Connect with us

ყვავილები

ოთახის მცენარეები, რომელთაც სამკურნალო თვისებები აქვთ

ოთახის მცენარეს სახლში კომფორტი და მყუდროება შემოაქვს. ფერადი ყვავილები ინტერიერს მარტივად აახლებს. ზოგიერთი ოთახის მცენარე არა უბრალოდ დეკორის ელემენტი, არამედ სამკურნალო საშუალებაა, რომელსაც სააფთიაქო მედიკამენტების ჩანაცვლება შეუძლია. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ რომელი ოთახის მცენარეები უნდა გქონდეთ სახლში და რისთვის გამოგადგებათ.

ალოე

ალოე ბევრი კოსმეტოლოგის საყვარელი მცენარეა. მის სამშობლოდ სამხრეთ აფრიკა ითვლება და  უკვე 3000 წელზე მეტია არა მხოლოდ დეკორატიული, არამედ სამკურნალო მიზნებისთვის იყენებენ.

ალოეს წვენი ძლიერი ანტიბაქტერიული ეფექტის წყალობით ანგინის დროს დაგეხმარებათ. წყალში გააზავეთ და როგორც სპრეი ყელში შეისხურეთ. სუფთა წვენი ძალიან მწვავე და ძლიერია, შეიძლება დამწვრობა გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, სუფთა სახით გამოყენებას არ გირჩევთ. ალოეს ხსნარი ან ალოე კრემში კანის ტენიანობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ და ნაკაწრებს სწრაფად შეახორცებს. საკვებში დამატებისას მატონიზირებელი, შარდმდენი და საფაღარათო მოქმედება აქვს.

ნემსიწვერა

ამ ლამაზი ყვავილის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა. სახლს, სადაც ნემსიწვერა იზრდება, ქინქლები და სხვა მწერები თავს არიდებს, მათ ყვავილის სუნი არ უყვართ. გირჩევთ, მცენარე ფანჯრის რაფაზე დადოთ.

მის ეთერზეთს დამამშვიდებელი მოქმედება აქვს. ნემსიწვერას ჭრილობის შესახორცებლად და პიგმენტური ლაქების გასაქრობად იყენებენ.

ჰიბისკუსი

ჰიბისკუსი საკმაოდ მსხვილი მცენარეა, მაგრამ შენობაში თავს კარგად გრძნობს. თუ დაბალი ჰემოგლობინი გაქვთ, ჰიბისკუსი გამოგადგებათ. 50 გრ ხმელ ყვავილს 2 ჭიქა წყალი დაასხით და მთელი დღე დააყენეთ. დილით ჩაის ნაცვლად დალიეთ. ასეთი საშუალება დაღლილობის, თირკმლების დაავადების და ავიტამინოზის დროს გამოიყენეთ.

კალანჰოე

ეს ოთახის მცენარე ეფექტურია გაფართოებული ვარიკოზული ვენების, წყლულების და კანის ეგზემის წინააღმდეგ. 100 გრ ფოთლებს 500 მლ სპირტი დაასხით და ბნელ გრილ ადგილას 10 დღე შეინახეთ. მიღებული ნაყენით საფენები გაიკეთეთ.

სენპოლია

სენპოლია ნახევრად დაჩრდილულ ოთახებს და სადარბაზოების გრილ კუთხეებს ალამაზებს. ის კანის დაბერებას ეფექტურად ებრძვის. ანტიასაკობრივი საშუალება: სენპოლიის ზეთი და რძე 1:2 პროპორციით აურიეთ. ემულსია ლოსიონის ნაცვლად გამოიყენეთ (აბაზანის მიღებამდე 30 წუთით ადრე). ასე კანს ტონუსს შემატებთ და დაატენიანებთ.

მცენარე ოთახში ზედმეტი არასდროსაა. მით უფრო ჯანმრთელობისთვის სარგებლის მოტანა თუ შეუძლია. თქვენ რომელი ოთახის მცენარის შეძენას აპირებთ? იქნებ სამკურნალო მცენარე თქვენს ფანჯრის რაფაზე უკვე ბინადრობს?