Connect with us

ყვავილები

ზუსტი სახელმძღვანელო კარტოფილის მოსავლის ასაღებად და შესანახად

შემოდგომა მოახლოვდა და ყველა კარტოფილის მოსავლის აღებას იწყებს. ერთი შეხედვით, რთული, მაგრამ მარტივი საქმეა: ნიჩბით ბოლქვი ამოთხარეთ და კალათებში დაახარისხეთ. აქაც გარკვეული დეტალები არსებობს, რომლებიც მოსავლის ხარისხზე და მის შენახვაზე გავლენას ახდენს. Alltime.ge–ს რედაქცია ეცდება გაარკვიოს, როდის სჯობს კარტოფილის ამოღება.

ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ: დრო, ამინდი, მოსავლის აღების მეთოდი და შენახვისთვის მომზადება. ძალიან ადრე ამოღებისას კარტოფილი პატარა ზომისაა და თხელი ქერქი აქვს. სველი ბოლქვი დალპება. წვრილმანების ასეთი სია უსასრულოდ შეგვიძლია გავაგრძელოთ, მაგრამ ყველაფერი რიგის მიხედვით. დავიწყოთ, მოსავლის აღების დროით.

როგორ მივხვდეთ, როდის სჯობს კარტოფილის ამოღება

სწორი დრო მოსავლის ასაღებად

მებოსტნეების კალენდარში ხშირად ნახავთ, რომ კარტოფილის მოსავლის ასაღებად ოპტიმალური დრო აგვისტოს ბოლოდან და სექტემბრის დასაწყისამდეა (10 რიცხვამდე). ეს ვადა დარგვის დროის, სახეობის და მოვლის ხარისხის მიხედვით იცვლება. სწორედ ამიტომ, სჯობს სხვა ნიშნებით იხელმძღვანელოთ.

თუ ფოჩი გახმა, დროა ნიჩაბს ხელი მოკიდოთ. დრო დიდხანს არ გაწელოთ, რადგან გვიან შეგროვებული მოსავალი ცუდად ინახება. კარტოფილი მაქსიმუმ 3 კვირის განმავლობაში ამოთხარეთ.

ზოგჯერ ფოჩი ჯერ კიდევ მწვანეა, მაგრამ გარეთ ნაადრევი ყინვები დაიწყო. მცენარე დაზიანებული ტოტების აღდგენას ეცდება, ამისთვის კი ბოლქვიდან აუცილებელი ნივთიერებებს დახარჯავს. ამ შემთხვევაშიც უნდა აჩქარდეთ.

გვიანდელი სახეობის შემთხვევაში მიწისზედა ნაწილი ზრდას კიდევ დიდხანს გააგრძელებს. ამ დროს სჯობს ფოჩი გადაჭრათ. ასე კარტოფილის მომწიფებას დააჩქარებთ. მცენარე მაქსიმალურად სრულყოფილად რომ განვითარდეს, პროცედურა მოსავლის აღებამდე 1-1,5 კვირით ადრე ჩაატარეთ.

ფოჩი სასწრაფოდ უნდა გადაჭრათ, თუ ბუჩქს ფიტოფთორი თავს დაესხა. კვლებიდან ღეროები შეაგროვეთ და დაწვით, ხოლო ნაყოფი მიწაში 2-3 კვირა გასაძლიერებლად გააჩერეთ.

ამინდის პირობები

კარტოფილის მომწიფების დაჩქარება რამდენიმე მეთოდით შეიძლება: კარგი მიწა, სწორი და დროული მორწყვა, შესაფერისი სასუქის მიწოდება. აი, ამინდის გაკონტროლება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, ამინდის პროგნოზს ყოველთვის თვალი ადევნეთ.

