ჯანმრთელობა
ვარიკოზი: რა უნდა ქნათ, თუ რისკ ჯგუფში შედიხართ
საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით, ფეხების ვარიკოზული გაფართოებული ვენები ადამიანების 25%-ს აწუხებს. როგორ მივხვდეთ, რომ რისკ ჯგუფში ვართ და რა გავაკეთოთ?
რა არის ვარიკოზული გაფართოებული ვენები?
სისხლი ფეხის ვენებში მიწის მიზიდულობის ძალის გადალახვით ქვემოდან ზემოთ მიედინება. ამაში მათ სარქველები ეხმარებათ. სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება სარქველების აპარატის მუშაობა გაუმართავი გახდეს და სისხლის გადინება დაირღვეს. ასეთ შემთხვევაში სისხლი ვენებში გროვდება, რაც ვენების კედლების გაჭიმვას და კვანძების წარმოქმნას იწვევს.
ვარიკოზული გაფართოებული ვენების ნიშნები
- ვენები იკლაკნება და კანის ზედაპირზე ამოდის
- ფეხის ტკივილი
- სიმძიმე ფეხებში
- წვის შეგრძნება ვენების გასწვრივ
- ღამის კრუნჩხვები
- გაფართოებული ვენები
- პიგმენტაცია და კანის გაჭიმვა
- ვარიკოზის გაჩენის მიზეზები
ყველაზე ხშირად ვის აწუხებს ვარიკოზი?
ადამიანების 100%-იდან, რომელთაც ვარიკოზული გაფართოებული ვენები აწუხებთ – 25% მომწიფებული ასაკის ქალები, 50% ნამშობიარევი ქალები და 25% კაცები 40 წელს ზემოთ. ამასთან დაავადების რისკი შეიძლება 20 წლის შემდეგ გაჩნდეს. ასეთი დამთრგუნველი სტატისტიკის მიუხედავად, ვარიკოზული გაფართოებული ვენების პროფილაქტიკის მარტივი და მოქმედი მეთოდები არსებობს, რომელთა შესახებ დღეს გიამბობთ. პირველ რიგში, ვარიკოზის გაჩენის რამდენიმე მიზეზი ჩამოვთვალოთ, რომლითაც განსაზღვრავთ რისკ ჯგუფს მიეკუთვნებით თუ არა.
მემკვიდრეობა
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ვენების ვარიკოზულ გაფართოებას იწვევს, ეს მემკვიდრეობაა. დაავადების შემთხვევების 70% დედიდან ქალიშვილზე გადადის. გაიგეთ, თქვენს ბებიას და დედას ვარიკოზული გაფართოება ხომ არ აწუხებდათ, ვინმემ შეიძლება ოპერაციაც კი გაიკეთა. თუ დაავადების მიმართ გენეტიკურ მიდრეკილებას გაარკვევთ, სერიოზულად დაფიქრდით, სანამ პარიკმახერის, მასწავლებლის ან ბორტგამყოლის პროფესიას აირჩევთ.
შრომის პირობები
საქმე იმაშია, რომ რისკის მეორე ფაქტორს ფეხზე დიდხანს ყოფნა, ასევე მჯდომარე პოზა და მძიმე ფიზიკური შრომა წარმოადგენს.
ჰორმონალური ცვლილებები
შემდეგი სახიფათო მომენტი შეიძლება იყოს ჰორმონალური ცვლილებები ორგანიზმში (რამდენიმე ჰორმონალური პრეპარატის მიღება). სარქველის აპარატის მუშაობაზე ცუდ გავლენას ახდენს ენდოკრინული ცვლილებები და წონის მატება. შესაძლოა, ამიტომ ორსული ქალები რისკის ქვეშ არიან.
რეგულარული გადახურება
ვარიკოზული გაფართოება შეიძლება გარემოს მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვიოს – ეს ვენებისთვის დამატებით დატვირთვას წარმოადგენს. ძალიან ცხელი აბაზანა, საუნა, ასევე მზეზე 40 წუთზე მეტხანს ყოფნა არასასურველია.
არაკომფორტული ფეხსაცმელი
თქვენ რისკავთ, თუ მუდმივად მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ატარებთ (თუმცა სრულად სწორი ფეხსაცმელიც სასარგებლო არაა). მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი კუნთებს მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაში ყოფნას აიძულებს და ვენებზე დატვირთვას აძლიერებს. 5 და მეტ სმ-იანი ქუსლი მაღალქუსლიანად ითვლება, ოპტიმალურია 2-3 სმ სიმაღლის ქუსლი.
და ბოლოს, რაც უნდა აღვნიშნოთ, მოწევა. რთული სათქმელია, თუ რამდენი მოწეული სიგარეტი წარმოადგენს საფრთხეს, თუმცა ვარიკოზულ გაფართოებულ ვენებსა და მოწევას შორის კავშირი ნამდვილად არსებობს.
