ტესტები
ვიზუალური ტესტი დაგეხმარებათ გაიგოთ ტვინის რომელი ნახევარსფერო დომინირებს თქვენზე
ტვინი მეცნიერებისთვის დღემდე დიდ ამოცანად რჩება, რომელზეც მუშაობა კიდევ ათწლეულები ან ასწლეულები მოუწევთ. ბევრი რამ უკვე ცნობილია. მაგალითად, ვიცით, რაზეა პასუხისმგებელი ტვინის ნახევარსფეროები, როგორ ვავარჯიშოთ უკეთ და აუცილებელია თუ არა ასეთი ვარჯიშები. არსებობს ტესტები იმის გასაგებად, თუ რომელი ნახევარსფერო დომინირებს კონკრეტულ ადამიანზე. ამის შესახებ Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ.
რაზეა პასუხისმგებელი ტვინის ნახევარსფეროები
ყველასთვის ცნობილია, რომ მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროები არსებობს. ამ ნახევარსფეროებს შორის მდებარეობს კორძიანი სხეული, რომლის მეშვეობით ისინი ერთმანეთში ინფორმაციას ცვლიან. ითვლება, რომ ორივე ნახევარსფერო ერთნაირად განვითარებული უნდა იყოს, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა.
მარცხენა ნახევარსფეროს მუშაობა
მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანი მარცხენა ნახევარსფეროს დახმარებით ანალიზს და ლოგიკურად აზროვნებას ახერხებს. მაგალითად, ტვინის ეს ნაწილი გვეხმარება ენის ათვისებაში, მეტყველების კონტროლში, წერასა და კითხვაში, თარიღების და მოვლენების დამახსოვრებაში. სხეულის მარჯვენა ნაწილის მუშაობაზე მარცხენა ნახევარსფეროა პასუხისმგებელი. მისი დახმარებით ადამიანს რიცხვებთან მუშაობა და მათემატიკური ამოცანების ამოხსნა შეუძლია.
ადამიანი, რომელშიც მარცხენა ნახევარსფერო დომინირებს, როგორც წესი, ორგანიზებულია, სიზუსტე და წესრიგი უყვარს, პუნქტუალურია. ემოციებს აკონტროლებს. გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ საღი აზრით ხელმძღვანელობს. გამჭრიახი, გონიერი და ოპტიმისტია. გრძელვადიანი გეგმების დასახვა შეუძლია, რომელთაც შემდეგ ცხოვრებაში ახორციელებს.
ექსპერტების თქმით, პლანეტაზე ადამიანების დაახლოებით 30%–ზე ტვინის მარცხენა ნახევარსფერო დომინირებს. მარცხენა ნახევარსფეროს მუშაობის განვითარება შესაძლებელია. თან ამის გაკეთება შეგიძლიათ ფიზიკური ვარჯიშით, რომელიც სხეულის მარჯვენა ნაწილით სრულდება. დამატებით, ამოცანების, კროსვორდების, თავსატეხების ამოხსნა სასარგებლოა.
მარჯვენა ნახევარსფეროს მუშაობა
ადამიანი მარჯვენა ნახევარსფეროს დახმარებით გამოსახულებებით მოქმედებს, სივრცეში ორიენტაციას ახერხებს, ოცნებობს და ფანტაზირებს, სახეებს ამოიცნობს, მინიშნებებს ხვდება და სასწაულების სჯერა. ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო სხეულის მარცხენა ნაწილის მუშაობას აკონტროლებს.
ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს უპირატესობა ემოციურ ადამიანებს ახასიათებთ. ასეთი ადამიანი უმიზეზოდ იწყენს და თავშეუკავებლად მხიარულობს. ზოგჯერ ემოციები საღ აზრზე იმარჯვებს. ასეთი ადამიანი კომპრომისზე იშვიათად მიდის. სიტყვაზე, მარჯვენა ნახევარსფერო დომინირებს მოქანდაკეებში, მხატვრებსა და მსახიობებში.
ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს გასავითარებლად სხეულის მარცხენა ნაწილი ხშირად გამოიყენეთ. მაგალითად, მემარჯვენემ მარცხენა ხელით ხატვა და წერა აქტიურად უნდა დაიწყოს, მარცხენა ფეხზე იხტუნოს. სხვადასხვა სამხატვრო გამოფენების მონახულება, ლექსების დამახსოვრება, კითხვა სასარგებლოა.
ქვემოთ მოცემული საინტერესო ვიზუალური ტესტი დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ რომელი ნახევარსფერო დომინირებს თქვენში.
ექსპერტები ირწმუნებიან, რომ თითოეულმა ადამიანმა ორივე ნახევარსფერო უნდა განავითაროს. აზროვნებისას ორივე ნახევარსფერო ერთად მუშაობს. ტვინმა კარგი ეფექტურობა რომ აჩვენოს, ორივე ნახევარსფერო კარგად განვითარებული უნდა გქონდეთ.