Connect with us

თავის მოვლა

როგორ დავიბანოთ თავი სწორად: ტრიქოლოგის 12 რჩევა

ისეთ მარტივ და ნაცნობ პროცედურას, როგორიცაა თავის დაბანა, ბევრი არასწორად აკეთებს. სწორედ ამიტომ, Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ტრიქოლოგის რჩევებს, თუ როგორ უნდა დაიბანოთ თავი სწორად და კიდევ რა დეტალები არსებობს ამ საპასუხისმგებლო საქმეში.

როგორ დავიბანოთ თავი სწორად

ოდესმე გიფიქრიათ, თუ რამდენი შამპუნი უნდა წაისვათ, რამდენად ხშირად უნდა დაიბანოთ, ხომ არ დააზიანებს ეს საშუალება თმას? ამ კითხვებზე პასუხს ტრიქოლოგი გაგცემთ და გააქარწყლებს მითებს. გვპასუხობს სალომე აბალიანი, დერმატო–კოსმეტოლოგი, ტრენერი და აპარატული მეთოდით გაახალგაზრდავების ტექნიკის წამყვანი სპეციალისტი, ესთეტიკური მედიცინის ცენტრის L’art de la vie–ს მთავარი ექიმი.

თავი სკალპის დაბინძურების მიხედვით უნდა დაიბანოთ. როგორც სხვადასხვა ქვეყანაში ტრიქოლოგების და დერმატოლოგების მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებს,  თავის კანი და თმა უფრო მეტად ზიანდება თმის ძირებში დაგროვებული ჭუჭყისგან. ცხიმი, მტვერი, ჭუჭყი ბაქტერიების გასამრავლებლად მკვებავ გარემოს ქმნის, კანს სუნთქვის საშუალებას არ აძლევს, თმის ძირები სასარგებლო ნივთიერებებს ვერ იღებენ – ეს ყველაფერი თავის კანის ნორმალურ მუშაობას აფერხებს და თმის ზრდას ანელებს.

შამპუნის არ შეგეშინდეთ

შამპუნი, რომელსაც შეფუთვაზე მითითებული აქვს, რომ ყოველდღე გამოყენება ნებადართულია, მაქსიმალურად ნეიტრალური, დელიკატური, ჰიპოალერგიულია. ასეთ შამპუნს აგრესიული შემადგენლობა არ აქვს. შესაბამისად, მისი ყოველდღე გამოყენება ნამდვილად შეიძლება.

დაბანის სიხშირე დაიცავით

თავის დაბანის სიხშირე ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს, თმის ტიპის და წყლის ხარისხის გათვალისწინებით. თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, 3-4 დღე შესვენებისას ჭარბი ცხიმი დაგროვდება, რაც მცირე ანთების გაჩენას გამოიწვევს.

შამპუნი სწორად წაისვით

შამპუნის რაოდენობა თმის სიგრძეზეა დამოკიდებული. რეკომენდებული არაა, უშუალოდ თავზე შამპუნის დასხმა. პირველ რიგში, ასე რაოდენობის გაკონტროლება გაგიჭირდებათ, მეორეც გარკვეულ უბნებზე ზედმეტი კონცენტრირებული საშუალება მოხვდება. სწორედ ამიტომ, შამპუნი ჯერ ხელისგულზე დაისხით, შემდეგ თმაზე გადაინაწილეთ.

თავის დაბანის სწორი ალგორითმი

დაბანამდე თმა აუცილებლად დაივარცხნეთ. თავი ყურიდან ყურამდე უნდა დაიბანოთ, ე.წ. პირობითი ხაზებით, შემდეგ კეფაზე გადადით. მოძრაობა მასაჟური უნდა იყოს, თითის ბალიშებით იმოძრავეთ და არა ფრჩხილებით, რომ კანი არ დააზიანოთ. თავის დაბანის დროს მასაჟი გაიკეთეთ. ის თმის ძირებისთვის სასარგებლოა.

რამდენი შამპუნი წავისვათ

აქ, ყველაფერი დაბანის სიხშირესა და გამოყენებულ საშუალებაზეა. თუ თავს ყოველდღე იბანთ, ორჯერ გასაპვნა აუცილებელი არაა. თუ თავს კვირაში 2–ჯერ იბანთ, სჯობს შამპუნი 2–ჯერ წაისვათ. მეორეჯერ შამპუნის რაოდენობა 2–ჯერ შეამცირეთ.

