Connect with us

ყვავილები

მარიამსხალა, ჭინჭარი, ბაბუაწვერა: ბაღის სარეველების გამოყენების 5 სასარგებლო  მეთოდი

ზოგიერთი სარეველა, რომელსაც ბოსტანში დაუნდობლად ვგლეჯთ, არა მხოლოდ მცენარისთვის, არამედ ჩვენთვისაც სასარგებლოა. მათგან შეგიძლიათ სასარგებლო, გემრიელი კერძები, სალათები, მწვანე კოქტეილები და სმუზები გააკეთოთ, ცომეულში, წვნიანში გამოიყენოთ ან ჩაი მოადუღოთ. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ სასარგებლო რეცეპტებს სარეველებით.

მარიამსხალა

მრავალწლიანი ბალახი, რომელსაც უძველესი დროიდან კულინარიაში იყენებენ. მასში შედის ნატურალური ანტიბიოტიკები, ფლავონოიდები, ორგანული მჟავები, ასევე ასკორბინის მჟავა და ბევრი სხვა სასარგებლო ელემენტი.

საკვებად ახალგაზრდა მწვანე ყლორტები გამოიყენეთ. მწვანილი გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ, პირსახოცზე გაამშრალეთ და დაჭერით, როგორც მწვანე სალათი. მარიამსხალას ნაზი, ნეიტრალური გემო აქვს, შეგიძლიათ ნებისმიერ ახალ ბოსტნეულს დაუმატოთ.

ბალახს იყენებენ სუპპიურესა და აკროშკაში, ომლეტის და ღვეზელის შიგთავსად. ფოთლები შეგიძლიათ გარნირის ნაცვლად მოხარშოთ და კარაქთან ერთად შეჭამოთ.

მარიამსხალას ფოთლები შეგიძლიათ პარკში ჩადოთ და რამდენიმე კვირა შეინახოთ ან წვრილად დაჭრათ, მარილში აურიოთ და დიდხანს შესანახად მინის ქილაში ჩაყაროთ.

მარიამსხალას სალათი

დაგჭირდებათ 100 გრ მარიამსხალა, 2 მოხარშული კვერცხი და მარილი გემოვნებით.

ბალახი წვრილად დაჭერით, 2 მოხარშული კვერცხი მსხვილად გახეხეთ, აურიეთ და მწიკვი მარილი დაუმატეთ. სალათს ნებისმიერი მცენარეული ზეთი ან შინაურული მაიონეზი მოასხით.

ცხარე ჭინჭარი

ჭინჭრის სასარგებლო თვისებების შესახებ ყველამ იცის. მას მთელ ორგანიზმზე გამაძლიერებელი მოქმედება აქვს, ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს და სამკურნალო მიზნით ფართოდ გამოიყენება. სასარგებლო თვისებების და მიკროელემენტების შემცველობით ბევრი მცენარე ვერ შეეჯიბრება. ჭინჭარი საჭმლის მონელებას ხელს უწყობს, გულის მუშაობას აუმჯობესებს, წიდებს და მავნე ნივთიერებებს გამოდევნის.

ჭინჭარს ზედა ახალგაზრდა ფოთლები, ღეროს გარეშე მოაჭერით. შემდეგ ცოტა ხნით წყალში ჩაალბეთ და მდუღარე წყალი გადაავლეთ. ამის შემდეგ გააშრეთ და დაჭერით.

ერბო კვერცხი ან ომლეტი და ჭინჭარი

ჭინჭარი დაჭერით, ტაფაზე მოათავსეთ, კარაქი და ნიორი დაუმატეთ, ცოტა ხნით წვით, შემდეგ კვერცხი დაუმატეთ. საგაზაფხულო ომლეტი ჭინჭრით რამდენიმე წუთში მზად იქნება.

ჭინჭრის ჩაი

ჭინჭრის ჩაი შეშუპებას ამცირებს, ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს გამოდევნის, სისხლძარღვების კედლებს აძლიერებს და წიდებს გამოდევნის, ასევე სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს. ჩაის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, თუმცა ვარიკოზის და სისხლდენის დროს მისი მიღება რეკომენდებული არაა.

ჩაის მოსამზადებლად წყალი აადუღეთ, ფოთლები და ყლორტები მდუღარე წყალში მოათავსეთ და სუსტ ცეცხლზე 10 წუთით ხარშეთ, სანამ წყალი მომწვანო შეფერილობის არ გახდება. ამის შემდეგ მიღებული ნახარში გადაწურეთ და ფინჯანში ჩაასხით.

ბაბუაწვერა

ბაბუაწვერას ფესვები ბევრ კოსმეტიკურ საშუალებაში გვხდება. ამ სარეველას ანტისეპტიკური თვისება აქვს. ბაბუაწვერა სასარგებლოა ღვიძლისა და საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, დაგროვებულ წიდებს და შებერილობას ამცირებს. ხალხური მედიცინა ირწმუნება, რომ ბაბუაწვერას ნაყენი გამონაყარს კურნავს და ჭორფლებს ათეთრებს. ასევე ბაბუაწვერა ნერვებს აძლიერებს და ძილს აწესრიგებს.

