Connect with us

ყვავილები

გავრცელებული შეცდომები ორქიდეას მოვლის დროს

ორქიდეა სახლის საკმაოდ პრეტენზიული მწვანე სტუმარია. გამოუცდელი მებაღეები ამ მცენარის მოვლის დროს რიგ გავრცელებულ შეცდომებს ხშირად უშვებენ. ბევრმა უბრალოდ არ იცის, თუ მას როგორ მოუაროს და ისე ეპყრობა, როგორც ჩვეულებრივ ყვავილს.

მსგავსი შეცდომები თავიდან რომ აიცილოთ, სახლის პირობებში ორქიდეას მოვლის დეტალებს გაგიზიარებთ.

ორქიდეა სახლში

ორქიდეა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ყვავილია. სამწუხაროდ, შეძენიდან რამდენიმე თვეში ხშირად ჭკნება, რასაც ხშირად მოვლის არასწორი პირობები იწვევს.

1. ორქიდეების ნიადაგში ღრმად ჩარგვა

ორქიდეების პირველად შეძენისას მცენარეს ხშირად მიწაში ღრმად რგავენ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ, რომ მცენარის ფოთლები და ნიადაგი ერთ დონეზე იყოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი ფოთლები ნიადაგიდან ამოწვერვას ვერ შეძლებენ. გარდა ამისა, მიწასთან მყოფი ყვავილები და ფოთლები შეიძლება ნაცრისფერი მშრალი ლპობით დაიფაროს.

2. ძალიან დიდი ქოთანი

ორქიდეასთვის გამჭვირვალე ქოთანი შეარჩიეთ. ასე ფესვების მდგომარეობის შემოწმებას შეძლებთ (მწვანე ფერისაა თუ არა, ლპობის პროცესი ხომ არ დაიწყო).

ქოთნის შერჩევის დროს ფესვების სისტემის ზომას ყურადღება მიაქციეთ. სჯობს ოდნავ პატარა ზომის ქოთანი აიღოთ, ვიდრე ძალიან დიდი ქოთანი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგებთან ბრძოლა უფრო რთული იქნება.

3. პროფილაქტიკის არ არსებობა

ორქიდეას საჩუქრად მიღების შემდეგ ხშირად მას ერთ ადგილს უჩენენ და იმედოვნებენ, რომ მომავალში თავისით აყვავილდება.  მნიშვნელოვანია, რომ მომენტი ხელიდან არ გაუშვათ და სპეციალური საშუალებებით მავნებლების და დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკა ჩაუტაროთ. ყვავილის გადარგვისთანავე ამ პროცედურის ჩატარება არ დაგავიწყდეთ.

4. სუბსტრატი

მაშინაც კი, თუ ორქიდეასთვის განკუთვნილ სპეციალურ ნიადაგს იყენებთ, მხოლოდ მწარმოებლის იმედად ნუ იქნებით. ისინი ხშირად არც თუ ისე ხარისხიან პროდუქტს გვთავაზობენ. ყურადღება მიაქციეთ, რომ სუბსტრატში ნაფოტები არ იყოს, რადგან ისინი დიდი რაოდენობით ფისს შეიცავენ.

იდეალური ნიადაგი მთელი, არც თუ ისე პატარა ზომის, თითქმის ერთნაირი ზომის ქერქისგან შედგება. შეგიძლიათ უპირატესობა თიხას მიანიჭოთ, რადგან ის საკმაოდ მსუბუქი, ჰაერგამტარი და არც ისეთი წყალმდგრადია, როგორც ქერქი.

5. სუბსტრატი არ მუშაობს

თუ ორქიდეას ქვესადგამში მორწყავთ, ხოლო ქოთანში ქერქი მშრალი იქნება, მცენარე ძალიან მალე დაჭკნება. სანამ თავად სუბსტრატი შიგნით სველი არ იქნება, ფესვებიდან ზემოთ ტენის ატანას ვერ შეძლებს.

სუბსტრატმა მოქმედება რომ დაიწყოს, ქოთანში ქერქი 10 დღიანი ინტერვალით 3-ჯერ ინტენსიურად უნდა მორწყათ. თუ ქოთანი დიდია, შუალედი 14 დღემდე გაზარდეთ. მოგვიანებით ასე ინტენსიურად თვეში ერთხელ მორწყეთ. ამის შემდეგ, შეგიძლიათ ორქიდეა ჩვეულებრივ ზემოდან მორწყათ, რომ წყალი ქვესადგამზე დაგროვდეს.

6. არასწორი გადარგვა

რა თქმა უნდა, ორქიდეას გადარგვის უამრავი წესი არსებობს. თუმცა ზოგიერთი მათგანი ძალიან ხშირად ირღვევა. მაგალითად, დამწყები მებაღეები ძველი ქოთნიდან მცენარის ამოღების დროს ფესვებს ტორფის ნარჩენებს არ აშორებენ. არადა ამან შეიძლება ლპობის პროცესი გამოიწვიოს.

გარდა ამისა, ქოთნის ძირში სადრენაჟო ფენას ყველა არ აკეთებს, რაც ორქიდეას ძალიან სჭირდება. ეს დეტალები აუცილებლად გახსოვდეთ, რომ თქვენმა მცენარემ თავი კარგად იგრძნოს.

თუ ადრე სახლში ორქიდეას გახარებას ვერ ახერხებდით, ახლა უკვე იცით, თუ რით შეიძლება იყოს ეს გამოწვეული. ამ რჩევებით შეიარაღდით, რომ თქვენი ორქიდეა ჯანმრთელი გაიზარდოს და ლამაზი ყვავილებით ყოველთვის გაგახაროთ.