ყვავილები
6 ოთახის მცენარე, რომელიც ადამიანებისა და ცხოველებისთვის საშიშია
სახლში მცენარეების ქონის კულტურა ძალიან ძველია, ამიტომ ადრე მათი თვისებების შესახებ ყოველთვის არ იცოდნენ. თუმცა განსაკუთრებით სახიფათო მცენარეები სახლში ვერ ხვდებოდა. უფრო მზაკვარი მცენარეებიც არსებობს. მათგან ზოგიერთი გარკვეულწილად სახიფათოა, ზოგი კი, სახლში თავისი არსებობით უკვე საფრთხეს წარმოადგენს.
მათი სახელები დაიზეპირეთ, თუნდაც ბოტანიკა არ გიტაცებდეთ. განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისაც ბავშვები და შინაური ცხოველები ჰყავს. თუ მცენარეების უმეტესობას ხელით არ შეეხებით და გემოს არ გაუსინჯავთ, რისკი მცირდება. როგორ ავუხსნათ ეს ბავშვს ან კატას? Alltime.ge-ს რედაქცია გიზიარებთ პოპულარულ ოთახის მცენარეებს, რომლებიც ისეთი მარტივი არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
ჯანმრთელობისთვის საზიანო ოთახის მცენარეები
აზალია
ლამაზმანი აზალია შეიცავს სახიფათო ნეიროტოქსინებს – გლიკოზიდი ანდრომედოტოქსინი. ეს ნივთიერება მცენარის წვენში შედის და ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს სისუსტეს, გულისრევას, ღებინებას, გულის მუშაობის დარღვევას. სიმპტომები სწრაფად ვითარდება, ამიტომ ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ. აზალიის არომატიც თავბრუსხვევას იწვევს, თუ ყვავილს პატარა დახურულ ოთახში ინახავთ.
მონსტერა
ძალიან პოპულარული და სახიფათო მცენარეა, რადგან ფოთლებში კალციუმის ოქსალატის ნაერთებს შეიცავს. ლორწოვანზე მოხვედრისას ძლიერი ალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლია.
დიფენბახია
ეს მცენარე ბავშვებისგან რაც შეიძლება შორს იქონიეთ. ფოთლის და ღეროს მცირე დაზიანება საკმარისია, რომ ტოქსიკური წვენი გამოყოს, რომელიც დამწვრობას იწვევს. ლორწოვანზე მისი მოხვედრა სახიფათოა. გარდა ამისა, მხედველობის სერიოზული დაქვეითება, ენის და ხორხის შეშუპება შეიძლება გამოიწვიოს.
პუანსეტია
პრაქტიკულად უვნებელია, მაგრამ მისი ჭამა არ შეიძლება. პუანსეტიას წვენი საყლაპავის დამწვრობას იწვევს. სახიფათოა მათთვის, ვისაც ლატექსის მიმართ ალერგი აქვს.
კლივია
თუ კლივიას ნარინჯისფერი წვენისთვის ყურადღება მიგიქცევიათ, იცოდეთ: წვენს ასეთ ფერს ტოქსიკური ალკალოიდი ანიჭებს. ის იწვევს ღებინებას, დახრჩობას და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სერიოზულ პრობლემებს.
სპარსული ყოჩივარდა
საკმაოდ აგრესიული მცენარეა. მისი ფესვები და თესლი შეიცავს შხამს, რომელიც კანზე მოხვედრისას დამწვრობას და გაღიზიანებას იწვევს. ეს ყველაფერი არაა: ამ ნაწილების ჭამისას ტემპერატურა იზრდება, სუნთქვა რთულდება და ყელის ტკივილი იწყება.
რა თქმა უნდა, ყველა ოთახის მცენარე საშიში არაა, ზოგიერთი შეგიძლიათ სახლში იქონიოთ, თუ ბავშვები ან ცხოველები არ გყავთ. და მაინც, სჯობს გაფრთხილებული იყოთ. მარტივი წესი დაიცავით: როგორც წესი, სახიფათო მცენარე ოთხიდან ერთ–ერთ ჯგუფს მიეკუთვნება. ესენია რძიანასებრნი, ნიუკასებრნი, ძაღლყურძენასებრნი და ქენდირისებრნი. ფრთხილად იყავით!