თავის მოვლა
9 სალონური სპა–პროცედურა, რომელიც შეგიძლიათ სახლში მარტივად გაიკეთოთ
სალონური სპა–მოვლის მთავარი კომპონენტებია: სკრაბი, ზეთი, ბალახები და ქვები. თავად პროცედურა რთული არაა, ხოლო ინგრედიენტები სულ რაღაც თეთრები ღირს!
სკრაბები
შინაურული სკრაბის შემადგენლობა: ნებისმიერი მცენარეული ზეთი (მაგალითად, ზეითუნის ან სელის ზეთი) და ამქერცლავი ნატურალური პროდუქტი: მარილი, შაქარი, ყავა, დაფქული შვრია ან კაკალი.
ფეხის პილინგი: მარილის სკრაბი
მარილის სკრაბის შემადგენლობაში შედის მინერალები და მიკროელემენტები, რომლებიც ლიმფური სისტემის მუშაობას აუმჯობესებენ და შეშუპების საუკეთესო პროფილაქტიკას წარმოადგენენ. მოსამზადებლად ნახევარი ჭიქა ზღვის მარილი 2 ს/კ ზეითუნის ზეთს აურიეთ.
ხელის პილინგი: შაქრის სკრაბი
თუ ხელის კანი მუდმივად გიშრებათ, ჩვეულებრივი კრემი კი ვერ გშველით, შაქრის სკრაბი სცადეთ. მარტივი რეცეპტი: შაქარი ყურძნის კურკის ზეთს აურიეთ და კარგად დაიმასაჟეთ.
სხეულის პილინგი: ყავის სკრაბი
გსურთ ხავერდოვანი კანი გქონდეთ? ნახევარ ჭიქა დაფქულ ყავის მარცვლებს მდუღარე წყალი დაასხით, რომ სქელი ფაფა მიიღოთ, შემდეგ 2–3 ს/კ ცხიმიანი არაჟანი დაუმატეთ და კანზე შეიზილეთ.
სახის პილინგი: შვრიის ფანტელების და კაკლის სკრაბი
ეს პილინგი სალონურ პროცედურას ეჯიბრება! ფანტელები და კაკალი თანაბარი პროპორციით აურიეთ და დააბლენდერეთ. თუ გსურთ გაწმენდის და კვების პროცედურა ერთდროულად ჩაიტაროთ, პილინგის შემდეგ საშუალება 10-15 წუთით გაიჩერეთ.
ზეთი
მცენარეული ზეთი მასაჟის და ნიღბის მოსამზადებლად გამოიყენება. ზეთები თავად აირჩიეთ (ზეითუნი, ნუში, ავოკადო ან შია).
ზეთოვანი ნიღაბი ტერფებისთვის
დაივიწყეთ „ჯადოსნური“ წინდები, რომლებიც კანის რამდენიმე ფენას გვაშორებენ! სჯობს ნახევარი ავოკადო, 1 კვერცხის გული, ნახევარი ლიმონის წვენი და 4 ს/კ სელის ზეთი დააბლენდეროთ. ზეთი ტერფებზე წაისვით (სჯობს ფეხის აბაზანის და პილინგის შემდეგ), ბამბის შემცველი წინდა ჩაიცვით. 30 წუთში თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ზეთოვანი აბაზანა ხელებისთვის
ზეთი 39-40 გრადუსამდე შეათბეთ და მასში ხელები 10-15 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ნიღბის ნარჩენები ქაღალდის პირსახოცით მოიშორეთ.
ბალახები
ხმელ ბალახებს აფთიაქებში ადვილად იპოვით. ძვირი არ ღირს, სამაგიეროდ შეგიძლიათ სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენოთ.
ბალახების საშე
შეუღებავი ბამბის ნაჭრიდან 10×10 ზომის პატარა კვადრატი გამოჭერით, მასზე 2–3 ს/კ ხმელი ბალახების ნარევი დადეთ. გამოგადგებათ ცაცხვის ყვავილები, კრაზანა, გვირილა, პიტნის ფოთლები. ქსოვილის კუთხეები ტომრის მსგავსად შეკარით. ასეთი საშე შეგიძლიათ აბაზანის მისაღებად, სახის და თმის მოსავლელად გამოიყენოთ. 37-38 გრადუსამდე გახურებული კი სახის და ყელის მასაჟისთვის გამოგადგებათ.
ქვები
სპა სალონებში ქვებს „სტოუნ–თერაპიის“ დროს იყენებენ. ამ მოდური და ძვირადღირებული პროცედურის გამარტივებულ ვარიანტს გთავაზობთ. ალბათ, „წარსულ ცხოვრებაში“ თქვენ ზღვის სანაპიროზე ლამაზ ქვებს აგროვებდით. გილოცავთ, დღეს გამოგადგებათ!
ტერფების მასაჟი
ფეხის აბაზანა მოამზადეთ, მასში სხვადასხვა ზომის გლუვი კენჭები ჩაყარეთ. ფეხის ტერფები ქვებზე 2-3 წუთით ატყაპუნეთ. კენჭები ტერფების აკუპუნქტურ წერტილებზე გავლენას ახდენს, რაც სწრაფად ტონუსს შეგმატებთ.
სტოუნ–მასაჟი სახისთვის
პროცედურა უბრალოდ ღვთაებრივია! რაც მთავარია, მასაჟის შემდეგ სახის კანი თავს ისე გრძნობს, თითქოსდა ახლახანს ზღვის სანაპიროდან დაბრუნდით! მასაჟისთვის დაგჭირდებათ 2 მრგვალი კენჭი. ერთი ცხელ აბაზანაში (50-60 გრადუსი) ჩადეთ, მეორე საყინულეში. სახე და ყელი მასაჟურ ხაზებზე ჯერ თბილი ქვით, შემდეგ ცივი ქვით დაიმასაჟეთ.