Connect with us

სხვა

7 სუპერ ნარევი ხის გასათეთრებლად, რომელიც ჯიბეს არ ურტყამს

ხეების გათეთრება მნიშვნელოვანი აგროტექნიკური საქმიანობაა, რომელიც ჯანმრთელი ბაღის შენარჩუნებაში გვეხმარება. ამ მხრივ თანამედროვე მებაღე გასული საუკუნის მებაღესთან შედარებით უდავო უპირატესობას ფლობს: დღეს მაღაზიები სავსეა სპეციალურად ხის დასამუშავებლად შექმნილი მზა საღებავებით.

მართალია, ყველას არ შეგვიძლია ამ საქონლის მზარდი ფასის დევნა, რომელიც ბაღის საქმიანობას ამარტივებს, მაგრამ ოჯახის ბიუჯეტს დიდად ამცირებს. სწორედ ამიტომ, ბევრი ძველებურ მეთოდს უპირატესობას ანიჭებს – ეკონომიური პროდუქტებით ნარევის დამოუკიდებლად მომზადება. საბედნიეროდ, მრავალი ხალხური რეცეპტი არსებობს.

ნარევების მთავარი კომპონენტები ხეების გასათეთრებლად

სანამ წყლით სავსე ვედროთი ჯადოქრობას დაიწყებთ და რეცეპტში მითითებულ ინგრედიენტებს დაუმატებთ, გაარკვიეთ, რა ფუნქციას ასრულებს ესა თუ ის კომპონენტი მათეთრებელ ნარევში. ასე მომზადების პროცესს გაამარტივებთ და გამოიყენებთ ყველა იმ პროდუქტს, რომლებიც ახლა ხელთ გაქვთ. რა მთავარია, შეგიძლიათ ნარევის შემადგენლობა თქვენი გემოვნებით შეცვალოთ და დაუმატოთ მხოლოდ ის ინგრედიენტები, რომლებიც თქვენს ბაღს კონკრეტულ შემთხვევაში სჭირდება.

ჩამქრალი კირი

ალბათ, ჩამქრალი კირი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან თეთრ ფერში მარტივად შეღებვა შეუძლია. ნარევის „სითეთრე“ აუცილებელია არა გარეგნული სილამაზის გამო, როგორც ამას გამოუცდელი მეაგარაკეები თვლიან. გათეთრებული ხის ნაწილი მზის სხივებს ირეკლავს და დამწვრობისგან საიმედოდ იცავს.

ბაღის კულტურებს ასეთი დაცვა ზამთარსა და ნაადრევ გაზაფხულზე განსაკუთრებით სჭირდება, როცა ფოთლები არ აქვს, რომლებიც ზაფხულში მზის პირდაპირ სხივებს აგრილებს. სწორედ ამიტომ „სწავლული გონება“ მოგიწოდებთ, შემოდგომაზე ხეების გათეთრებას ყურადღება მიაქციოთ და ზამთრის ბოლოს ან ნაადრევ გაზაფხულზე პროცედურა გაიმეოროთ.

ცარცი

კირის ალტერნატივად შეგიძლიათ ცარცი გამოიყენოთ, რომელიც სამუშაო ნარევს ასევე ათეთრებს. ნატურალური პროდუქტი უფრო ნაზია, ვიდრე კირი, და ახალგაზრდა ხეების შესაღებად უკეთეს ვარიანტს წარმოადგენს. ცარცის ხსნარი ქერქიდან უფრო სწრაფად შორდება, ვიდრე შეძენილი საღებავი, ამიტომ ცარცი საიმედო დამხმარეა.

თიხა

ეს ნატურალური პროდუქტი ნარევის შემადგენლობაში წებოვნების მისაცემად შედის. ასე საღებავი მუშაობის დროს მიწაზე არ დაგეღვრებათ და ქერქზე საიმედოდ დაფიქსირდება. გარდა ამისა, თიხაზე დაფუძნებული ნარევი წებოვანი კონსისტენციის წყალობით ნაპრალების და დაზიანებული ქერქის ამოსავსებად გამოიყენება. ამით პათოგენებს და მავნე მწერებს ჭიშკარს დაუკეტავთ.

ფუნგიციდი

ფუნგიციდი, რომელიც მათეთრებელ ხსნარში შედის, მოქმედებს როგორც სოკოვანი ინფექციიების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალება. თუ ბაღის ნარგავები რაიმე დაავადებამ დააზიანა, ასეთი კომპონენტის ნარევში დამატება აუცილებელია – ის ადრე ჩატარებული სამედიცინო მორწყვის ეფექტს გააძლიერებს.

იაფი ღირებულების და მოქმედების ფართო სპექტრის გამო წინა პლანზე გამოდის სპილენძის სულფატი, რომელიც ბევრ მათეთრებელ ნარევში შედის, როგორც სადეზინფექციო კომპონენტი. ალტერნატივად შეგიძლიათ სხვა ფუნგიციდი (ბორდოს ნარევი, რკინის აჯასპი და ა.შ.) გამოიყენოთ. მთავარია, ინსტრუქციაში მითითებული ნორმები დაიცვათ.

წებო

ნარევებში სხვადასხვა წებოს ქონა „მიწებების“ როლს ასრულებს და გათეთრებული ფენის მსახურების ვადას ახანგრძლივებს, თან ტენიანობისგან იცავს. ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ კაზეინის, დურგალის, შპალერის წებო ან PVA წებო. ეს უკანასკნელი იაფია, მაგრამ არანაკლებ სასურველია, რადგან სხვა სახეობებთან შედარებით მცენარის ნორმალურ სუნთქვას ხელს არ უშლის.

