თავის მოვლა
ზღვის მარილი სახის კანისთვის: 4 მარტივი რეცეპტი სახლის პირობებში მის გამოსაყენებლად
ზღვაზე დასვენების შემდეგ ჩვენი ორგანიზმი თითქოსდა განახლებული ხდება და სულ ტყუილად არა. საქმე არა მხოლოდ დასვენებას, კვებას, მზეს და ახალ ჰაერს ეხება. ამ ყველაფერში დიდ როლს ასრულებს ზღვის მარილი, რომელსაც სანაპიროზე ყოფნის დროს ჰაერიდან ვიღებთ.
ზღვის მარილის სასარგებლო თვისებების შესახებ ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ცნობილია. ჯერ კიდევ ძველი მკურნალები თვლიდნენ, რომ თუ ზღვის წყალში სიცოცხლე იბადება, ზღვის მარილი ნებისმიერი დაავადების განკურნებას შეძლებს.
სახის კანისთვის ზღვის მარილის სარგებელი უდავოა. უბრალოდ ნახეთ, თუ ზღვის მარილი რამდენი ტონიკის, კრემის, ნიღბის და სკრაბის შემადგენლობაში შედის. ზღვის მარილი დიდი რაოდენობით მიკრო და მაკროელემენტებს შეიცავს. ამაში დარწმუნდებით, თუ კანის პრობლემების მოსაგვარებლად ზღვის მარილის ერთ-ერთ მეთოდს გამოიყენებთ.
გამონაყარის საწინააღმდეგოდ
ზღვის მარილი აკნეს და გამონაყარს შესანიშნავად უმკლავდება. იმისთვის, რომ ხსნარი მოამზადოთ, 1 ჩ/კ მარილი და 3 ჩ/კ ცხელი წყალი აურიეთ. პირველ რიგში, სახის კანი გელით დაიბანეთ ან დასაბანი ტონიკით გაიწმინდეთ, შემდეგ მარილიანი ხსნარით რამდენიმე წუთით გაიწმინდეთ. პროცედურის დასრულების შემდეგ სახის კანი კრემით დაიტენიანეთ.
მარილის და წყლის ასეთ ხსნარში კარგი იქნება, თუ 1 ს/კ რომელიმე ნატურალურ საშუალებას, მაგალითად ალოეს, თაფლს ან მწვანე ჩაის დაამატებთ.
გაფართოებული ფორების საწინააღმდეგოდ
სახის კანის ფორების შესამცირებლად შეგიძლიათ ზღვის მარილის მარტივი ნიღაბი მოამზადოთ. უბრალოდ 2 ს/კ მარილი მცირე რაოდენობით წყალში გახსენით, კარგად აურიეთ და კანზე წაისვით, თვალის ირგვლივ კანს მოერიდეთ. ნიღაბს გაშრობა აცადეთ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ და კანი კრემით დაიტენიანეთ.
გაფართოებული ფორების საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ ზღვის მარილის გამოყენებით უფრო რთული ნიღაბი მოამზადოთ შვრიით, ავოკადოთი და თაფლით. ასეთი საშუალება მშრალი და კომბინირებული კანისთვის გამოდგება. ნიღბის მოსამზადებლად ¼ ავოკადოს რბილობს, მცირე რაოდენობით თაფლი, 2 ს/კ შვრია და ცოტა ზღვის მარილი დაუმატეთ. ყველა ინგრედიენტი აურიეთ, სახეზე 15-20 წუთით წაისვით და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ავოკადო და თაფლი კანს არბილებს, ხოლო მარილი ფორებს შევიწროებაში ეხმარება.
სახის კანის გამოსაკვებად და დასატენიანებლად
ზღვის მარილზე დაფუძნებით შეგიძლიათ სახის კანის დასატენიანებლად და გამოსაკვებად დიდებული ტონიკი მოამზადოთ. ამისთვის 1 ჭიქა მინერალური წყალი და 3 ჩ/კ მარილი დაგჭირდებათ. ორი ინგრედიენტი აურიეთ, შესაფერის ფლაკონში გადაიტანეთ და ჩვეულებრივი ტონიკის სახით გამოიყენეთ.
კანის ცხიმიანობის საწინააღმდეგოდ
როგორც ცნობილია, მარილი კანს აშრობს, ამიტომ ეს კომპონენტი ჭარბი ცხიმიანობის დროს იდეალური იქნება. გარდა ამისა, ასეთი სკრაბი კანს წმენდს და ათეთრებს, მას ისეთი სასარგებლო ნივთიერებებით ავსებს, როგორიცაა მაგნიუმი, იოდი და რკინა. ამ ჯადოსნური საშუალების მოსამზადებლად ზღვის მარილი და არაჟანი 1:2 პროპორციით აურიეთ. თუ თქვენი კანი სიმშრალისკენ მიდრეკილია, არაჟანი ზეითუნის ზეთით შეცვალეთ. თუ კანი ძალიან ცხიმიანია, 1 ჩ/კ ლიმონის წვენი დაუმატეთ.
სკრაბის გამოყენების დროს ფრთხილად იყავით. თუ სახის კანზე ანთებითი უბნები ან ჭრილობა გაქვთ, სკრაბმა შეიძლება კანი დააზიანოს და ინფექცია მთელ სახეზე გაავრცელოს.
დღეს სახის კანზე ზღვის მარილის გამოყენების შესახებ გიამბეთ, მაგრამ კოსმეტოლოგიაში მას რიგი სხვა ეფექტური გამოყენებაც აქვს. მაგალითად, ამ მარილის დახმარებით შეგიძლიათ სხეულის სკრაბი, პილინგი, ცელულიტის საწინააღმდეგო კრემი და სხვა კოსმეტიკური საშუალება მოამზადოთ. აუცილებლად სცადეთ და ზღვის მარილის სამკურნალო თვისებებში თავად დარწმუნდით.