ყვავილები
დადგა დრო: როდის დავრგოთ კიტრი ღია ნაკვეთზე
ალბათ, კიტრზე უფრო პოპულარული ბოსტნეული არ არსებობს. კიტრის გაზრდა რთული საქმე არაა, მაგრამ შესაშური მოსავლის მისაღებად ბევრი დეტალი უნდა გაითვალისწინოთ. უნდა იცოდეთ, სად და როდის დარგოთ ღია მიწაში, როგორ შეარჩიოთ იდეალური ადგილი და სწორი წინამორბედები.
კიტრის სწორი სახეობის შერჩევა, სწორი მორწყვა, დროული გამოკვება, მავნებლებისგან დაცვა – ამის შესახებ Alltime.ge–ს დღევანდელი სტატიიდან გაიგებთ.
როდის დავრგოთ კიტრი ღია ნაკვეთზე
ვირჩევთ ადგილს
კიტრი გოგრისებრთა ოჯახის წარმომადგენელი და სითბოს მოყვარული კულტურაა. სწორედ ამიტომ, სამხრეთ მხარე მისთვის იდეალურია. ასეთი ადგილი უკეთ განათებული და ცივი ქარისგან დაცულია.
თუ თქვენს ნაკვეთზე ფერდობები არაა, სიმინდის, მზესუმზირას და პარკოსნების ცოცხალი ღობე დაგეხმარებათ. ეს ნარგავები ცივ ჰაერს დაბლოკავენ და მცხუნვარე მზისგან დაიცავენ, ნაკვეთზე შესაფერის მიკროკლიმატს შექმნიან.
გახსოვდეთ, რომ კიტრს ორგანული ნივთიერებებით მდიდარი მიწა უყვარს და წყლის დაგუბებას ვერ იტანს. კიტრის კარგი წინამორბედებია ჭარხალი, ხახვი და ნიორი. ამ მცენარეებს კიტრის მსგავსი დაავადებები და სახიფათო მწერ–მავნებლები არ აქვთ. ასევე კარგია პარკოსანი კულტურებიც, რომლებიც ნიადაგს აზოტით ამდიდრებენ.
ვირჩევთ დროს მთვარის კალენდრის და ნიშნების მიხედვით
კიტრის დასარგავად საუკეთესო დროა შუა მაისი, როცა ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსს აღწევს. დარგვამდე მიწა მოამზადეთ, გათოხნეთ, ნაკელით გაანაყოფიერეთ, შემდეგ თესლი მოამზადეთ.
დასათესად ზუსტი თარიღის შერჩევა მთვარის კალენდრის გამოყენებით შეგიძლიათ. მზარდი მთვარის ფაზები ხელსაყრელია. 2021 წელს ეს იქნება 6, 15-17, 20-21, 25-28 მაისი, ასევე 2, 3-4, 16-18, 30 ივნისი.
ხალხურ ნიშნებს თუ დავუჯერებთ, კიტრის დასარგავად საუკეთესო დროა პერიოდი, როცა აყვავებულ ვაშლის ხეს ფურცლები სრულად დაცვივდება და ბაბუაწევრა აყვავილდება. ძველად კიტრს 28 მაისს რგავდნენ, წმინდა პახომი დიდის ხსენების დღეს.
ვთესავთ კიტრის თესლს
თესლის დათესვით ნერგების მოყვანაზე დროს აღარ დაკარგავთ. მანამდე თესლის დაკალიბრება და დეზინფექცია აუცილებელია. მხოლოდ მსხვილი, თანაბარი და ღია თესლი გამოიყენეთ. სადეზინფექციოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ „ფიტოსპირინი“ ან 1 %–იანი მარგანცოვკის ხსნარი.
ორგანული მეურნეობის მომხრეები გვირჩევენ მარგანცოვკის ნაცვლად გამოვიყენოთ ნივრის ნაყენი (3-4 კბილი 100 მლ წყალზე) ან ალოეს ხსნარი (50 მლ წვენი 50 მლ წყალზე). 30 წუთით დაამუშავეთ და თესლი სუფთა წყალში გარეცხეთ.
კარგი თესლი მრგვალ ორმოებში ან გრძელ კვლებში დათესეთ. კვლები თოხით გააკეთეთ. რიგებს შორის მინიმუმ 40 სმ დაშორება უნდა იყოს, რადგან მომავალში კიტრი ძლიერ იზრდება და ერთმანეთში იხლართება.
თესლები 5 სმ სიღრმეში, ერთმანეთისგან 20 სმ დაშორებით დათესეთ. ამის შემდეგ მიწა მოაყარეთ და მორწყეთ. თუ ორმოებში რგავთ, თითოეულში 2 თესლი დათესეთ, ორმოს სიღრმე დაახლოებით 5 სმ უნდა იყოს, ორმოებს შორის დაშორება – 60 სმ.
გამოკვება და მორწყვა
სასუქი შეიძლება იყოს მინერალური და ორგანული, მიწოდების მხრივ ფესვური ან ფოთლოვანი. სასუქის სწორად შესარჩევად მათი მახასიათებლები უნდა იცოდეთ.
კიტრის ფესვები 10-12 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე მიწიდან მკვებავ ნივთიერებებს შესანიშნავად ითვისებს. სიცივეში მუშაობის ეფექტურობა მცირდება. ამ შემთხვევაში სასუქის ხსნარით დანამვა დაგეხმარებათ. სასუქის გამოცდილი რეცეპტი ამინდის პირობების, ნაკვეთის მიწის თვისებების და ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით აირჩიეთ.
ნაყოფის ზრდისა და ფორმირების დროს ბევრი წყალი სჭირდება. შესაძლებლობის მიხედვით თბილი წყლით მორწყეთ. ყვავილობამდე ყოველ 6-8 დღეში, ნაყოფიერების დროს ყოველ 3-4 დღეში. ფანატიზმის გარეშე, თუ წვიმა წამოვიდა, მორწყვა გამოტოვეთ.
მოსავლის დროულად აღება არ დაგავიწყდეთ. მომწიფებული კიტრი მცენარეს ბევრ ძალას ართმევს და ახალ კიტრს განვითარების საშუალებას არ აძლევს. ამიტომ მოსავალი დროულად აიღეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დიდი, წყლიანი და უგემური გახდება. ოპტიმალურია, ახალი კიტრი ყოველ 4 დღეში მოწყვიტოთ.