როგორ ვიმკურნალოთ ვარიკოზი
ვარიკოზის მკურნალობა არ გადადოთ. ექიმთან დროულად მიმართვა ვარიკოზული გაფართოებული ვენების საწყის ეტაპზე აღმოჩენის საშუალებას მოგცემთ. გამოკვლევის რამდენიმე თანამედროვე მეთოდი არსებობს, რომელთა უმეტესობა უსაფრთხო და უმტკივნეულოა. პირველ რიგში, ესაა ულტრაბგერითი გამოკვლევა (დიპლეროგრაფია). ის ვენების მდგომარეობას, სისხლის მოძრავ მასას და სიჩქარეს ავლენს.
სახლის პირობებში ვარიკოზის თავიდან აცილება რთული არაა, მაგრამ პროფილაქტიკამ შედეგი რომ გამოიღოს, ექიმების რეკომენდაციების უმეტესობა ჩვევად უნდა აქციოთ.
სპორტით დაკავდით
პირველი, რასაც ყველა ექიმი გირჩევთ, სპორტით დაკავდით. აირჩიეთ სპორტის სახეობა, რომლის დროსაც ფეხის კუნთები თანაბრად და ინტენსიურად იკუმშება. სპორტული სიარული, სირბილი, ველოსიპედი, თხილამურები, ცხენით ჯირითი, ცეკვები ფეხებისთვის ძალიან სასარგებლოა. არ დაგავიწყდეთ: სპორტის რომელი სახეობაც არ უნდა აირჩიოთ, ფეხსაცმელი თავისუფალი და მოსახერხებელი უნდა იყოს. საუკეთესო სპორტი ვარიკოზის დროს – ცურვა: ვენებზე არანაირი ზეწოლა არ ხდება, ის როგორც ასეთი ნულოვანი სიმძიმის პირობებში იმყოფება. ძალიან ხელმისაწვდომი, მაგრამ არანაკლებ ეფექტურია – ფეხით სიარული. დღეში 15 წუთით სიარული დადებით შედეგს მოგცემთ.
თუ სავარჯიშო დარბაზში ვარჯიში აირჩიეთ, რამდენიმე ძირითადი წესი დაიცავით:
- უპირატესობა სიმძიმის გარეშე ან მინიმალური სიმძიმის (1 კგ-მდე) ვარჯიშებს მიანიჭეთ;
- ვარჯიშის განმეორება გაზარდეთ და არა მოწყობილობის წონა;
- სხვადასხვა დროს კუნთების ცალკეულ ჯგუფზე ვარჯიში შეასრულეთ და ვარჯიში დასვენების დღეებით ჩაანაცვლეთ.
სადაც არ უნდა ივარჯიშოთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ – დატვირთვა სასარგებლო იქნება, როცა ეს სიამოვნებას განიჭებთ, ხოლო ძალები უფრო სასიამოვნო რამისთვის გამოგადგებათ. სპორტის არჩევის დროს გახსოვდეთ, რომ ვარიკოზს ნებისმიერი სახის დატვირთვა არ შეეფერება.
ვარიკოზის დროს არც თუ ისე კარგია ჩოგბურთი, ბოდიბილდინგი, წყალბურთი, სრიალი – სპორტის სახეობები, რომლებიც მკვეთრ მოძრაობას მოითხოვენ. ასეთი სპორტი არა მხოლოდ უსარგებლო, არამედ ჯანმრთელობისთვის საზიანო შეიძლება იყოს. თუ რეგულარულად ვარჯიშის დრო არ გაქვთ, იმედი არ გაიცრუოთ.
რამდენიმე მარტივი ვარჯიში არსებობს, რომლებიც განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს, მაგრამ სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად ეფექტურია.
ვარჯიშის შესრულება განსაკუთრებით რეკომენდებულია მათთვის, ვინც საქმიანობის გამო ბევრ დროს მჯდომარე პოზაში ატარებს ან დგას. გაიარეთ, ქუსლიდან წვერამდე იმოძრავეთ. თითის წვერებზე 20-30-ჯერ დადექით. რამდენიმე ჩაჯდომა გააკეთეთ, წონა ტერფის კიდეებზე გადაიტანეთ.
თუ დიდხანს ჯდომა გიწევთ, დრო და დრო ფეხები გაჭიმეთ: მუხლები ასწიეთ და ტერფები წინ და უკან ამოძრავეთ, ტერფები საათის ისრის მიმართულებით და უკან ატრიალეთ. შემდეგ თითები მოღუნეთ და გაშალეთ, სანამ მსუბუქ დაჭიმვას არ იგრძნობთ. პოზა ხშირად შეიცვალეთ და ფეხი ფეხზე გადადების ჩვევა მოიშორეთ – ამ დროს ვენები იკუმშება და სისხლის მიმოქცევა ირღვევა.
ფეხებზე იზრუნეთ
სახეს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ, მაგრამ მოვლა ფეხებსაც სჭირდებათ. დილით რამდენიმე წუთით ცივი წყალი გადაივლეთ. სასურველია, რომ წყლის ნაკადი ძლიერი იყოს.