საპონი

საპონი შეგიძლიათ წებოს შემცვლელად გამოიყენოთ, რომელიც ასევე დაგეხმარებათ ხელნაკეთი საღებავი ხის ქერქზე დააფიქსიროთ. საპონი უფრო ნაზი საშუალებაა, ვიდრე წებო, მაგრამ არა ნაკლებ საიმედო.

ზოგი მებაღე უბრალო დიასახლისის საპონს იყენებს, რომელსაც ხეხავს და ხსნარში კარგად ხსნის. სხვები, უფრო მზრუნველები, სპეციალურ მწვანე საპონს იყენებენ, რომელიც ინსექტიციდის და ფუნგიციდის როლს ასრულებს. სხვები ერთსა და მეორესაც ფქვილის წებოთი ანაცვლებს.

ნაკელი

ბევრ თვითნაკეთ მათეთრებელ ხსნარში ძროხის ნაკელი გვხვდება. ამ ნატურალურ პროდუქტს წებოვნების და ღეროსა და ტოტზე კარგად მიმაგრების გამო იყენებენ. ამასთან, ნაკელს ანტისეპტიკური თვისებები აქვს და ხის ქსოვილებს ეფექტურად დეზინფექციას უკეთებს, სასუქის როლსაც ასრულებს და მცენარეს ქერქიდან სასარგებლო ელემენტებს აწვდის.

კარბოლის მჟავა

შემოდგომაზე ხეებს თეთრად ღებავენ არა მხოლოდ მზის დამწვრობის, გადახურების და გაყინვის თავიდან ასაცილებლად, არამედ მღრღნელებისგან დასაცავად. მემინდვრიებს და კურდღლებს ქერქზე კირის და ცარცის ნადები არ მოსწონთ. კარბოლის მჟავა ეფექტს აძლიერებს – მისი მძაფრი სუნი მღრღნელებს მიახლოების საშუალებას არ აძლევს.

რძე და შრატი

ნარევში რძის პროდუქტების გამოყენება სხვა პროდუქტებთან ერთად ხსნარის მიწებებას და ვადის გახანგრძლივებას ხელს უწყობს. თან რძე და რძის შრატი ხის ქსოვილებზე პათოგენურ მიკროფლორას ანადგურებს და მცენარეს სოკოვანი დაავადებებისგან იცავს, სასარგებლო ნაერთებით კვებავს.

მათეთრებელი ნარევების რეცეპტები

თუ ნარევს დამოუკიდებლად ამზადებთ, გახსოვდეთ, რომ დაუფიქრებლად კომპონენტების არევა და გადაჭარბება არ შეიძლება – ამან შეიძლება ხის ქსოვილების დამწვრობა გამოიწვიოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქმე ახალგაზრდა მცენარეს ეხება. სწორედ ამიტომ, ხსნარების ყველაზე პოპულარულ შემადგენლობებს გაეცანით, რომელთაც გამოცდილი მებაღეები უკვე დიდი ხანია იყენებენ.

რეცეპტი 1: 10 ლ წყალზე აიღეთ 2,5 კგ კირი, 500 გრ სპილენძის სულფატი და 200 გრ დურგლის წებო.

რეცეპტი 2: 10 ლ წყალზე დაგჭირდებათ 2-2,5 კგ კირი, 300 გრ სპილენძის სულფატი, 1 კგ თიხა და 1-2 ნიჩაბი ნაკელი.

რეცეპტი 3: 10 ლ წყალში გახსენით 2,5 კგ ცარცი და 10 ს/კ ფქვილის წებო.

რეცეპტი 4: 8 ლ წყალზე აიღეთ 1 კგ ნაკელი, 1 კგ კირი და 200 გრ სპილენძის სულფატი.

რეცეპტი 5: 10 ლ წყალში გააზავეთ 2 კგ ცარცი, 400 გრ სპილენძის სულფატი და 100 გრ კაზეინის წებო.

რეცეპტი 6: 10 ლ წყალზე დაგჭირდებათ 2 კგ კირი, 500 გრ რკინის აჯასპი, 1-2 ნიჩაბი ნაკელი, 1 ს/კ კარბოლის მჟავა და ½ ნატეხი დიასახლისის საპონი.

რეცეპტი 7: 9 ლ წყალზე აიღეთ 1 ლ რძე ან რძის შრატი, 2-2,5 კგ ცარცი, 1 კგ თიხა და 100 მლ მწვანე საპონი.

ნარევის მომზადებისას თითოეული კომპონენტი წყალში კარგად უნდა გააზავოთ, რომ გოროხები არ დარჩეს. არაჟნის მსგავსი კონსისტენცია უნდა მიიღოთ. აუცილებლობის შემთხვევაში „წებოვანი“ კომპონენტი დაუმატეთ, აქცენტი თიხასა და ნაკელზე გააკეთეთ. წებო ფრთხილად გამოიყენეთ – ზედმეტი წებო ხის ქსოვილის ფორებს დაბლოკავს. ამასთან ახალგაზრდა მცენარის შესაღებად კომპონენტის რაოდენობა ნახევრდება, რომ აგრესიული ნივთიერებით მათი ნაზი, გლუვი ქერქი არ დააზიანოთ.

ნუ უგულებელყოფთ ისეთ სამეურნეო პროცესს, როგორიცაა ხეების გათეთრება. ამ მარტივი პროცედურით ამინდის პირობების, დაავადებებისა და მავნებლების მიმართ მცენარის გამძლეობას გაზრდით და ჯანმრთელ ბაღს მრავალი წლით შეინარჩუნებთ. ხალხური რეცეპტებით მომზადებული ნარევები არც ისეთი გამძლეა, როგორც მზა საღებავი, მაგრა არანაკლებ ეფექტურია და ბიუჯეტს მნიშვნელოვნად ზოგავს.

Advertisement