Connect with us

ჯანმრთელობა

8 კვების წესი ცხელ ამინდში, რომელსაც თითქმის ყოველდღე ვარღვევთ

ალბათ, ხშირად არც კი ფიქრობთ, თუ რა და როგორ უნდა მიირთვათ ცხელ ამინდში. ასეთ შემთხვევაში შედეგი იმედს გაგიცრუებთ: ხან ნოყიერად ჭამის შემდეგ განძრევა არ გვსურს, ხან სრულიად ზედმეტი ნაკეცები ჩნდება. არადა ამის თავიდან აცილება და მთელი დღით მხნეობის შენარჩუნება შესაძლებელია.

Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ კვების წესებს ზაფხულში, როცა გარე ტემპერატურა 30°C–ს აღწევს. მაგალითად, იცოდით, რომ სანაპიროზე წასვლის წინ 1 თეფში ფაფის ჭამა კარგია.

1. კვების რეჟიმი შეცვალეთ და კალორიების რაოდენობას გადახედეთ

როცა ვერცხლისწყლის სვეტი თერმომეტრზე 30°C–ს აჩვენებს, დიეტოლოგები გირჩევენ ძირითადი კვება დღის გრილი მონაკვეთისთვის გადაიტანოთ. სჯობს დილის 7 საათზე ისაუზმოთ. ასე სადილი ზუსტად 11:00-11:30 საათზე მოგიწევთ. სასურველია, 18:00 საათის შემდეგ ივახშმოთ, ხოლო დაახლოებით 21:00 საათზე წაიხემსოთ.

ყველაზე კალორიული საუზმე უნდა იყოს (მთელი დღის რაციონის 35%): ასე მთელი დღე ენერგიული იქნებით. სადილსა და ვახშამზე დღიური რაციონის 25% მიირთვით. 15% საღამოს წასახემსებლად დაიტოვეთ.

2. ორგანიზმი ცხელი სასმელებით გააგრილეთ

დიახ, არ მოგესმათ. ცხელ ამინდში ჩინეთის და შუა აზიის ქვეყნების მაცხოვრებლები რამდენიმე ფინჯან ცხელ ჩაის სვამენ. მნიშვნელობა არ აქვს, მწვანე თუ შავ ჩაის დალევთ. მისი ზემოქმედებით კანის ზედაპირიდან ოფლი სწრაფად ორთქლდება და ნანატრ სიგრილეს იგრძნობთ.

გარდა ამისა, წყურვილის მოსაკლავად სჯობს ბალახების ნაყენი, მინერალური, უგაზო წყალი, აირანი, უშაქრო იოგურტი ან ასკილის სასმელი დალიოთ.

3. კარტოფილი, ბანანი და სეზამი მიირთვით

სიცხეში გული და სისხლძარღვები გაძლიერებულად მუშაობენ. მათ მხარდასაჭერად კალიუმით მდიდარი პროდუქტები მიირთვით. პირველ რიგში, ეს კარტოფილია. ახალი კარტოფილი მწვანილთან ერთად ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული კერძი შემთხვევით არაა.

ბევრ კალიუმს (ასევე კალციუმს, მაგნიუმს და ბევრ აუცილებელ ვიტამინს) სეზამი, ბროკოლი და ისპანახი შეიცავს.

4. ხორცი კეფირით და იოგურტით ჩაანაცვლეთ

ხორციანი პროდუქტებით ნივთიერებათა ცვლა ზუსტად 40%–ით იზრდება. ცივ სეზონზე ორგანიზმის გახურებას, ხოლო სიცხეში ჭარბ ოფლიანობას, კალორიების დაკარგვას, ზოგად სისუსტეს და მოთენთილობას იწვევს.

სჯობს ზაფხულში ხორცის ნაცვლად რძემჟავა პროდუქტები მიირთვათ. ისინი აუცილებელ ამინომჟავებს, ფთორს, კალციუმს და კალიუმს შეიცავენ. ცილების კიდევ ერთი შესანიშნავი წყაროა ქათმის კვერცხი (მთავარია, ახალი და ყველა წესის დაცვით შენახული იყოს).

