თავის მოვლა
ასე არ გააკეთოთ! 10 შეცდომა, რომელსაც ფენით გაშრობის დროს ხშირად უშვებენ
თმას ფენით ხშირად ივარცხნით? შეამოწმეთ, ხომ არ უშვებთ ერთსა და იმავე შეცდომას, რომელიც თქვენს თმას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.
1. მაქსიმალური ტემპერატურის რეჟიმს ირჩევთ
რა თქმა უნდა, თმის სწრაფად გაშრობის ცდუნება დიდია, მაგრამ თუ დრო გაქვთ, თმა ზომიერ ტემპერატურაზე გაიშრეთ. ძალიან ცხელი ჰაერი თმას ტენიანობას ართმევს და შეიძლება თმის ბოლოების გაყოფა გამოიწვიოს.
თუ მაქსიმალური ტემპერატურის რეჟიმის გამოყენება გიწევთ, დავარცხნა ყოველთვის ცივი ჰაერით დაასრულეთ.
2. არასწორ სავარცხელს იყენებთ
თუ თმის გაშრობის დროს მრგვალ სავარცხელს ან სავარცხელ–ნიჩაბს იყენებთ, უსიამოვნო შედეგებისთვის მზად უნდა იყოთ. სველი თმის ბრაშინგმა შეიძლება თმის გამოშრობა და დაზიანება გამოიწვიოს. სჯობს ჯერ თმა გაიშროთ, შემდეგ თითებით დაივარცხნოთ და ბოლოს სავარცხელი გამოიყენოთ.
3. დაბანის შემდეგ დაუყონებლივ ფენით იშრობთ
თუ დრო გაქვთ, ფენის გამოყენებამდე თმას ბუნებრივად გაშრობა აცადეთ. ახალ დაბანილი თმის გაშრობა უფრო მეტ დროს წაგართმევთ და უფრო მეტ ზიანს მოგაყენებთ.
4. თმის გაშრობას ბოლოებიდან იწყებთ
ეს სერიოზული შეცდომაა! სტილისტები გირჩევენ, რომ თმის გაშრობა ყოველთვის ძირებიდან დაიწყოთ და თანდათანობით ბოლოებისკენ გადახვიდეთ. პირველ რიგში, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ წინა თმას, რომელიც სახეს ფორმას აძლევს. შემდეგ გვირგვინს მიხედეთ და ბოლოს კეფისკენ გადადით.
5. თმას ზონებად არ ყოფთ
სალონში დავარცხნის საიდუმლო თმის თანდათანობით გაშრობაა. თმა ფენებად დაყავით (3-4 ფენა საკმარისი იქნება) და შემდეგ თანდათან გააშრეთ და დაივარცხნეთ. ამისთვის სხვადასხვა ზომის მრგვალი სავარცხელი გამოიყენეთ.
ბუნებრივი ტალღების შესაქმნელად, თმა წრიულად დაიხვიეთ, სარჭებით დაიმაგრეთ და შემდეგ გაიშრეთ – ჯერ ცხელი, შემდეგ ცივი ჰაერით.
6. თერმოდამცავ საშუალებებს არ იყენებთ
ამას ნებისმიერი სტილისტი გეტყვით: თერმოდაცვა ერთადერთი მეთოდია, რომ ფენით გაშრობისას თმის დაზიანება თავიდან აიცილოთ. აირჩიეთ ის, რომელიც თქვენ ყველაზე უფრო შეგეფერებათ – მოცულობისთვის, ბზინვარებისთვის, დამატებითი დატენიანებისთვის და ა.შ. საშუალება სველ თმაზე ფენით გაშრობამდე წაისვით.
7. ცუდი ხარისხის ფენს იყენებთ
როგორც ნებისმიერი ტექნიკის შემთხვევაში, იაფი მოდელების ცუდი ხარისხი უფრო დიდ ზიანს მოგაყენებთ, ვიდრე სარგებელს. ფენის არჩევის საკითხს სერიოზულად შეხედეთ – ეკონომია თქვენი თმის ჯანმრთელობის ფასად არ ღირს.
8. უკვე მშრალ თმას იშრობთ
ზოგიერთი ქალი ფენს უკვე მშრალი თმის დასავარცხნად იყენებს. ასე გაკეთება არ შეიძლება! გამომშრალი თმა ბზინვარებას სწრაფად კარგავს და მტვრევადი ხდება.
ამ შემთხვევაში თმის დასავარცხნად სპეციალური შრატები გამოიყენეთ.
9. თმის ბოლოებს არასწორად იშრობთ
თმის ბოლოები მოვლილი და გლუვი რომ იყოს, სტილისტები გირჩევთ, რომ სავარცხელზე თმა ჯერ ფენით გააცხელოთ, შემდეგ ცივი ჰაერის ნაკადით დავარცხნოთ.
10. ფენს არასდროს წმენდთ
ფენის უკანა ნაწილის ბადეში წარმოუდგენელი რაოდენობის მტვერი და ჭუჭყი გროვდება, რაც ფენის მუშაობაზე დადებითად არ აისახება. ფენი ჭუჭყისგან რეგულარულად გაწმინდეთ. ასე მოწყობილობის გადახურებას თავიდან აიცილებთ და ნაკადის ძალას გააუმჯობესებთ.