Connect with us

საკითხავი

6 ტიპიური შეცდომა, რის გამოც რეცხვის შემდეგ ლაქები რჩება

ალბათ, ტანსაცმლის ქიმწმენდაში ჩაბარებისას გეკითხებიან: „თავად სცადეთ ლაქის ამოყვანა?“ ხშირად პასუხი დადებითია. პროფესიონალს სჭირდება იმის ცოდნა, თუ რა გამოიყენეთ, რადგან არასწორმა მოქმედებამ შეიძლება უკუშედეგი გამოიწვიოს. ექსპერტები გამოყოფენ საკვების, კოსმეტიკურ, სამკურნალო, საყოფაცხოვრებო და ა.შ. ლაქებს. თითოეული ლაქა ქსოვილზე თავისებურად მოქმედებს და სხვადასხვა გამხსნელი სჭირდება. ქიმწმენდაში იციან, თუ როგორ ამოიცნონ ლაქა და რა გააკეთონ. ჩვენთვის ამის ცოდნა აუცილებელი არაა, თუმცა უნდა იცოდეთ, თუ რისი გაკეთება არ შეიძლება იმის მიუხედავად, ნივთის თავად რეცხავთ თუ ქიმწმენდაში აბარებთ.

1. დიდხანს ლოდინი

ეს ყველაზე დიდი შეცდომაა, რომელსაც უმეტესობა ჩვენგანი უშვებს. სინამდვილეში, ნებისმიერი ლაქის ამოყვანა შეიძლება, თუ სწრაფად იმოქმედებთ. ოღონდ ამის შესაძლებლობა ყოველთვის არ გვაქვს.

სწორია: ნივთი იმავე დღეს ან მეორე დღეს გარეცხეთ. თუ გარეცხვა არ შეიძლება ან გეშინიათ, რომ რეცხვა შედეგს არ მოგცემთ, სასწრაფოდ ქიმწმენდაში წაიღეთ.

არასწორია: ნივთის ჩაგდება ჭუჭყიანი თეთრეულით სავსე ყუთში და 1 კვირა ლოდინი, სანამ სარეცხი დაგროვდება (სარეცხ მანქანას მხოლოდ ერთი მაისურისთვის ხომ არ ჩართავთ). ან ნივთის პაკეტში ჩადება და ლოდინი, სანამ ქიმწმენდაში წაღებას მოახერხებთ.

2. ლაქის გახეხვა

ამ დროს ქსოვილის ბოჭკოები რომ ცვდება, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ლაქა რჩება, მის ირგვლივ ქსოვილი კი ცვდება.

სწორია: ქაღალდის პირსახოცი ან სუფთა, მშრალი ჩვარი აიღეთ, ლაქა ფრთხილად დაასველეთ და ნაზად დააწექით.

არასწორია: ქსოვილის ენერგიულად ხეხვა, ჯაგრისით ან ღრუბლის უხეში მხრიდან გახეხვა.

3. ცენტრიდან დაწყება

ასე ლაქა უფრო გავრცელდება, შედეგად დაბინძურებული ზედაპირის ფართობი გაიზრდება.

სწორია: ლაქის დამუშავება კიდეებიდან დაიწყეთ და ცენტრისკენ იმოძრავეთ.

არასწორია: ლაქის დამუშავება ყველა მხრიდან. ლაქა გაფერმკრთალდება, მაგრამ ზომაში უფრო დიდი გახდება.

4. ლაქაზე ცხელი წყლის დასხმა

ლაქას ცხელი წყალი არასდროს დაასხათ. მაღალი ტემპერატურით ზოგიერთი ლაქა ქსოვილზე უფრო მჭიდროდ ილექება.

სწორია: ლაქა მხოლოდ თბილ წყალში უნდა გარეცხოთ. ეს ეხება იმ ნივთებსაც, რომლის წაღებას ქიმწმენდაში აპირებთ.

არასწორია: ფიქრი, რომ რაც უფრო მაღალია წყლის ტემპერატურა, მით უფრო მაღალია ლაქის მოშორების ალბათობა

5. მათეთრებელის გამოყენება

მათეთრებელი აგრესიული ქიმიური საშუალებაა, რომელმაც დელიკატური ქსოვილი შეიძლება დააზიანოს. თუ ნივთი თქვენთვის ძვირფასია, სჯობს არ გარისკოთ.

სწორია: ძვირფასი ნივთი ქიმწმენდაში წაიღეთ. რაც უფრო სწრაფად, მით უკეთესი.

არასწორია: ფიქრი, რომ მათეთრებელი ნებისმიერ ლაქას გაუმკლავდება. სავარაუდოდ, საპირისპიროში არაერთხელ დარწმუნდით.

6. ძვირადღირებულ ნივთებზე ხრიკების გამოყენება

ინტერნეტ სივრცეში ბევრი საეჭვო ხრიკი არსებობს, თუ როგორ ამოიყვანოთ ლაქები თმის ლაქის ან ფრჩხილის ლაქის მოსაშორებელი სითხის დახმარებით. ასეთი ექსპერიმენტები სჯობს ძველ მაისურზე, ხალათზე ან სპორტულ შარვალზე ჩაატაროთ, რადგან შედეგი ყოველთვის არაპროგნოზირებადია.

სწორია: ყველაფერი, რაც ზემოთ წაიკითხეთ: ლაქები კიდეებიდან ცენტრისკენ ქაღალდის სალფეთქით დაამუშავეთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ თბილ წყალში გარეცხეთ და ა.შ.

არასწორია: ლაქის გახეხვა აცეტონით, ნიშადურის სპირტით, ბენზინით და ა.შ. (თუ განათლებით ქიმიკოსი არ ხართ).