5. სანაპიროზე გასვლის წინ 1 თეფში ფაფა შეჭამეთ

მარცვლეული მაღალენერგეტიკული პროდუქტია, რომელიც ნელ ნახშირწყლებს შეიცავს. ის ნელა მუშავდება, ამიტომ ასეთი წახემსების შემდეგ დიდი ხნით დანაყრდებით. ეს ზაფხულში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა სადილსა და ვახშამს შორის დიდი შუალედის გაკეთება გვიწევს. ფაფა საუზმეზე აუცილებელ ძალას და ენერგიას მოგცემთ, რომ სანაპიროზე აქტიური იყოთ – ცურვისა თუ სხვადასხვა თამაშისთვის.

გარდა ამისა, მარცვლეული ყველა შესაძლო ვიტამინს და მიკროელემენტს შეიცავს. წიწიბურა გულისთვის სასარგებლო კალციუმსაც შეიცავს.

6. ნაყინის და ყინულიანი სასმელების მიღება შეზღუდეთ

სიცხეში ნაყინის ან ცივი სასმელის დალევა ძალიან გვსურს. ლოგიკა მარტივია: ორგანიზმში რაღაც ცივი ხვდება და იმწამსვე გრილდება. თუმცა სინამდვილეში ასე არაა.

ნაყინი, როგორც ნებისმიერი ტკბილი საკვები, სისხლის სიბლანტეს ზრდის, ნელა მუშავდება, მასში შემავალი შაქარი წყურვილს ზრდის. ყინულის წყალიც საფრთხის შემცველია: ის საყლაპავს აგრილებს და იმუნიტეტს ამცირებს. სწორედ ამიტომ, ხშირია შემთხვევა „ცივი წყალი დავლიე და ყელი გამიცივდა“. დასვენების დროს კი ეს უდროოა.

7. იოდით მდიდარი პროდუქტები და კვების სტიმულატორები გამორიცხეთ

ექიმები ზაფხულში ზღვის კომბოსტოს მიღება და კერძებში იოდიზირებული მარილის გამოყენებას არ გვირჩევს. საქმე იმაშია, რომ სიცხეში იოდი საკვების დაშლის პროცესებს ანელებს. შედეგად, კუჭში სიმძიმე ჩნდება.

ყველა ბიოაქტიური დანამატი, მაგალითად ჯენშენი ან ლიმონურა, აკრძალულია. მათ სხეულის ტემპერატურის გაზრდა შეუძლიათ. იგივე ყავას ეხება: ცხელ ამინდში ყავა არ გაგამხნევებთ, პირიქით, ძვირფას ძალას წაგართმევთ და გულს ზედმეტად დატვირთავს.

8. წყალს ლიმონის წვენი ან საკვები მარილი დაუმატეთ

ზაფხულში ბევრს შეშუპების ეშინია, ამიტომ ცოტა სითხეს იღებს. სამწუხაროდ, ეს გამოსავალი არაა: წყურვილის ატანა არ შეიძლება. სჯობს კვების რეჟიმი მოაწესრიგოთ.

წყლის დღიური ნორმა: 30 მლ 1 კგ სხეულის მასაზე. ამასთან გაზიანი, ტკბილი სასმელები და შეფუთული წვენები წყლად არ ითვლება: ასეთი სითხე სიცხით დასუსტებულ ორგანიზმზე ზეწოლას ზრდის და წყურვილს აძლიერებს. აუცილებელია, ხარისხიანი წყალი დალიოთ. ოდნავ ლიმონის წვენით სიმჟავე შემატეთ. გაძლიერებული ოფლდენის დროს წყალს ცოტა მარილი დაუმატეთ. ამ რჩევებს გამოცდილი ტურისტები ხშირად იყენებენ.