Connect with us

ყვავილები

რით გამოვკვებოთ პომიდორი გადარგვიდან 10 დღის შემდეგ

პომიდვრის მოყვანა უნდა იცოდეთ. მაშინაც კი, თუ ნერგები უპრობლემოდ გაზარდეთ, ზრდასრული მცენარე შეიძლება დასუსტდეს, თუ მასზე სათანადოდ არ იზრუნებთ. ღია ნაკვეთზე პომიდვრის გამოკვება მნიშვნელოვანი პროცესია, რომლის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს, ვისაც მიწასთან მუშაობა უყვარს.

ჩვენს დროში მაღაზიაში ნაყიდ საშუალებებზე ნდობა არ ღირს. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ხალხურ ალტერნატივას, რომლებიც უფრო ნატურალურ ინგრედიენტებს შეიცავენ. რა უნდა იცოდეთ იმის შესახებ, რომ უხვი და, რაც მთავარია, უსაფრთხო პომიდვრის მოსავალი აიღოთ?

პომიდვრის გამოკვება ღია ნაკვეთზე

სოდა

სოდა თავისი სასარგებლო თვისებების გამო აგარაკზე ერთ–ერთი საუკეთესო დამხმარეა.

1. ის მცენარეების დაავადებებს და მავნებლებს ებრძვის. შეგიძლიათ პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენოთ. ხსნარის მოსამზადებლად 5 ლ თბილ წყალს 1 ს/კ სოდა, 1 ს/კ მცენარეული ზეთი და 20 გრ გახეხილი დიასახლისის საპონი აურიეთ. ხსნარი რამდენიმე ფენა მარლაში გადაწურეთ და პომიდვრის კვლები დანამეთ.

თუ პროცედურას თვეში 2–ჯერ გაიმეორებთ, პომიდორს სოკოვან დაავადებებს თავიდან ააცილებთ.

2. სოდა პომიდვრის გემოს აუმჯობესებს და მოსავლიანობას ზრდის. 10 ლ თბილ წყალში 2 ს/კ სოდა აურიეთ და ამ ნარევით კვლები მორწყეთ. მოსავლის გემო უფრო გაჯერებული გახდება, ხოლო პომიდორი დიდი და წვნიანი გაიზრდება.

3. სოდა გაყვითლებულ და დამჭკნარ ფოთლებს ეხმარება. მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პომიდვრის ფოთლები შემდეგი ხსნარით დანამეთ: 10 ლ თბილი წყალი + 1 ს/კ სოდა. ამჯერად მორწყვა საჭირო არაა. უბრალოდ პრობლემური მცენარეები პულვერიზატორით დანამეთ და მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება.

ძროხის ნაკელი

არც თუ ისე კარგი სურნელის საშუალება, მაგრამ მებოსტნეობაში ჩახედულები კარგად იცნობენ. ბოლო დროს, მასზე ფასიც გაიზარდა, ამიტომ თუ შესაძლებლობა არსებობს რატომ არ უნდა გამოიყენოთ?

1 ვედრო ახალ ძროხის ნაკელს წყალი 1:3 პროპორციით დაასხით. ნარევი 1,5 კვირა დააყენეთ. ამ დროის გასვლის შემდეგ სასუქი მზად იქნება. ახლა 1 ლ მიღებული საშუალება 1 ვედრო წყალში გააზავეთ. ამ ხსნარით პომიდვრის ბუჩქები მორწყეთ: სადღაც 1,5 ლ ხსნარი ერთ ბუჩქზე. სულ ასეთი სასუქი 2–ჯერ შეგიძლიათ გამოიყენოთ. უფრო მეტი ზიანს მიაყენებს.

საფუარი

პომიდვრის გამოსაკვებად როგორც ახალი, ასევე მშრალი საფუარი გამოგადგებათ.

პროპორციები ახალი საფუარისთვის: 100 გრ 1 ვედრო წყალზე. დაყენება აუცილებელი არაა. ვედრო აიღეთ და პომიდორი მორწყეთ. მშრალი საფუარი (10 გრ პაკეტში) 10 ლ წყალში გააზავეთ, მაგრამ შემდეგ 3 საათით მზეზე დააყენეთ. რამდენიმე კოვზი შაქრის დამატება ზედმეტი არ იქნება, რომ საფუარი გამოკვებოთ.

საფუარში არანაირი ქიმია არაა და მცენარეს განსაკუთრებულად ვერ დაიცავს. სამაგიეროდ, ზრდის კარგი კატალიზატორია და ნებისმიერ სხვა სასუქთან კომბინაციაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. მცენარისთვის უსაფრთხოა.

ნაცარი

ჩვენს შემთხვევაში ნაცარი ფავორიტია. მასში შედის ბევრი მიკროელემენტი, ასევე ნატრიუმი, კალიუმი, მაგნიუმი და კალციუმი. ეს ელემენტები არა მხოლოდ პომიდორს, არამედ ყველა ბოსტნის კულტურას გამოადგება. მშრალ ნაცარს მცენარის ფესვებს ორმოში ხშირად უმატებენ ან რიგებს შორის ყრიან.

საოცარი ხსნარის მოსამზადებლად 1 ჭიქა ნაცარი ერთ ვედრო წყალს დაუმატეთ და აურიეთ. მიღებული ხსნარით მცენარე გამოკვებეთ იმ ნალექითაც კი, რომელიც ვედროს ძირში დარჩა.

ფოთლების დასანამად ხსნარი ცოტა სხვა მეთოდით მოამზადეთ. 300 გრ ნაცარი 3 ლ წყალს აურიეთ და 30 წუთით ადუღეთ. ადვილად დაიმახსოვრებთ, რადგან რიცხვები მსგავსია: 3, 30, 300. ახლა ხსნარი 6 საათით გააჩერეთ და კიდევ 7 ლ წყალი და ცოტა გახეხილი დიასახლისის საპონი დაუმატეთ. ნარევი გადაწურეთ და პომიდვრის ფოთლები დანამეთ.

თუ ნაცარი ხელთ არ გაქვთ, სარეველები შეაგროვეთ და დაწვით. ასე ერთდროულად 2 სასარგებლო საქმეს გააკეთებთ.

როგორც ხედავთ, არც ერთი გრამი ქიმია არ გჭირდებათ, რომ პომიდორზე იზრუნოთ. მოსავალი ნატურალური დარჩება, ხოლო პატარა ხრიკების დახმარებით გაორმაგებულ მოსავალს მიიღებთ. აგარაკზე ცხოვრება მხოლოდ მწვადების შეწვა, სუფთა ჰაერი და ნაკვეთზე მძიმე მუშაობა არაა. ეს ხელთ არსებული საშუალებების ეშმაკურად გამოყენების უნარია, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ.