სახლი და დიზაინი
როგორ მოვუაროთ ხის ჭურჭელს? მარტივი რჩევები, რომელბიც მათ პირვანდელ იერს დაუბრუნებს
ბოლო დროს აქტუალური გახდა ნატურალური მასალისგან დამზადებული ჭურჭლისა და ინსტრუმენტების გამოყენება. თუმცა, თუ თიხისა და კერამიკული თეფშების მოვლა მარტივია, ხის ჭურჭელი განსაკუთრებულ ყურადღებასა და მოვლას მოითხოვს.
იმისათვის, რომ ხის ინსტრუმენტები მალე არ გაფუჭდეს, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები. ისინი დაუბრუნებს ხის ნივთებს პირვანდელ იერს და გაახანგრძლივებს მათი ექსპლუატაციის ვადას.
როგორ მოვუაროთ ხის ჭურჭელს სწორად
იმისთვის, რომ შეძენილი ხის ჭურჭელი დიდი ხნით გამოიყენოთ, მიჰყევით მარტივ რჩევებსა და რეკომენდაციებს:
1. გარეცხეთ ყველა ინსტრუმენტი გამდინარე წყლის ქვეშ ყოველი გამოყენების შემდეგ. კარგი იქნება, თუ თავიდან სოდით გახეხავთ, ხოლო შემდეგ თბილი წყლით გაავლებთ და სრულ გაშრობამდე ოთახის ტემპერატურაზე გააჩერებთ.
2. კვირაში ორჯერ მაინც გაწმინდეთ ხის ინსტრუმენტები ჩვეულებრივი ძმრით. ეს დეზინფექციისთვის იდეალური საშუალებაა, რომელიც დაგიცავთ ნაწლავის ჩხირების, სალმონელასა და სტაფილოკოკისგან.
3. უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად, გამოყენებისთანავე გაწმინდეთ ჭურელი ქვამარილით, ლიმონის წვენით ან საკვები სოდით და გააჩერეთ 3 წუთით. შემდეგ უბრალოდ გაავლეთ თბილი წყლით და გააშრეთ.
4. შეინახეთ ხის ჭურჭელი მხოლოდ მშრალად. ასე ბაქტერიების გამრავლებას შეუშლით ხელს.
5. თვეში ორჯერ მაინც გახეხეთ ხის დაფები წვრილი შალაშინით. ასეთი ხერხი შეუნარჩუნებს დაფებს სიგლუვეს და მოაშორებს ჩამჯდარი საკვების ნაწილაკებს. შეგიძლიათ, ასე გაწმინდოთ თეფშებიც და სუფრის ინსტრუმენტებიც.
6. ეცადეთ, თეფშები და დაფები განსხვავებული პროდუქტისთვის გადაანაწილოთ. ეს გააუმჯობესებს ჰიგიენას სამზარეულოში და გამორიცხავს მავნე ბაქტერიების გამრავლების შანსს.
7. ხის ჭურჭლის დასამუშავებლად გამოიყენეთ სელის ზეთი ან ფუტკრის ცვილი. აღნიშნული პროცედურა ყოველ 3 თვეში უნდა ჩატარდეს. არ გამოგადგებათ მზესუმზირის ზეთი – ის ცუდ სუნსა და გემოს ტოვებს.
8. არავითარ შემთხვევაში არ ჩაალბოთ ხის ჭურჭელი – ასე მხოლოდ გაზრდით ბაქტერიების გამრავლების რისკს, თვითონ ინსტრუმენტი კი გამოშრება.
9. არ გამოიყენოთ ხის ჭურჭელი ცხელი ქვაბების ან ჩაიდნის დასადგამად. ეს ნახეთქებს გამოიწვევს.
სად შევინახოთ ხის ინსტრუმენტები
საუკეთესო ადგილი ასეთი ჭურჭლის შესანახავად წყლისგან მოშორებული ადგილია. ასევე, შეგიძლიათ ისინი დატოვოთ ფანჯრის რაფაზე, სადაც საკმარისი რაოდენობით ჰაერი და სინათლეა, რაც ებრძვის ობსა და სხვადასხვა მიკროორგანიზმს.
არ დატოვოთ ხის ჭურჭელი ცხელ ბატარეებთან, ვენტილატორთან ან გამათბობელთან ახლოს. ეს მოწყობილობები აშრობს ხეს და სწრაფად დახეთქავს.
თუ ყველა წესს დაიცავთ, შეგიძლიათ ხის ჭურჭლის შეძენა და სამზარეულოში სიმყუდროვის შექმნა. ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ მუდმივი ნივთი არ არსებობს და საუკეთესო მოვლის შემთხვევაშიც კი, დროდადრო უნდა გამოცვალოთ.