Connect with us

საკითხავი

7 ეფექტური მეთოდი, როგორ მოვაშოროთ ბუსუსები ტანსაცმელს

ნებისმიერი ტანსაცმელი უფრო დიდხანს გემსახურებათ, თუ მასზე სათანადოდ იზრუნებთ. არასწორი გამოყენების შედეგად ქსოვილზე ბუსუსები ჩნდება და ტანსაცმელი უშნოვდება. თუ ხელთ სპეციალური ელექტრო მოწყობილობა არ გაქვთ, Alltime.ge-ს რედაქცია რამდენიმე ხრიკს გიზიარებთ. მათი დახმარებით ფულს დაზოგავთ და ტანსაცმელს თავდაპირველ სილამაზეს დაუბრუნებთ.

რატომ ჩნდება ბუსუსები

ტანსაცმელზე ბუსუსები უფრო ხშირად აქტიური ხახუნის ადგილებში ჩნდება. ნაქსოვ ქსოვილზე განსაკუთრებით შესამჩნევია, სადაც ბოჭკოები ფართოდ გადაბმულია და იხლართება. გლუვ მასალასთან შედარებით, რბილ ქსოვილზე ბეწვი უფრო სწრაფად ცვდება. ბამბა, აბრეშუმი და სელის ნივთები უფრო გამძლეა, თუმცა ბუსუსები ნებისმიერზე შეიძლება გაჩნდეს.

ბუსუსების გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს ქსოვილის ცვეთა, მისი ხშირი რეცხვა, დაუდევრად მოვლა, ქსოვილის და სარეცხი საშუალების დაბალი ხარისხი. ამათგან ზოგიერთის გაკონტროლება შესაძლებელია, მაგრამ საყვარელი სვიტერიც ოდესმე ცვდება. მარტივი მეთოდებით ბუსუსების მოშორებას სახლის პირობებში შეძლებთ.

რომელ ქსოვილზე არ ჩნდება ბუსუსები

ზოგიერთ ქსოვილზე ბუსუსები ნაკლებად ჩნდება. მაგალითად, ასეთი ქსოვილებია ტყავი, ბეწვი, ლაბადის ქსოვილი, შიფონი, ხავერდი, ჯინსი, თავთა, დრაფი–ველური, ფატინი და კრეპი. ბეწვიან და ნახევრად ბეწვიან ტრიკოტაჟზე ბუსუსები ადრე თუ გვიან გაჩნდება, ძირითადად, ხახუნის ადგილებში.

ეფექტური მეთოდები ბუსუსების მოსაშორებლად

დღეს გიზიარებთ ეფექტურ ხრიკებს, რომელთა დახმარებით ტანსაცმელზე ბუსუსების მოშორებას შეძლებთ. ის, თუ რომელ მეთოდს აირჩევთ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი დროის და ენერგიის დახარჯვას აპირებთ.

საპარსი

ერთ–ერთი ყველაზე ძველი და გამოცდილი ხალხური მეთოდი ბუსუსების მოსაშორებლად. საპარსის პირი აუცილებლად ძველი უნდა იყოს, რადგან ახალი პირი ძალიან ბასრია და ტანსაცმლის დაზიანების რისკი მაღალია. ნებისმიერ შემთხვევაში ფრთხილად უნდა იმოქმედოთ. არ აჩქარდეთ, რომ ქსოვილის მთლიანოაბა არ დაირღვეს.

საპარსის გამოყენება ქაშმირის, მოჰერის ან ანგორას ქსოვილზე არ შეიძლება. საპარსი სჯობს გლუვ და თხელ ქსოვილზე გამოიყენოთ, მაგალითად, ტრიკოტაჟზე. გირჩევთ, რომ საპარსი თავდაპირველად უხილავ ადგილას დატესტოთ.

კბილის ჯაგრისი

ძველი კბილის ჯაგრისი უხეში ჯაგარით რბილი ბეწვის გასაწმენდად იდეალურია. უხეში ჯაგარი ბუსუსებს გამოედება, დაშლის და ქსოვილს მოაშორებს. შეგიძლიათ რბილი კბილის ჯაგრისი გამოიყენოთ, თუ უხეში ჯაგრისის გამოყენება გაშინებთ. ასე მეტ დროს დახარჯავთ, მაგრამ მშვიდად იქნებით, რომ ნივთი არ დაზიანდება. ძმრის და წყლის ნარევი (1:1) ბეწვის ნაწარმს უფრო ფაფუკს გახდის. მხოლოდ ჰორიზონტალურ სწორ ზედაპირზე და მზის სხივებისა და გათბობის სისტემისგან მოშორებით გააშრეთ.

სკოჩი

ჩვეულებრივი სკოჩი უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია, რომლითაც ქსოვილის დაზიანების რისკი მინიმალურია. საკმარისია, ბუსუსებიან ადგილზე ქსოვილს დააკრათ და მკვეთრი მოძრაობით ააძროთ. წვრილი ბუსუსები სკოჩზე გადავა. მსხვილი ბუსუსებისთვის მეთოდი არ გამოგადგებათ.

ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი

ახალი ორმხარიანი ღრუბელი ქსოვილს დელიკატურად გაწმენდს. ღრუბელი აუცილებლად ახალი და მშრალი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკლებად მტკიცე იქნება.

გორგოლაჭი წებოვანი ლენტით

მსუბუქად გაცვეთილ ნივთებზე გამოგადგებათ. ერთ–ერთი უსაფრთხო მეთოდია, რომლის დახმარებით ქსოვილს არა მხოლოდ ბუსუსებს, არამედ მტვერსა და თმას მოაშორებთ. შეგიძლიათ ქსოვილზე ნებისმიერი მიმართულებით გადაატაროთ, ზეწოლის ძალასაც მნიშვნელობა არ აქვს.

თმის სავარცხელი

წვრილად დაკბილული სავარცხელი ბეწვიან სვიტერზე მსხვილი ბუსუსების შეგროვებაში დაგეხმარებათ. დიდხანს და ნაზად მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ შედეგით ნასიამოვნები დარჩებით. სავარცხელის წვრილი კბილები ბუსუსებს შლის და აშორებს. ასე ბეწვიანი სვიტერი თავდაპირველ სილამაზეს დაიბრუნებს.

პურის ორცხობილა

ალტერნატიულ მეთოდად შეგიძლიათ პურის ორცხობილა გამოიყენოთ. ამისთვის პური ღუმელში გახუხეთ ისე, რომ უხეში და მკვრივი გახდეს. მისი ფორების დახმარებით ქსოვილს ბუსუსები მარტივად მოშორდება. ბოჭკოების გასწვრივ იმოძრავეთ, რომ საჭირო ნაწილი თანაბრად დაამუშავოთ.

ბუსუსების მოსაშორებლად იყენებენ სხვა საშუალებებსაც, როგორიცაა ზუმფარის ქაღალდი, სანთებელა, მაკრატელი და საღეჭი რეზინა. თუმცა ამ მეთოდებით ტანსაცმელი შეიძლება გაწმინდოთ ან დააზიანოთ.  სწორედ ამიტომ, ნებისმიერი მეთოდის გამოყენების შემთხვევაში სიფრთხილე გამოიჩინეთ.

Advertisement