ყვავილები
გავზარდოთ ნამდვილი კივი პირდაპირ ფანჯრის რაფაზე. აი, როგორ უნდა მოიქცეთ
კივის გაზრდა საკმაოდ რეალურია, თან ეს გასართობია და ზედმეტ ხარჯებს არ მოითხოვს. თქვენ უბრალოდ უახლოეს მაღაზიაში ყველაზე მწიფე კივი უნდა შეიძინოთ. ის რბილი და დაზიანების გარეშე უნდა იყოს. კივის რამდენიმე პოპულარული სახეობა არსებობს, მაგრამ ყველას სახლის პირობებში გაზრდა და განვითარება არ შეუძლია.
კივს ძალიან უყვარს სითბო და სინათლე, ამიტომ მის დასარგავად და გასაზრდელად ადგილი მზიან თაროზე უნდა შეარჩიოთ, სადაც მას ორპირი ქარი არ შეაწუხებს. დასარგავად საუკეთესო დრო მარტი-მაისის პერიოდია.
როგორ გავზარდოთ კივი სახლში
ხილი გარეცხეთ და რამდენიმე ნაწილად დაჭერით. რბილობი დაჭყლიტეთ და მიღებული ფაფა თბილი წყლით სავსე ჭიქაში მოათავსეთ. აურიეთ და ოდნავ გაგრილება აცადეთ.
კარგად გარეცხეთ, რომ რბილობი მოაშოროთ და მხოლოდ ზედაპირზე მოცურავე თესლები დაგრჩეთ. თესლები სალფეთქზე გადმოიტანეთ და გააშრეთ. 2-4 საათის შემდეგ თესლები ბამბაში ან ქსოვილში შეახვიეთ და თეფშზე დადეთ. ცოტა ცხელი წყალი დაუმატეთ, რომ ქსოვილი გაჟღინთოთ, მაგრამ თეფშის დახრის დროს წყალი არ უნდა იღვრებოდეს.
თესლს პოლიეთილენის პარკი გადააფარეთ და თბილ მზიან ადგილას დადგით. ღამით პარკი მოხსენით. დილით საჭირო რაოდენობის წყალი დაასხით. 7-10 დღეში კივის თესლი გაღვივებას დაიწყებს.
მცენარისთვის შესაფერისი ქოთანი შეარჩიეთ და ძირში გაფართოებული თიხა ჩაყარეთ. მზა, ტროპიკული სუროსთვის განკუთვნილი ნიადაგი გამოიყენეთ. 2 საათით წყლის ორთქლზე გააჩერეთ. ნიადაგში 5-10 მმ-ით სიღრმეში 2-3 თესლი მოათავსეთ. მიწა ოდნავ მოაყარეთ, ოთახის ტემპერატურის წყალი დაასხით და პოლიეთილენის პარკი მჭიდროდ დაახურეთ. ქოთანი თბილ მზიან ადგილას დადგით.
3-6 დღეში პირველი აღმონაცენები გამოჩნდება, უკვე ამ ეტაპზე უპერსპექტივო და არასაჭირო აღმონაცენები მოაშორეთ. მხოლოდ დაყენებული წყლით ზომიერად მორწყეთ. ზამთარში კივის აღმონაცენების ზრდა ნელდება და თვეში 2-3-ჯერ მორწყვა საკმარისი იქნება. ვეგეტაციის პერიოდში (გაზაფხული და ზაფხული) მცენარეს უფრო მეტი ტენიანობა სჭირდება, ამიტომ კვირაში 2-ჯერ უნდა მორწყათ. გარდა ამისა, ცხელ ზაფხულში კივი წყლით ხშირად უნდა დანამოთ.
რეგულარულად ზედმეტი მცენარეებისგან გაათავისუფლეთ, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. ადრეულ ეტაპზე შეგიძლიათ მიწიდან მოწყვიტოთ, მოგვიანებით ამის გაკეთება გაგიჭირდებათ, რადგან კივის ფესვების სისტემა საკმაოდ სწრაფად იზრდება. საუკეთესო ვარიანტი იქნება არასასურველი ტოტის მოჭრა.
როცა მცენარე 10-12 სმ სიმაღლეს მიაღწევს, ცალკე ქოთანში გადაიტანეთ. თუ ამას არ გააკეთებთ, ზრდა შენელდება. ხელსაყრელ პირობებში კივი ყვავილობას და ნაყოფის გამოღებას უკვე მესამე ან მეოთხე წელს დაიწყებს.
კივის გაზრდის ასეთი მეთოდი თავად გამოცადეთ და ეს ტროპიკული მცენარე ყოველდღე გაგახარებთ. რამდენიმე წელში კი მისი ნაყოფის დაგემოვნებას შეძლებთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.