წყლის ტემპერატურა

ბევრი შეცდომას უშვებს და თავს ძალიან ცხელ წყალში იბანს, რომელიც თმას ატუტოვნებს და ცხიმოვან ჯირკვლებს ააქტიურებს. წყლის ოპტიმალური ტემპერატურა 40-50 გრადუსია. ასეთი წყლის ტემპერატურა კანის ცხიმის კარგად შლის და ჭუჭყის მარტივად აშორებს, ასევე სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.

თავის დაბანა ცივი წყლით დაასრულეთ

სასურველია, თავის დაბანა ცივი ან გრილი შხაპით დაასრულოთ. ასეთი შხაპი თავის თმიან ნაწილში სისხლის მიწოდებას გაზრდის და თმას ბზინვარებას მიანიჭებს.

ნიღაბი თავის დაბანის შემდეგ

ნიღბების გამოყენების სიხშირე თმის მდგომარეობაზე და სასურველ ეფექტზეა დამოკიდებული, ასევე მკვებავი საშუალების შემადგენლობაზე. თუ თმა ძლიერ დაზიანებულია და გაძლიერებული ზრუნვა სჭირდება, ნიღაბი ყოველ მეორე დღეს გამოიყენეთ. 8-10 სეანსის შემდეგ შედეგს კარგად დაინახავთ. ამის შემდეგ კოსმეტიკური საშუალება უფრო იშვიათად გამოიყენეთ. თუ ნიღაბს პროფილაქტიკის მიზნით იყენებთ, კვირაში 1–2–ჯერ საკმარისია. ასეთი პერიოდულობა ოპტიმალურად ითვლება.

ბალზამი არ დაგავიწყდეთ

შამპუნით დაბანის შემდეგ  ბალზამი წაისვით. ბალზამი არა მხოლოდ თმის ph დონეს აღადგენს, არამედ ბზინვარებას ანიჭებს, უფრო ხავერდოვანს ხდის, რადგან მასში ადვილად ამრეკლავი ელემენტები შედის. ბალზამი თმის გარე ფენას არბილებს, რომელიც იხსნება, როცა მასზე ტუტე ხვდება – ანუ ხისტი წყალი, შამპუნი, საღებავი ან პერმანენტის ხსნარი.

ბალზამი მთელ სიგრძეზე წაისვით (ზოგი თვლის, რომ მხოლოდ თმის წვერებისთვის არის აუცილებელი), მათ შორის ძირებზე, მაგრამ თავის კანში არ შეიზილოთ. 5-7 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ. თავის კანზე წასმისას დიდი ალბათობით, ბალზამი თმას დაამძიმებს და მოცულობას დაუკარგავს.

როგორ მოვიქცეთ, თავის დაბანის შემდეგ

თმის ტიპის მიხედვით თმის ზეთი ან დამცავი სპრეი გამოიყენეთ.

ეტიკეტზე მითითებულ ინსტრუქციას მიყევით, წვეთი ზეთი მშრალ ან სველ თმაზე წაისვით. ძალიან ცოტა ზეთი გამოიყენეთ, რომ თმა ცხიმიანი ან სველი არ იყოს.

იცოდეთ, რომ დაზიანებულ თმაზე ეთერზეთების მოქმედება უფრო ეფექტურია, როცა თმა სველია. სწორედ ამიტომ, თუ ჩვეულებრივ ზეთს მშრალ თმაზე ისვამდით, ახლა ჯერ თმა დაისველეთ, შემდეგ ზეთი წაისვით. ასე სასურველ ეფექტს მიიღებთ.

ყოველთვის თერმოდამცავი გამოიყენეთ

რაც შეეხება, დამცავ სპრეის, აუცილებლად გამოიყენეთ, თუ თმას მუდმივად ფენით ან სხვა მოწყობილობით ივარცხნით. თმა კერატინის მყარი ცილისგან შედგება, ამიტომ გახურების მიმართ დაუცველია. ტემპერატურის ზემოქმედებით თმის ზედა დამცავი ფენა იწევა, კორტექსი იხსნება. კერატინი რბილდება და წყალი ორთქლდება. ცხელი დავარცხნისას, განსაკუთრებით სველი თმის შემთხვევაში, წყალი ორთქლდება და ცხიმოვანი საფარი იშლება. თმა იმტვრევა, უფერულდება და სუსტდება.

აღსანიშნავია, რომ თერმოდამცავი სპრეის შემადგენლობაში, როგორც წესი, შედის ბუნებრივი პროტეინები, E და B5 ვიტამინები, ასევე სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტები. ამ კომპონენტების წყალობით თმას თერმული ზემოქმედებისგან დაიცავთ, მოცულობას შემატებთ, რაც ვარცხნილობას უფრო ეფექტურს ხდის.