Connect with us

ჯანმრთელობა

91 წლის იაპონელი ფიტნეს მწვრთნელი მხნეობის საიდუმლოს გვიმხელს

იაპონელი ტაკიშიმა მიკა თავისი ეფექტური სხეულის ფორმებით გვაოცებს. ის მოხდენილი და ლამაზია. ქალი ფიტნეს მწვრთნელად მუშაობს და სპორტის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ტაკიშიმას ნამდვილად უშრეტი ენერგია აქვს. ეს ყველაფერი არაფერია. მისი ასაკი კიდევ უფრო მეტ აღფრთოვანებას იწვევს. 2022 წელს ტაკიშიმა მიკას 91 წელი შეუსრულდა.

ტაკიშიმა მიკა

ალბათ, გაოცებული ხართ, ასეა? სუსტი იაპონელი ქალი ზურგიდან სკოლის მოსწავლეს ან პატარა ახალგაზრდა გოგოს ჰგავს. როგორც არ უნდა იყოს, ბებიას წოდება გაგიჭირდებათ, იმდენად ენერგიული და მხიარულია. მიკა ყოველთვის ასე არ გამოიყურებოდა.

„ვარჯიში სპორტულ დარბაზში 65 წლის ასაკში დავიწყე. თავიდან სიმსუქნეს ვერ ვამჩნევდი. ჩემი წონა ორჯერ მეტი იყო, ვიდრე ახლა ვარ. მეუღლემ მიმანიშნა ასეთ დელიკატურ პრობლემაზე. სწორედ ამიტომ, 15 კგ–ს დაკლება გადავწყვიტე და სავარჯიშოდ დარბაზში ჩავეწერე“ – ჰყვება ტაკიშიმა.

ტაკიშიმა მიკა ძლიერი ნებისყოფის და შეუპოვრობის ნათელი მაგალითია. 79 წლისას პირად მწვრთნელთან მუშაობა დაიწყო, ხოლო 87 წლის ასაკში თავად ავარჯიშებდა სხვებს. იაპონელი ქალი ასაკს ყურადღებას არ აქცევს. ყოველთვის ამბობს „არავინ არასდროს ძალიან ბებერი არაა, რომ რაღაც ახალი დაიწყოს“.

ცხოვრების განსაკუთრებული წესი

საოცარ ქალს ცხოვრების წესიც განსაკუთრებული აქვს. უმეტესობა ჩვენგანისთვის ასეთი რეჟიმი შეიძლება დამღუპველი იყოს, მაგრამ ტაკიშიმას მხოლოდ აძლიერებს. სპორტსმენი 23:00 საათზე დაძინებას და დილით 04:00 საათზე ადგომას ცდილობს. მოქალაქეებისთვის ძალიან ადრეა, მაგრამ არა მიკასთვის. ქალი დილით 3 საათით დარბის. ამ დროში დაახლოებით 8 კმ–ს გადის.

სადღაც 07:00 საათზე ნოყიერად საუზმობს. ამ დროის მონაკვეთში გრილზე მომზადებულ სკუმბრიას ან ორაგულს უპირატესობას ანიჭებს. ნატტო, ტრადიციული იაპონური კერძი, რომელიც სოიოსგან მზადდება, ძალიან უყვარს. არ ავიწყდება ბოსტნეული, კვერცხი, კიმჩის კომბოსტო, ტოფუ. დილით კალორიების მაქსიმალურ რაოდენობას იღებს. სადილზე ხილს და ნატურალურ იოგურტს მიირთმევს. ოღონდ ენთუზიაზმის გარეშე, რადგან ნოყიერი სადილის გამო შეიძლება დაეძინოს.

მუდმივი მოძრაობა

დილის ვარჯიშის და საუზმის შემდეგ მიკა ჩვეულ სახლის საქმეებს ასრულებს. სახლის დალაგება, საჭმლის მომზადება, ვარჯიშები, ონლაინ გაკვეთილები. მიკა თავის სხეულს იმდენად კარგად ფლობს, რომ ზურგი გამართული აქვს, ხოლო მუცელი მუდმივად შეწეული, ტელევიზორის ყურების დროსაც. სიტყვაზე, ტაკიშიმას მუსიკის გარეშე ვარჯიში ურჩევნია, რომ საქმეზე მაქსიმალურად კონცენტრირდეს.

ვარჯიშის დროს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გაწელვებს, შპაგატს, ასევე შტანგების აწევას. ქალი დარწმუნებულია, რომ კუნთები სავარჯიშოდ თანდათან უნდა მოამზადოთ. ფრთხილი მიდგომა წარმატების გარანტიაა, რადგან სხეული მფლობელის მადლიერი იქნება. მიკა ყოველდღე 3 საათი ვარჯიშობს.

როგორ ცხოვრობს და ვარჯიშობს ტაკიშიმა მიკა

მიკა საკმაოდ ნოყიერად ვახშმობს. ქათმის წვნიანზე, ასევე ბოსტნეულზე გიჟდება. მავნე პროდუქტებს, ასევე არომატიზატორებს და კონსერვანტებს თავს არიდებს. მიკა დიეტებით თავს არ იტანჯავს და ნებისმიერ დროს, როცა სურს, ორგანიზმს ტკბილეულით ანებივრებს.

საოცარი ტაკიშიმა მიკა, რომელსაც ასევე ტაკიმიკას უწოდებენ, თავისუფალ დროს ტყუილად არ ხარჯავს. ვარჯიშობს, ფიტნესის ახალ მეთოდებს, კომპიუტერთან მუშაობას სწავლობს და მუდმივად ინგლისურში ვარჯიშობს. მიკა ძალიან მეგობრულია და აღიარებს, რომ მთელ მსოფლიოში ბევრი მეგობრის ყოლა სურს! იაპონელი ქალი ბევრი ზარმაცი ადამიანისთვის ნამდვილი მაგალითია! ტაკიმიკა, დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას გისურვებთ. მისაბაძი ადამიანი ხართ!

Advertisement