ყვავილები
„ლაზანიას მეთოდი“ ბოლქვიანი ყვავილების დასარგავად
გამოცდილი მებაღეები ბოლქვიანი ყვავილების დასარგავად ლაზანიას მეთოდს იყენებენ. ტექნოლოგია ბოლქვების რამდენიმე სართულად დარგვას გულისხმობს. ლაზანიას მეთოდს რიგი უპირატესობები აქვს. მზიანი გაზაფხულის მოლოდინში გიამბობთ, როგორ დარგოთ ბოლქვიანი ყვავილები „ლაზანიას მეთოდით“ და რომელი ყვავილებით დაამშვენოთ თქვენი ბაღი.
მეთოდის არსი იმაშია, რომ ბოლქვიანი მცენარეები სხვადასხვა სიღრმეში ჩარგოთ. ასე ყვავილები მორიგეობით გაიზრდებიან და ბაღი იანვრიდან მაისამდე აყვავებული დარჩება. თითოეული ჩაღრმავების დიამეტრი ბოლქვის ზომასა და რაოდენობაზეა დამოკიდებული. პირველი ფენა მოცულობითი ბოლქვი უნდა იყოს, რომელსაც 3-5 მმ მიწის ფენა უნდა მოაყაროთ. უფრო ქვედა დონეზე შედარებით პატარა ბოლქვები დარგეთ, სულ ქვემოთ – ყველაზე პატარა ბოლქვები. მაგალითისთვის, პირველი რიგი – ტიტა, მეორე რიგი – სუმბული, მესამე რიგი – ზაფრანა. მეთოდი არა მხოლოდ ბაღში, არამედ ქოთანში შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ბოლქვების დარგვისას ჭადრაკის რიგი გამოიყენეთ. ასე ყვავილები ერთმანეთს გაზრდაში ხელს არ შეუშლიან. ჩხირები ქოთანში ბოლო რიგამდე ჩაარჭეთ. მათი დახმარებით ბოლქვების რიგი არ აგერევათ. ბოლქვების დარგვის შემდეგ ჩხირები ამოიღეთ.
უნიკალური კლუმბების შესაქმნელად კონცეფცია უნდა შეიმუშავოთ. მაგალითად, რამდენიმე სხვადასხვა ყვავილი დარგეთ, რომლებიც ერთად გაიზრდებიან. მეორე მეთოდი: ნაადრევი და გვიანდელი ჯიშები დარგეთ, რომლებიც ერთმანეთს ჩაანაცვლებენ და ლამაზი ფერებით ბაღს დიდხანს დაამშვენებენ.
სპეციალურ მაღაზიებში ბოლქვების მზა ნაკრები იყიდება. სურვილის შემთხვევაში სხვადასხვა კულტურით კომპოზიცია თავად შექმენით. აი, რომელი ბოლქვიანი ყვავილები შეგიძლიათ გაზარდოთ გაზაფხულზე.
1. ბაღის ბეგონია მრავალწლიანი მცენარეა, რომელსაც ბევრი სახეობა აქვს. სხვადასხვა შეფერილობა, გაზრდის მეთოდი, ყვავილობის დრო და ფოთლების ფორმა სახეობებს ერთმანეთისგან განასხვავებს. ბეგონია დიდხანს, მაისიდან ნოემბრამდე ყვავილობს.
2. ზაფრანა 10-15 სმ სიმაღლის მცენარეა. გვხდება ნაღებისფერი, იისფერი, ყვითელი, თეთრი, ცისფერი, მეწამული და ნარინჯისფერი. ლაქებიანი ან ორფერიანი შეიძლება იყოს. ზოგი გაზაფხულზე ყვავილობს (შემოდგომაზე უნდა დარგოთ), ზოგი შემოდგომაზე (ზაფხულში უნდა დარგოთ). 15-20 დღე ყვავილობს.
3. ზამბახი გამძლე მრავალწლიანი მცენარეა, რომელიც უხვი კაშკაშა შეფერილობით გამოირჩევა. ზამბახი მთელი წელი შეგიძლიათ დარგოთ. მაისიდან ივლისის ჩათვლით ყვავილობს.
4. სუმბული სექტემბერში ან ოქტომბერში ირგვება. მრავალწლიანი მცენარეა და მისი ყვავილობა სახეობაზეა დამოკიდებული. მარტივი მოსავლელია, მაგრამ წესების დაცვით უნდა დარგოთ. დაბლობი ან გრუნტის წყლით სავსე მიწას ვერ იტანს.
5. ნარგიზი მრავალწლიანი მცენარეა. მზე და გაშლილი ადგილი უყვარს. აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში ირგვება. 2 თვე, აპრილიდან მაისის ჩათვლით, ყვავილობს.
სხვა ყვავილები
ბაღი ლამაზი ტიტების გარეშე რთული წარმოსადგენია. ტიტების გაზრდის და მოყვანის შესახებ არაერთხელ დავწერეთ.
არ დაგავიწყდეთ შროშანი. თქვენს ეზოს ნამდვილად გაალამაზებს. სექტემბერში დარგეთ. გაითვალისწინეთ, რომ პირველ ზამთარს ყველა ბოლქვი ვერ გადაიტანს. ამის მიზეზი ისაა, რომ ფესვების სისტემა კარგად განვითარებული არაა. საშუალოდ 17 დღე (ივნისში ან ივლისში) ყვავილობს.