტხანს ტელევიზორის გამოყენება რეკომენდებული არაა. 4-7 წლის ბავშვისთვის ეკრანის წინ ყოფნა მხოლოდ 40-60 წუთით დაიშვება. უფრო ზრდასრულ ბავშვებს ელექტრომოწყობილობის გამოყენება დღეში მაქსიმუმ 2-3 საათით შეუძლიათ. ამასთან თვალები პერიოდულად უნდა დაასვენოთ.
  • მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდობაში სწავლა და ფიზიკური ვარჯიში კომბინირებული იყოს. ფიზკულტურის გაკვეთილებზე დასწრება, სუფთა ჰაერზე ვარჯიშის შესრულება აუცილებელია.
  • კვებაც არ დაგავიწყდეთ. ჯანმრთელი თვალების შესანარჩუნებლად ბავშვმა ვიტამინების სრული კომპლექსი უნდა მიიღოს. რაციონში სტაფილო და მისი წვენი ჩართეთ, რადგან ეს მხედველობის ნერვზე დადებით გავლენას ახდენს.

მშობლები შვილის მიმართ ძალიან ყურადღებიანი უნდა იყვნენ, მის ჩივილს მოუსმინონ, ჯანმრთელობის პრობლემები დროულად აღმოაჩინონ. ოფთალმოლოგთან რეგულარული გამოკვლევა უსიამოვნების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

ვარჯიშები თვალის ჯანმრთელობისთვის

ახლა ჩვენი ცხოვრება კომპიუტერით, ტელეფონით, ტელევიზორით, პლანშეტით და სხვა მსგავსი მოწყობილობით სავსეა. გახსოვდეთ, რომ მათი უკონტროლო გამოყენება მხედველობის პრობლემებს იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად ეკრანის წინ მუშაობისას ყოველი 1 საათის შემდეგ შეისვენეთ, მონიტორს 40-70 სმ–თი დაშორდით, თვალის დაღლილობის მცირე ნიშანზე შეისვენეთ და ვარჯიშები შეასრულეთ.

აი, რამდენიმე ვარჯიში, რომლებიც ჯანმრთელი თვალის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ:

  • „ზემოთ–ქვემოთ“. თვალით მზერა ზედა წერტილზე აიტანეთ, შემდეგ მაქსიმალურად ქვემოთ. ვარჯიში ნელა და თანმიმდევრულად შეასრულეთ.
  • „დახუჭობანა“. ხელისგულები ერთმანეთს გაუსვით და გაახურეთ. შემდეგ თვალებზე ჯვარედინად დაიდეთ. თვალები დახუჭეთ და ამ პოზაში 3-5 წუთით გაჩერდით.
  • „უსასრულობა“. თავი უმოძრაოდ და სწორად გააჩერეთ, თვალებით ვირტუალურად ჰორიზონტალური რვიანები „∞“ მოხაზეთ. ვარჯიში თითოეულ მხარეს 3-ჯერ შეასრულეთ.