Connect with us

ყვავილები

ყველა დეტალი კალანჰოეს გასაზრდელად: როგორ ავაყვავილოთ

დიდებული ბუჩქი პრიალა, ხორციანი ფოთლებით ბევრ მეყვავილეს უყვარს. ისედაც მიმზიდველია, მაგრამ აყვავებულს თვალს ვერ მოწყვეტთ. მისი ყვავილი პატარა და მკრთალი შეიძლება იყოს, მაგრამ ყოველთვის ლამაზ ქუდად იზრდება. არაფერს ვამბობთ ვარდის მსგავს სახეობაზე კაშკაშა ყვავილებით. ამ დიდებულებამ რომ გაგახაროთ, კალანჰოეზე სწორად უნდა იზრუნოთ. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რა უნდა იცოდეთ ამ სუკულენტის გასაზრდელად.

განათება

მცენარეს ბევრი სინათლე უყვარს. ეს გაითვალისწინეთ, როცა მისთვის საცხოვრებელი ადგილის შერჩევას დაიწყებთ. რა თქმა უნდა, დაჩრდილულ ადგილზეც გადარჩება, მაგრამ ფოთლები და ღეროები წაგრძელდება და ლამაზ, მკვრივ ბუჩქს არ შექმნის. ამ შემთხვევაში ყვავილობა შეგიძლიათ დაივიწყოთ. აღსანიშნავია, რომ კალანჰოეს ყვავილები ზუსტად 9 საათიანი დღის სინათლის პირობებში ფორმირდება. ყველაზე ოპტიმალური ადგილი: დასავლეთის და აღმოსავლეთის ფანჯრის რაფები.

ტემპერატურა

კალანჰოე ზომიერად თბილ სივრცეს უპირატესობას ანიჭებს. ზაფხულში ოპტიმალური ტემპერატურა დაახლოებით 24 გრადუსია. ზამთარში 16-11 გრადუსამდე ტემპერატურის დაწევას მოითხოვს. ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით რყევები არ მოკლავს. 30 გრადუს სიცხეშიც გადარჩება და 8 გრადუსამდე ყინვასაც გაუძლებს. ასეთი ამტანობის წყალობით გაზაფხული–ზაფხულის პერიოდში აივანზე შეგიძლიათ გაიტანოთ.

მორწყვა

გაზაფხულსა და ზაფხულში გრილი წყალი გამოიყენეთ. ამასთან ფოთლებზე სითხის მოხვედრას მოერიდეთ, წყალი სადგამზე ან პირდაპირ მიწაში ჩაასხით. ყურადღება მიაქციეთ, რომ წყალი არ დაგუბდეს. თუ ყვავილმა ყველაფერი არ „დალია“, სადგამიდან ზედმეტი სითხე გადმოასხით. მთავარი წესი: სჯობს ზედმეტად არ მორწყათ. თუ ფოთლებზე წყლის წვეთებს აღმოაჩენთ, ბამბის დისკით გაწმინდეთ.

შემოდგომა–ზამთრის სეზონზე კალანჰოეს მიწა უფრო ნაკლებად მორწყეთ. სჯობს მიწის სრულად გამოშრობას დაელოდოთ. ოთახის ტემპერატურის წყალი გამოიყენეთ.

სასუქი

კალანჰოე თვეში ერთხელ გამოკვებეთ. ამისთვის სუკულენტების, კაქტუსების სასუქი გამოგადგებათ. შემადგენლობა შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით გააზავეთ. მცენარეს ზამთარში გამოკვება არ სჭირდება.

გადარგვა

კალანჰოე სწრაფად მზარდი ყვავილია. მისი ფესვების სისტემა ზომებში ძალიან სწრაფად იზრდება და ძალიან მალე დიდი სივრცე სჭირდება. ამ სახეობის გადარგვა წელიწადში ერთხელ შეიძლება. გაზაფხულის ბოლო საუკეთესო დროა. მზა მიწა გამოიყენეთ ან ასეთი შემადგენლობა: თანაბარი პროპორციებით კორდი, ქვიშა და ფოთლოვანი მიწა.

პროცედურა ზუსტად იგივეა, როგორც ნებისმიერი სხვა მცენარის დროს. ყვავილი მიწიდან ამოიღეთ, ფესვებზე მიკრული მიწა არ მოაშოროთ. უფრო დიდი ზომის ქოთანში გადარგეთ. 2 სმ–ით მეტი დიამეტრის კაშპო გამოგადგებათ. 1 კვირაში მცენარე ახალ გარემოს სრულად შეეგუება.

ქოთანი

როგორც წესი, კალანჰოესთვის თიხის ქოთანს ჭიქურით იყენებენ. ის ფორებიანია და კარგად სუნთქავს. ეფექტი ფესვების განვითარებაზე დადებით გავლენას ახდენს.

გადაჭრა

ამ ეტაპს მცენარისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. კალანჰოე მხოლოდ დროული გადაჭრით არ ამოიწვერება და ლამაზ იერს მიიღებს. ამასთან მცენარის გადაჭრით საინტერესო ფორმების შექმნა შეგიძლიათ: სფერული, მოგრძო ან უფრო ორიგინალური.

გარდა ამისა, ყვითელი ფოთლების გაჩენას ყურადღება მიაქციეთ. მათ რეგულარულად მოშორება სჭირდებათ. როცა მცენარე მთლიანად აყვავდება, ცარიელი ყვავილის ყუნწები გადაჭერით.

დასვენების ფაზა

როცა ყვავილები დაცვივდება და ყვავილის ყუნწებს მოაშორებთ, მცენარე 1,5 თვით დასვენების ფაზაში გადადის. სჯობს ბნელ ადგილას გადაიტანოთ.

აი, რამდენი რამ უნდა იცოდეთ, რომ კალანჰოეს ლამაზ ყვავილობას მიაღწიოთ! ახლა უკვე იცით, როგორ შექმნათ ნამდვილი ბაღი თქვენს ფანჯრის რაფაზე.