Connect with us

ყვავილები

რა უნდა გააკეთოს თითოეულმა დიასახლისმა ნერგების დარგვამდე

გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნერგების სწორი მოვლა. საკმარისი არაა, თესლი მიწაში ჩარგოთ, მორწყათ და პირველ აღმონაცენს დაელოდოთ. სერიოზულად უნდა მიუდგეთ ყველა დეტალს, რომლის შესახებ Alltime.ge დღევანდელ სტატიაში გიამბობთ. ვეცდებით თქვენში წარმატებული მებაღის პოტენციალი გამოვავლინოთ!

ნერგების მოვლა

ნერგების მოვლა ხარისხიანი თესლის და მიწის არჩევით იწყება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ ადგილს, სადაც ნერგების გაზრდას აპირებთ. ყვავილების მაღაზიებში სპეციალური ყუთები და კასეტები მზა უჯრედებით იყიდება.

თუმცა ზედმეტად ფულის დახარჯვა საჭირო არაა. გამოცდილი დიასახლისები ამ მიზნით საკვების პლასტმასის კონტეინერებს და სხვა ხელთ არსებულ საშუალებებს იყენებენ. ასე ფულსაც დაზოგავთ და ერთჯერად ნივთებს მეორე სიცოცხლეს მიანიჭებთ.

თუ ამ გაზაფხულზე მასშტაბური დარგვისთვის ემზადებით, შეგიძლიათ მთელი სტელაჟი ააწყოთ და მეტი ნერგი მოათავსოთ. მთავარია, რომ კონსტრუქცია მყარი, კომპაქტური და მოსახერხებელი იყოს.

თაროები იდეალური გამოსავალია, რომლის წყალობით ნერგებისთვის მოსახერხებელ განათებას დააყენებთ. სწორი განათება ხომ თესლის წარმატებულად და სწრაფად გასაღვივებლად ერთ–ერთი მთავარი პირობაა.

განათება

თუ ნაადრევ ნერგს ჯერ კიდევ ზამთრის პერიოდში ამზადებთ, ფიტონათურას გვერდს ვერ აუვლით. მის შეძენას მაღაზიებში ან ინტერნეტში შეძლებთ, ასევე შეგიძლიათ თავად გააკეთოთ. ამისთვის სპეციალური ლედ ნათურა ან ლუმინესცენტური სანათი გჭირდებათ. გაითვალისწინეთ, რომ ამ მიზნით ჩვეულებრივი ნათურა არ გამოგადგებათ.

ნერგსა და ნათურას შორის დაშორება ნათურის სიძლიერეზეა დამოკიდებული. რაც უფრო დიდია, მით უფრო მაღლა უნდა დააყენოთ. მაგალითად, 7-10 ვატის ფიტონათურის ოპტიმალური დაშორება 20-30 სმ–ია. ხოლო 5 ვატის ნათურასთვის – მაქსიმუმ 15-20 სმ. ძალიან ბევრმა სითბომ შეიძლება, პირიქით, ნერგების ზრდა შეაფერხოს. ამას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ.

სხვათა შორის, ნათურის სახეობაზეა დამოკიდებული, თუ ნერგზე რა გავლენას იქონიებს. მაგალითად, მოწითალო–ნარინჯისფერი სინათლე წიწაკის და პომიდვრის თესლებს სწრაფად ზრდაში ეხმარება. ასეთი ნათურა თავისი თვისებებით მზის სხივებს ჰგავს. მოლურჯო–იისფერი სინათლე კარგ ზრდას და ჯანსაღი ყლორტების გაზრდას ხელს უწყობს.

თბილი და ცივი სპექტრის ნათურების გარდა სტელაჟის გვერდითა და უკანა კედლებზე სპეციალურ ეკრანებს ამაგრებენ. ისინი საჭიროა იმისთვის, რომ სინათლე აირეკლოს. თავიდან მთელი ამ სიბრძნის ათვისება გაგიჭირდებათ. თუმცა თუ გსურთ ამ საქმის პროფესიონალი გახდეთ, თემა ბოლომდე უნდა შეისწავლოთ.

პროფილაქტიკა

არც ერთი მცენარე დაუპატიჟებელი სტუმრებიდან დაზღვეული არაა. მავნებლები ნერგებზეც შეიძლება გაჩნდეს. მათთან, მაგალითად, ობობის ტკიპასთან ბრძოლა რომ არ მოგიწიოთ, სჯობს საპროფილაქტიკო სამუშაოები ჩაატაროთ.

თუ ნერგების მომზადებას გეგმავთ, თავდაპირველად ოთახის მცენარეები შეამოწმეთ. თეთრი ლაქები ან ობობის ქსელი დაინახეთ? დაუყონებლივ მწვანე მეგობარი გადაარჩინეთ!

ობობის ტკიპასთან გამკლავება ნებისმიერს შეუძლია. ამისთვის მცენარე დიასახლისის საპნის ხსნარით დაამუშავეთ. უბრალოდ ღრუბელი გასაპნეთ და ფოთლები გაწმინდეთ. ასევე შეგიძლიათ მარტივი საპნის ხსნარი მოამზადოთ და ყვავილები ამით დანამოთ. ამის შემდეგ რამდენიმე საათით გააჩერეთ, შემდეგ მთელი ქაფი მოაშორეთ. ბოლოს მცენარე ერთი დღე ჰერმენტულ პაკეტში მოათავსეთ.

თუ მავნებლები ვერ მოიშორეთ, სპეციალური საშუალება, მაგალითად, „ფიტოვერმი“ გამოიყენეთ. მისი გაფრქვევა შენობაში შეიძლება. 1 ლ წყალზე 2 მლ პრეპარატი დაგჭირდებათ. უბრალოდ მიღებული ხსნარით მცენარეები დანამეთ. 1 კვირაში პროცედურა გაიმეორეთ.

რედაქციისგან

მებაღეობა და მებოსტნეობა ექსპერიმენტებისა და თვითსრულყოფილებისკენ მიმავალი უსასრულო ველია. არასდროსაა გვიანი, რომ ლამაზი და გასართობი საქმე დაიწყოთ. თუ თქვენთვის ეს სიახლეა, მცირედით დაიწყეთ. მაგალითად, ლამაზი ხავერდა დარგეთ და ამით თქვენი აგარაკი ან სახლი მორთეთ.