Connect with us

ყვავილები

ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიში ოთახის მცენარეები

ბევრ ჩვენგანს ყავს ოთახის მცენარეები რაფებზე. ბევრი მათგანი ჰაერს წმენდს და დადებით ენერგიას ქმნის, მაგრამ, ზოგიერთ მათგანს ზიანის მოტანაც შეუძლია. ეს ზიანი კი უფრო საშიში მაშინ ხდება, როდესაც სახლში პატარებიც გვყავს. გარდა იმისა, რომ ზოგიერთ მცენარეს ალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლია, ბავშვმა თავისი მომატებული ინტერესის გამო, შეიძლება მათი ფოთლების ან ყვავილების გემოს გასინჯვა გადაწყვიტონ, ამან კი ზოგიერთი ყვავილის შემთხვევაში შეიძლება ლეტალურ შედეგამდე მიგვიყვანოს.

ოთახის შხამიანი მცენარეები

ციკლამენი (სპარსული ყოჩივარდა)

ითვლება, რომ ყოჩივარდა ცუდ სიზმრებსა და შიშებს აშორებს, მისი დადება საძინებელში, საწოლის თავთან არის რეკომენდებული. ნუ ვიდავებთ მის მაგიურ თვისებებზე, თუმცა მის შხამიანობაზე ნამდვილად გაგაფრთხილებთ.

ზოგჯერ მისი ძირების წვენის ჩაწვეთებას ჰაიმორიტის დროს ურჩევენ ხოლმე და გახსოვდეთ, რომ ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. გარდა იმისა, რომ შეიძლება ლორწოვანი გარსი დაგწვათ, სიცხის მატების, ყელის ტკივილისა და სუნთქვის გაუარესების პრობლემის წინაშეც შეიძლება დადგეთ. ამ მცენარის ყველაზე შხამიანი ნაწილებია – თესლი და ფესვები, მათმა წვენმა შეიძლება კანის გაღიზიანება ან შეშუპებაც გამოიწვიოს.

ამარილისი ბელადონა

მცენარის ბოლქვი ალკალოიდ ლიკორინს შეიცავს. პატარა დოზებით მას ამოხველების ეფექტი აქვს, ხოლო დიდი დოზით კი ღებინებას იწვევს. თუ შემთხვევით მცენარეს ფოთოლი მოტყდება და რძიანი წვენი გამოივა, ხელები კარგად დაიბანეთ და თვალებს არ შეეხოთ.

დიფენბახია

მცენარეს ოთახში ჰაერის ქიმიური შემადგენლობის გაუმჯობესება შეუძლია. თუმცა არ გირჩევთ მის ბავშვების ოთახში ან საძინებელში დადგმას. ამ მცენარის წვენი შხამიანია, განსაკუთრებით კი ღეროს წევნი. ამან შეიძლება საჭმლის მონელების სერიოზული პრობლემები ან სუნთქვის გაუარესება გამოიწვიოს, ასევე იწვევს სახისა და ხელის კანის დამწვრობასაც.
ამ მცენარეს აჯობებს ხელთათმანით მოუაროთ. მისი გაჩერება საბავშვო ბაღებში კატეგორიულად აკრძალულია.

გერანი

ეს მცენარე უდავოდ სასრგებლოა. ერთის მხრივ ის არაჩვეულებრივი ანტისეპტიკია, გვეხმარება სტრესის მოხსნაში, ხსნის ტკივილს ოტიტისა და ანგინის დროს. თუმცა, მეორეს მხრივ მისმა სუნმა შეიძლება ასთმა და ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.

გერანი უნდა მოარიდოთ ორსულებს, სისხლში შაქრის დაბალი დონის შემცველობის მქონე პირებს, მათ ვინც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს მოიხმარს და ასევე პატარა ბავშვებსაც.

კაქტუსები

ისინი შხამიანები არ არიან. მთავარ საშიშროებას მათი ეკლები წარმოადგენენ. ამიტომ აჯობებს თუ მათ ბავშვებისგან შორს დადგამთ.

კაქტუსის ზოგიერთი სახეობა, მაგალითად: ტრიქოცერეუსი ჰალუცინოგენებს შეიცავს, რამაც შესაძლოა ცენტრალური ნერვული სისტემის დამბლა გამოიწვიოს, მისი მოქმედება ნარკოტიკ ელესდეს ეფექტის ტოლფასია.

რძიანა

რძიანას წვენმა შესაძლოა დამწვრობა გამოიწვიოს, პირში მოხვედრის შემთხვევაში იწვევს ღებინებას, დიარეას, თავბრუსხვევას და ლორწოვანი გარსის დამწვრობას. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, სწორედ ამ მცენარეს დაინახავთ ყველაზე ხშირად სკოლის რაფებზე.

ზოლიანი ალოე

უძვირფასეს და ყველასთვის საყვარელ ალოეს, ორი შხამიანი თანამოძმე ჰყავს – ზოლიანი ალოე და წითელი ალოე (მწარე ალოე, Aloe ferox). ამ მცენარეების ყველა ნაწილი შხამიანია. ამ ორი სახეობის სამკურნალო მიზნებით გამოყენება კატეგრიულად აკრძალულია. მათ შეიძლება კუჭის ან საშვილოსნოს სისხლდენა გამოიწვიონ, ხოლო ორსულებში კი მუცლის მოშლა.

ჰორტენზია

ამ მცენარის ყველა ნაწილი შხამიანია. მასთან შეხება აბსოლუტურად უსაფრთხოა, თუმცა თუ თქვენს ორგანიზმში შემთხვევით მისი წვენი მოხვდება – ოფლიანობას გამოიწვევს, გააუარესებს სისხლის ცირკულაციას, გამოიწვევს კუჭის ტკივილს, ქავილს, ღებინებას და კუნთების სისუსტეს.

აგლაონემა ცვალებადი

ამ მცენარის წვენი და კენკრა შხამიანია. წვენმა შეიძლება შეშუპება და მტკივნეული შეგრძნებები გამოიწვიოს პირსა და ყელში, ხოლო თვალთან კონტაქტის დროს კი კონიუქტივიტი.

თუ აქ ჩამოთვლილი მცენარეებიდან ზოგიერთი უკვე გაქვთ სახლში, აჯობებს ისინი ბავშვებისგან მოშორებით, მათგან დაცულ ადგილას განათავსოთ. კატის ყოლის შემთხვევაში კი ქოთანს ძირზე საკვები ცელოფანი შემოახვიეთ. ზოგჯერ კატები ფოთლებს ღეჭავენ წყურვილის მოსაკლავად, ასე რომ მათ მეტი წყალი დაუსხით და მცენარეებიც მოაშორეთ. თუმცა ყველაფერს აჯობებს, თუ საერთოდ მოიშორებთ ასეთ მცენარეებს.