ყავა ბაბუაწვერას ფესვებით

ბაბუაწვერას ფესვები გაზაფხულზე ამოთხარეთ – ყველაზე მეტად ვიტამინებით მდიდარი სწორედ ამ პერიოდშია. ფესვები ცოტა ხნით ცივ წყალში ჩაალბეთ. შემდეგ ჯაგრისით გაწმინდეთ და გამუქებული ნაწილები მოაშორეთ. რამდენიმე დღე გააჩერეთ, რომ გამოშრეს. შემდეგ 1-1,5 სმ ზომის ნაჭრებად დაჭერით. ტაფაზე შეწვით ან ღუმელში გამოაშრეთ. შემწვარი ფესვები დაფშვენით, სანაყით ან ყავის საფქვავით დაფქვით.

სასმელის მოსამზადებლად 1 ს/კ ფხვნილს 0,5 ლ ცივი წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 2-3 წუთით ხარშეთ. სურვილის შემთხვევაში ბაბუაწვერას ყავას დაუმატეთ თაფლი, რძე ან დარიჩინი.

ჟუნჟრუკი

გემრიელი და სასარგებლო ბალახი, რომელიც შეგიძლიათ სალათებს და მწვანე სმუზებს დაუმატოთ. ის ნივთიერებათა ცვლისთვის სასარგებლოა, კოლაგენის სინთეზს აძლიერებს, ანტიოქსიდანტური მოქმედება გააჩნია, კანზე კარგად მოქმედებს და წნევას ამცირებს. ჟუნჟრუკი შეიცავს ბევრ C და E ვიტამინს, ასევე თუთიას. სოფლის მაცხოვრებლები მას „ჩიტის სალათს“ უწოდებენ. ამბობენ, რომ ჟუნჟრუკის ჭამის შემდეგ ჩიტები უკეთ დაფრინავენ, ძროხები მეტ რძეს იძლევიან. ამ ბალახის ჭამა არა მხოლოდ ცხოველებს, არამედ ადამიანებსაც შეუძლიათ. ბალახს სასიამოვნო ნაზი გემო აქვს. შეგიძლიათ მწვანე სალათებს დაუმატოთ ან სანელებლად გამოიყენოთ.

ჟუნჟრუკის ნაყენი

ბევრი ვიტამინის შემცველობის წყალობით ჟუნჟრუკის ნაყენი ან წვენი ძალებს სწრაფად აღადგენს. ნაყენის მოსამზადებლად 1 ს/კ ხმელ ბალახს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 1,5-2 საათით გააჩერეთ და გადაწურეთ.

ჩვეულებრივი ღოლო

ველური ღოლო ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. მის სამკურნალო თვისებებს ხალხურ მედიცინაში ფართოდ იყენებენ. თან მცენარის ყველა ნაწილი გამოგადგებათ – ფესვები, ფოთლები და ყვავილების საგველა. ჩვეულებრივი ღოლოსგან ამზადებენ წვნიანს, გარნირს, სალათს და წასახემსებელს. განსაკუთრებით პოპულარულია სომხეთში, სადაც ყოველ გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში კრეფენ.

საკვებად გამოიყენება ახალგაზრდა ფოთლები, მაგრამ არა ახალი, არამედ ხმელი. ახალ ღოლოს მწარე გემო აქვს.

ჩვეულებრივი ღოლოს ნაწნავი

ფოთლები შეაგროვეთ და მაგიდაზე გააშრეთ, რომ ცოტა დაჭკნეს, შემდეგ მჭიდროდ ჩაპწენით. ფოთლებს გარეცხვა არ სჭირდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბინძურია. მზა ნაწნავი გარეთ, მზის სხივებისგან მოშორებით ჩამოკიდეთ.

ხმელ ჩვეულებრივ ღოლოს მდუღარე წყალი 15-20 წუთით 2–ჯერ დაასხით. შემდეგ წყალი გადაასხით, რომ სიმწარე მოშორდეს. ამის შემდეგ 4-5 სმ სიგრძის ნაჭრებად დაჭერით. სუფთა, ცივ წყალში გარეცხეთ, ქვაბში მოათავსეთ და 30 წუთით ზომიერ ცეცხლზე დარბილებამდე ხარშეთ. შემდეგ საწურზე გადაიტანეთ, მარილი მოაყარეთ და მცენარეულ ზეთში, ნიორთან, რბილ ყველთან, კაკალთან ან სუნელებთან ერთად შეწვით. ხმელი სახით მცენარე შეგიძლიათ 3 წელი შეინახოთ.

Advertisement