ჯანმრთელობა
როგორ გავაუმჯობესოთ ტვინის მუშაობა სუნთქვითი ტექნიკით
ექიმები არ იღლებიან იმის თქმით, რომ ცხიმოვანი მჟავა ომეგა 3 ტვინისთვის სასარგებლოა. ჩვენი ორგანიზმის მთავარ ორგანოს სწორად მუშაობაში ბევრი პროდუქტი ეხმარება. თუმცა დღეს Alltime.ge–ს რედაქცია ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად გთავაზობთ არა სწორ პროდუქტებს და საკვებ დანამატებს, არამედ სუნთქვით ვარჯიშს. დღეში 10 წუთი საკმარისია, რომ ტვინმა უკეთ მუშაობა დაიწყოს.
სუნთქვითი ვარჯიში ძველი ტექნიკაა, რომელსაც იოგები და ბუდისტი ბერები უკვე 2500 წელია იყენებენ. რაჰულ ჯანდიალამ, ამერიკელმა ნეიროქირურგმა ტექნიკა შეისწავლა და მისი აქტიურად გამოყენება დაიწყო. მან ამ ვარჯიშის და კვების ჩვევების საფუძველზე მთელი სამკურნალო პრაქტიკა ააგო. რეგულარული ვარჯიშით შეგიძლიათ ინსულტის შემდეგ დაზიანებული ტვინი აღადგინოთ და ალცჰაიმერის განვითარება შეაფერხოთ.
პირველ რიგში, უნდა გააცნობიეროთ, რომ ვარჯიში კარგია ყველასთვის, მათ შორის ჯანმრთელი ადამიანებისთვის. თუ თქვენთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა სიტყვა ენის წვერზე გაქვთ, მაგრამ ვერ ამბობთ ან ნაცნობ ქუჩას ვერ იხსენებთ, იცოდეთ, ეს გამოწვეულია ნეირონების კავშირების დარღვევით, რომლებიც მეხსიერებაზე არიან პასუხისმგებელი.
ასაკში ადამიანის მეხსიერება უარესდება და ნეირონების კავშირები მცირდება. თუმცა ეს სიბერესთან კავშირში არაა, უფრო სიზარმაცესთან. ტვინი ყველაზე ჭკვიანი ორგანოა და შეგიძლიათ ნებისმიერ ასაკში განავითაროთ. სწორედ ამიტომ, ტვინის გავარჯიშება არ დაგავიწყდეთ.
სუნთქვითი ტექნიკა 4-4-4-4
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ რიტმული სუნთქვა ნუშისებრი სხეულის მუშაობას ხელს უწყობს. ასე სტრესის გადატანას უკეთ შეძლებთ, ნერვული ბოჭკოების ზრდას სტიმულირებთ. ინფორმაციას ადვილად გაანალიზებთ და აითვისებთ. საღ გონებას და ტონუსს შეინარჩუნებთ.
ვარჯიში რომ შეასრულოთ, 10 წუთი საკუთარ თავს დაუთმეთ. ნებისმიერი რამ, (ტელეფონი, გაჯეტი, ხალხი) რაც ხელს გიშლით, მოიშორეთ, განმარტოვდით და სუნთქვაზე კონცენტრირდით.
- კომფორტულად მოეწყვეთ. სურვილისამებრ შეგიძლიათ წამოწვეთ ან სკამზე ან იატაკზე დაჯდეთ.
- ოთხ დათვლაში ცხვირიდან ღრმად ჩაისუნთქეთ. გონებაში დაითვალეთ: ერთი, ორი, სამი, ოთხი.
- სუნთქვა შეიკავეთ და კვლავ 4-მდე დაითვალეთ.
- ოთხ დათვლაზე ნელა ამოისუნთქეთ. ვარჯიში 5-10 წუთის განმავლობაში გაიმეორეთ.
ვარჯიშის დროს სუნთქვაზე, ღრმად სუნთქვასა და დათვლაზე კონცენტრირდით. თავიდან ფიქრები აგერევათ, მაგრამ არ შეჩერდეთ, დათვლა გააგრძელეთ. რიტმულად ისუნთქეთ.
რეგულარული ვარჯიშით კონცენტრაცია და ყურადღება გაიზრდება. გადაწყვეტილებას უფრო სწრაფად მიიღებთ. ნეიროქირურგი გირჩევთ, პერიოდულად შიმშილიც გამოიყენოთ. მაგალითად, კვირაში ორჯერ საუზმეზე უარის თქმა საკმარისია. მეტჯერ საჭირო არაა.
ეფექტს უკვე პირველივე ვარჯიშისას იგრძნობთ. თქვენ ხომ ორგანიზმს ჟანგბადით ამდიდრებთ. თავს უკეთ და კონცენტრირებულად იგრძნობთ.