კვირაში რამდენჯერმე, 20 წუთით ფეხზე ტალახის ნიღაბი გაიკეთეთ. ნიღაბი გრილი წყლით ჩამოიბანეთ და კრემი წაისვით. პროცედურა შეშუპებას აქრობს, კვებას და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ნიღბის წასმის შემდეგ ფეხები ცოტა ხნით მაღლა აწეული გააჩერეთ.
ეს ჩვევად აქციეთ – როცა ისვენებთ, ტელევიზორს უყურებთ, ფეხები სჯობს აწეული გქონდეთ. იდეალური იქნება, თუ ფეხებს გულის ზემოთ დონეზე გააჩერებთ. ექიმები გირჩევენ ღამით ფეხების ქვეშ ბალიში დაიდოთ.
ხალხურ საშუალებებს შორის დროში გამოცდილი პროფილაქტიკის მეთოდები არსებობს. აიღეთ მსხვილი ხის ძელაკი (ჩვეულებრივი ცვილის სანთელიც გამოდგება), ერთი ფეხი სკამზე დადეთ და შემდეგ კანს მსუბუქად დააჭირეთ, ტერფიდან მუხლამდე იმოძრავეთ. ვარჯიში მეორე ფეხზეც შეასრულეთ. ვარჯიში სისხლძარღვების გასაფართოებლად სასარგებლოა. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ფეხებს დასვენებაში მარტივი მასაჟიც დაეხმარება. ფეხის თითოეული თითი დაიმასაჟეთ, რეზინის ბურთი „ზღარბი“ ტერფებზე გადაიტარეთ. რამდენიმე წუთით მსგავსი ვარჯიში სისხლის მიმოქცევას აღადგენს.
კვებას ყურადღება მიაქციეთ
კვება რაციონალური უნდა იყოს. როგორც აღვნიშნეთ, წონის ცვლილება ფეხების მდგომარეობაზე გავლენას ახდენს. ძირითადი წესი: მაქსიმალურად ბოსტნეული და ხილი. მინიმუმ მარილიანი, ცხიმიანი და შებოლილი კერძები. ცხოველური ცხიმები მცენარეულით ჩაანაცვლეთ, რადგან ისინი მჟავებს შეიცავენ და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებენ. ბევრი უჯრედისი შეჭამეთ – მის სარგებელზე საუბრობს ფაქტი, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც უჯრედისი მთავარ საკვებს წარმოადგენს, ვარიკოზული გაფართოებული ვენები პრაქტიკულად არ გვხვდება. ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე კერძებს ხშირად მიღება სისხლის შემადგენლობას ცვლის, რამაც შეიძლება თრომბის გაჩენა გამოიწვიოს. ასევე ვენებზე ალკოჰოლიც ნეგატიურ გავლენას ახდენს.
მიირთვით პროდუქტები, რომლებიც P ვიტამინს შეიცავენ. ესაა ნიგოზი, მწვანე ჩაი და ასკილი. ისეთი პროდუქტები, როგორიცაა გაღვივებული ხორბალი, ბარდა, ლობიო, მწვანე ხახვი ვენებს მკვებავი ნივთიერებებით გაამდიდრებს და მათ უფრო მოქნილს გახდის.
შესაძლებლობის მიხედვით დღეში 1 ჭიქა ყავით შემოიფარგლეთ, რადგან სასმელი სისხლძარღვებისთვის საზიანოა.
სწორად ჩაიცვით
მაღალქუსლიანი, ასევე ვიწრო ფეხსაცმელი, რომელიც ტერფს აწვება, ვენების მდგომარეობაზე ცუდ გავლენას ახდენს. ვიწრო, ქუსლიანი ფეხსაცმელი წვეულებებისთვის შეინახეთ, ყოველდღიურად კი უპირატესობა დაბალქუსლიან, თავისუფალ ფეხსაცმელს მიანიჭეთ. თუ ვარიკოზის სიმპტომები შეამჩნიეთ, ვიწრო ტანსაცმელზე უარი თქვით, განსაკუთრებით მაღალყელიან წინდებსა და ვიწრო რეზინიან წინდებზე.
პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ ექიმები გირჩევენ სპეციალური წინდების ტარებას. ამ დროს ვენებზე წნევა გარედან იქმნება, შედეგად სისხლის დაგუბება მცირდება და ვენების ნორმალური ზომა ნარჩუნდება. ადრე ამ ეფექტის მისაღებად ელასტიკურ ბინტებს იყენებდნენ, ახლა, საბედნიეროდ თერაპიაში გამოიყენება წინდები მასაჟის ეფექტით. ასეთი ნაწარმი უფრო მოსახერხებელი და პრაქტიკულია, ამასთან ისინი გარეგნულ მხარეს არ აფუჭებენ. ის ჩვეულებრივ ქალის წინდას ჰგავს, მაგრამ გარკვეულ ადგილებში ძალიან მჭიდროა.