ჯანმრთელობა
7 მიზეზი, რატომ უნდა შეიყვაროთ ეს ქარვისფერი კაფსულები მთელი გულით
ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის დეფიციტით შორს ვერ წახვალთ. ისინი ორგანიზმის აბსოლუტურად მთელი სისტემის მუშაობაში მონაწილეობენ. ამ მჟავის შეუცვლელი წყარო თევზის ცხიმია, რომელიც წარმოუდგენლად სასარგებლოა, მაგრამ დასალევად საშინელია. ერთხელ გასინჯვის შემდეგ მისი გემოს დავიწყება გაგიჭირდებათ.
საკუთარი თავის და ბავშვისთვის ყოველდღე მისი დალევის იძულება აუტანელია! სწორედ ამიტომ თევზის ცხიმის მოყვითალო ფერის კაფსულებში მოთავსება მოიფიქრეს. ახლა მისი შეძენა ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ.
მოხმარების სიმარტივის გარდა, კაფსულას კიდევ ერთი დიდი უპირატესობა აქვს. ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა ჰაერთან კონტაქტის შემდეგ სწრაფად მჟავდება და უსარგებლო ხდება. კაფსულის გარსით დაცული კი თვისებებს ინარჩუნებს.
თევზის ცხიმის სასარგებლო თვისებები
1. გული
თევზის ცხიმის რეგულარული მიღება ინსულტის და გულის იშემიური დაავადების რისკს ამცირებს. ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა სისხლში ტრიგლიცერიდების დონეს ამცირებს, წნევას არეგულირებს და სისხლძარღვების კედლების ელასტიკურობას ზრდის.
2. ტვინი
უჯერი ცხიმოვანი მჟავა უჯრედული მემბრანის შენებაში მონაწილეობას ღებულობს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ნერვული უჯრედების აღსადგენად, მეხსიერების და ტვინის კოგნიტური ფუნქციების გასაუმჯობესებლად.
3. სახსრები და ძვლები
თევზის ცხიმი სახსრების ანთებას აქრობს და ოსტეოართრიტის და ართროზის დროს მტკივნეულ შეგრძნებას ამცირებს. სახსრების და ხრტილების ელასტიკურობას მხარს უჭერს, ასევე ძვლის ქსოვილების სიმკვრივეს ზრდის.
4. ნერვები
თევზის ცხიმი ზრდის სეროტონინის წარმოებას – ნეირომედიატორი, რომელიც განწყობასა და სოციალურ აქტიურობაზე გავლენას ახდენს. სეროტონინის სტაბილური დონე ძლიერ ნერვებს და მაღალ შრომისუნარიანობას ნიშნავს.
5. სხეული
უჯერი ცხიმოვანი მჟავები მავნე გაჯერებული ცხიმების მოქმედებას ანეიტრალებენ. ავსტრალიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, ომეგა 3-ის მიღების და კვირაში 2-ჯერ ფიზიკური ვარჯიშის კომბინაცია სხეულის ცხიმოვანი მასის დაკლებაში დაგეხმარებათ.
6. ახალგაზრდობა
თევზის ცხიმის მიღება ტელომერების სიგრძეზე (ქრომოსომების დამაბოლოვებელი უბნები) გავლენას ახდენენ. დროთა განმავლობაში ისინი მოკლდება, რაც დაბერების პროცესს უკავშირდება. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დაბერების პროცესის შესაფერხებლად აუცილებელია, ტელომერები რაც შეიძლება დიდხანს ძველ სიგრძეზე შევინარჩუნოთ.
7. სილამაზე
თევზის ცხიმში დიდი რაოდენობით შემავალი A და D ვიტამინი კანის და თმის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს. ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად თევზის ცხიმი შიგნით მიიღეთ, ხოლო ეფექტის გასაძლიერებლად და ნაოჭების გასაქრობად კვირაში ერთხელ სახესა და კისერზე თაფლისა და თევზის ცხიმის ნარევი (1:1) წაისვით.
თევზის ცხიმი კაფსულებში ინსტრუქციის მიხედვით დალიეთ. როგორც წესი, ნორმაა დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე 2 კაფსულის მიღება კურსი წელიწადში 2-ჯერ 1 თვის განმავლობაში უნდა ჩაიტაროთ. თევზის ცხიმი უზმოზე არ მიიღოთ, რომ საჭმლის მოუნელებლობა თავიდან აიცილოთ. ასევე რეკომენდებული არაა თევზის ცხიმის მიღება მულტივიტამინების კომპლექსთან და სხვა საკვებ დანამატებთან ერთად.
კურსის დასრულების შემდეგ რაციონში ბევრი ზღვის თევზი ჩართეთ. ასე ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის დონეს შეინარჩუნებთ და ორგანიზმს ადვილად ათვისებადი ცილებით უზრუნველყოფთ.