მოგზაურობა
როგორ მოვიშოროთ მომაბეზრებელი კოღოები ხალხური საშუალებებით
ზაფხული მშვენიერია, მაგრამ თავისი ნაკლოვანებები აქვს, მათ შორის ერთ–ერთი უსიამოვნება კოღოა. ის თითქმის ყველგან გვხდება, სახლში შემოდის და თავისი ბზუილით დაძინებაში ხელს გვიშლის. მათ დევნას კი აზრი არ აქვს.
კოღოს დასაფრთხობად შეგიძლიათ სპეციალური ფუმიგატორები შეიძინოთ. მომაბეზრებელი კოღოების ბზუილისა და მათი კბენისგან თავდასაცავად შეგიძლიათ გამოიყენოთ მარტივი, ეფექტური და უსაფრთხო ხალხური საშუალებები, რომელთა შესახებ Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ.
კოღოების მოშორება ხალხური საშუალებებით
1. პირველ რიგში, გიამბობთ, რა უნდა გააკეთოთ, თუ ფუმიგატორი დაზიანდა ან მისი წაღება დაგავიწყდათ. მთავარია, ფირფიტები გქონდეთ. მათ გასააქტიურებლად სპეციალური მოწყობილობა საჭირო არაა. უბრალო გახურებაც საკმარისია.
ამისთვის შეგიძლიათ გახურებულ ნათურაზე დადოთ. კიდევ ერთი ვარიანტი: ჭიქაში ანთებული სანთელი ჩადეთ და ჭიქის კიდეზე ფირფიტა დადეთ. მარტივი ვარიანტი: ფირფიტის ერთი კუთხე მოწვით და სწრაფადვე ჩააქრეთ. კვამლი და ნელი წვა კოღოებს დააფრთხობს.
2. რაც შეეხება ხალხურ საშუალებებს, პირველ რიგში, ეთერზეთები უნდა ვახსენოთ. კოღოები მათ სუნს ვერ იტანს, ჩვენთვის კი სასიამოვნოა. წვეთი საშუალება კიდურებზე, ასევე სხეულის სხვა შიშველ ნაწილებზე წაისვით. სურვილის შემთხვევაში წყალში 1:10 თანაფარდობით გააზავეთ და სპრეის სახით გამოიყენეთ.
ევკალიპტი, ღვია და მიხაკი ყველაზე ეფექტურია. ევკალიპტის ზეთს შეგიძლიათ ლიმონის წვენი დაუმატოთ. მიხაკის ხმელ კოკრებს შეგიძლიათ სპირტი დაასხათ და დააყენოთ. შემდეგ კი უბრალოდ გააფრქვიოთ. თუ ბუნებაში ხართ გადაჭრილ ლიმონს მიხაკის ხმელი კოკრები ჩაარჭეთ და კოღოები არ შეგაწუხებთ.
3. ტყეში ლაშქრობისას შეგიძლიათ კოღოების დამფრთხობი უფასო საშუალება იპოვოთ. ესაა სოკო აბედა, რომელიც თითქმის ყველგან იზრდება. სოკოები შეაგროვეთ და თქვენ გარშემო დააწყვეთ და მოწვით. უსაფრთხოების ზომები დაიცავით, რომ ხანძარი არ გააჩინოთ.
4. კოცონში წიწვები, გირჩები და ღვიის ტოტები ჩაყარეთ. მათ სუნს კოღო ვერ იტანს.
ხრიკები გასაგრილებლად
ცხელ ზაფხულში წყურვილი ხშირად გვაწუხებს. გირჩევთ, ცივი მწვანე ჩაი მოამზადოთ. 1/3 ბოთლი ჩაით გაავსეთ და საყინულეში შეინახეთ. დარჩენილი ჩაი ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ. შემდეგ გაგრილებული ჩაი საყინულიდან გამოღებულ ცივ ბოთლში ჩაასხით და ცივი სასმელით ისიამოვნეთ.
თუ ძილის წინ თეთრეულს დანამავთ და მასში გაეხვევით, სასიამოვნო სიგრილე სწრაფად დაძინებაში დაგეხმარებათ. თუ ძალიან გცხელათ, ყინულიანი ბოთლები პირსახოცში გაახვიეთ და ლოგინში ჩადეთ.
ბოლო პერიოდში ხალხურ საშუალებებს სულ უფრო იშვიათად ვიყენებთ, ხოლო თანამედროვე ტექნიკაზე მეტად დამოკიდებული გავხდით. არადა ხალხური საშუალებები უფრო ეფექტური და უსაფრთხოა. გამოიყენეთ და თავად დარწმუნდით.