Connect with us

ყვავილები

რატომ არის სახიფათო თეთრი ნადები ქოთანში

ოთახის მცენარეს ისეთივე ყურადღება სჭირდება, როგორც შინაურ ცხოველს. ყვავილი რეგულარულად უნდა მორწყათ, გამოკვებოთ და დროულად გადარგოთ. მას შეიძლება მავნებლები თავს დაესხან ან უბრალოდ დაავადდეს. ყველაზე გავრცელებული პრობლემა – თეთრი ნადები ქოთანში. ამ პრობლემას თითქმის ყველა მეყვავილე აწყდება.

ნადებთან დაკავშირებით საქმე ბუნდოვანია, ამიტომ გადავწყვიტე მას მეტი ყურადღება დავუთმო. მიწაზე სითეთრის გამოჩენა მცენარისთვის ყოველთვის საზიანო არაა. ნადების ბუნების დროულად გამოვლენა მნიშვნელოვანია, რომ სიტუაცია არ გაამწვავოთ. დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ ებრძოლოთ თეთრ ნადებს მიწის ზედაპირზე.

როგორ მოვაშოროთ თეთრი ნადები მიწას ყვავილების ქოთანში

თეთრი ნადები შეგვიძლია ორ კატეგორიად დავყოთ. პირველი მცენარისთვის შედარებით უსაფრთხოა. მეორე კი სასწრაფოდ უნდა აღმოფხვრათ.

მარილიანი ნადები

ის ჩნდება მაშინ, როცა ძალიან უხეშ სარწყავ წყალს იყენებთ. მას შემდეგ, რაც სითხის ნაწილი აორთქლდება, დანარჩენს კი მცენარე შეიწოვს, ზედაპირზე მარილიანი საფარი რჩება.

თავად ნადები მცენარეს არ აზიანებს, მაგრამ როცა მიწის დიდ ნაწილს ფარას, ქოთანში ჰაერის მოძრაობა ირღვევა. თავიდან ყვავილი ზრდას აფერხებს, დროთა განმავლობაში სუსტდება და ჭკნება.

ამ პრობლემის მოშორება მარტივია. საკმარისია მიწის ზედა ფენა მარილიანი ნადებით მოაშოროთ. მიწა მსუბუქად გააფხვიერეთ და ახალი მიწა დაუმატეთ. პროცედურა გაიმეორეთ, როცა ნადები გაჩნდება. იდეალური იქნება, თუ სარწყავ წყალს გამოცვლით. მინიმუმ 1 დღე წყალი დააყენეთ.

ობი

ცუდია, თუ ნიადაგის ზედაპირზე ობი გაჩნდა. მასთან ბრძოლა რთულია. მთავარი მიზეზი შეიძლება უხვი და ხშირი მორწყვა გახდეს. ტენიანობის დაგუბება ცუდი დრენაჟის ან მისი არ არსებობის გამო ხდება.

თავდაპირველად, ობი მიწის ზედაპირზე აქტიურად ვითარდება. თუ დროულად არ იმოქმედებთ, სიღრმეში შეაღწევს. მალე ობი ფესვების ლპობას და მცენარის კვდომას გამოიწვევს. ყველაზე მიშვებულ შემთხვევაში სოკო ყვავილის მიწისზედა ნაწილზე ვრცელდება. ამ შემთხვევაში ყვავილის გადარჩენა შეუძლებელია.

დროული მოქმედებით ობის სწრაფად მოშორებას შეძლებთ. ამისთვის მიწის ზედა ფენა მოაშორეთ, დარჩენილი ნებისმიერი ფუნგიციდით დაამუშავეთ. ახალი მიწა დაუმატეთ და დროებით მორწყვა შეწყვიტეთ. თუ საქმე დრენაჟშია, მისი სისტემა გააუმჯობესეთ.

ცუდი სცენარის შემთხვევაში გავრცელებული სოკოს მოსაშორებლად უფრო კარდინალური ზომები უნდა მიიღოთ. ყვავილი სრულად ახალ ქოთანსა და ახალ მიწაში გადარგეთ. წინასწარ ფუნგიციდებით დაამუშავეთ. ფესვებს ძველი მიწა კარგად ჩამოფერთხეთ. სჯობს გარეცხოთ, რომ ობის გადატანა თავიდან აიცილოთ.

ზოგჯერ გვავიწყდება, რომ ჩვენი მწვანე მეგობრებიც ცოცხლები არიან და სწორი მოვლა სჭირდებათ. მცენარე ვერ გეტყვით, თუ რა აწუხებს, მაგრამ ცდილობს გაჩვენოთ. ჯანმრთელ და ძლიერ ყვავილზე შეხედვა სასიამოვნოა. ეცადეთ, რომ მცენარე ასეთი ლამაზი შეინარჩუნოთ!