  • გადაბმული წვიმების პროგნოზის შემთხვევაში მოსავლის აღება მანამდე მოასწარით. ზედმეტი სითხე შენახვის უნარზე გავლენას ახდენს.
  • ოპტიმალური ტემპერატურა მოსავლის ასაღებად: 10-17 გრადუსი სითბო. უფრო დაბალ ტემპერატურაზე ძირნაყოფი გაშავდება.
  • კარტოფილი მზიან ამინდზე უნდა აიღოთ, რომ ბოლქვები კარგად გაშრეს. ცივ, შემოდგომის დილას ამის გაკეთებას მოერიდეთ.
  • მოსავლის აღება ყინვების დაწყებამდე მოასწარით.

რით და როგორ ავიღოთ

ამ საკითხში მებოსტნეების აზრი იყოფა. ზოგი ირწმუნება, რომ ფიწალით ამოთხრა უფრო მარტივი და ეფექტურია, ვიდრე ნიჩბით. სინამდვილეში, დიდი განსხვავება არააა. საქმე, უფრო ჩვევაშია. ბოლქვის დაზიანება როგორც ერთი, ასევე მეორე ინსტრუმენტით შეიძლება.

როცა მიწა საკმაოდ ფხვიერია, შეგიძლიათ კარტოფილი მიწიდან ხელით ამოიღოთ და შეაგროვოთ. დანარჩენი ფიწალით ფრთხილად ამოთხარეთ. მკვრივი მიწისთვის სტანდარტული სქემა: კუთხე განსაზღვრეთ და ამოთხარეთ.

შენახვისთვის მომზადება

მოსახერხებელია, თუ მოსავალს დაუყონებლივ დაახარისხებთ: დასარგავად, საჭმელად და დაზიანებული ბოლქვები. კარტოფილი არ ჩაყაროთ, ფრთხილად ჩადეთ, რომ არ დაჭყლიტოთ. დასარგავი მასალაც დაახარისხეთ და ცოტა ხნით ზედაპირზე დატოვეთ. ნაყოფი სინათლისგან გამწვანდება. ამ ხრიკით მოსავალს მღრღნელებისგან დაიცავთ.

კარგია, როცა კარტოფილს სუფთა ჰაერზე, მზის ქვეშ აჩერებთ. ფარდულში პროცესი ხანგრძლივდება და ყოველთვის ხარისხიანი არაა. მხოლოდ მაშინ გამოგადგებათ, თუ წვიმიანი ამინდებია. გამშრალი კარტოფილის სარდაფში შენახვა არ იჩქაროთ.

მთელი რიგი პრობლემები არსებობს, რომელთაც ცოტა ხანში შეამჩნევთ. ერთ დაზიანებულ კარტოფილს მთელი მოსავლის გაფუჭება შეუძლია. სარდაფში ამას დროულად ვერ შეამჩნევთ. ხოლო გარეთ პრობლემის წყაროს მარტივად აღმოფხვრით.

გარდა ამისა, ოპტიმალური პირობების შექმნით კარტოფილი სრულად მომწიფდება. მაღალი ტენიანობით (90-95%) და 10-18 გრადუსი ტემპერატურით უზრუნველყავით. ასე ბოლქვები ზამთრისთვის შესანახად სრულად მზად იქნება.

სასურველია, მოსავალი ასეთ პირობებში 1-1,5 თვე შეინახოთ. თუ კარტოფილი ყუთებში ან ტომრებში შეინახეთ, დარწმუნდით, რომ მასალა ჰაერს კარგად ატარებს. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ ბოლქვები სარდაფში გაუშვათ.

თვლით, რომ ამდენი რამ აუცილებელი არაა? მაშინ რა საჭიროა კარტოფილის დარგვა? მთავარი მიზანია, გაზაფხულამდე მინიმალური დანაკარგით შეინახოთ. ასე რომ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, როდის ამოთხაროთ კარტოფილი, და დაიცვათ მარტივი რეკომენდაციები. შესაძლოა თქვენ სხვა საიდუმლო მეთოდების შესახებ იცით? გაგვიზიარეთ!