Connect with us

თავის მოვლა

5 შინაურული საშუალება „ბატის თათების“ საწინააღმდეგოდ

ბატის თათები თვალის გარე კუთხეების ირგვლივ გაჩენილი ხაზებია. ამ მიმიკური ნაოჭების თავიდან აცილება შეიძლება, მაგრამ თუ უკვე გაქვთ, შეგიძლიათ მისი ინტენსივობა ნატურალური კრემების და ნიღბების დახმარებით შეამციროთ.

ნიღბები „ბატის თათების“ საწინააღმდეგოდ

მათი დახმარებით სახის გაახალგაზრდავებას, თქვენი კანის ბუნებრივი ბზინვარების და სტრუქტურის დაბრუნებას შეძლებთ.

1. ლანოლინის კრემი

ის მიმიკური ნაოჭების შემცირებაში დაგეხმარებათ.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 50 გრ უწყლო ლანოლინი
  • 2 ს/კ ნუშის ზეთი
  • ¼ ჩ/კ ვარდის წყალი ან გულყვითელას ან სალბის სქელი ნახარში
  • 10 გრ ნატურალური ფუტკრის ცვილი
  • რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი

მომზადება: ლანოლინი და ცვილი ორთქლზე შეათბეთ, შემდეგ ნელ-ნელა სხვა ინგრედიენტები დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. მასა გაგრილების შემდეგ სქელი გახდება.

სახესა და ყელზე წაისვით  და 30-40 წუთით გაიჩერეთ. კრემი მაცივარში შეინახეთ. პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ ჩაიტარეთ.

2. სტაფილო-იოგურტის ნიღაბი

ეფექტური რეცეპტი ნაოჭების თავიდან აცილებასა და შემცირებაში დაგეხმარებათ. ნიღბის მოსამზადებლად სტაფილო გაასუფთავეთ და გახეხეთ. 1 ს/კ გახეხილი სტაფილო 1 ჩ/კ იოგურტს და 1 ჩ/კ გლიცერინს აურიეთ.

სქელი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. ნიღბის სქელი ფენა სახესა და ყელზე წაისვით და 30 წუთით გაიჩერეთ. დროის გასვლის შემდეგ წყლით კარგად ჩამოიბანეთ. დარჩენილი ნიღაბი შეგიძლიათ მაცივარში მაქსიმუმ 1 თვით შეინახოთ.

3. ნიღაბი კაკაოთი და ცვილით

კანის დამატენიანებელი და ბატის თათების შესამცირებელი ეფექტური ნიღბის მოსამზადებლად თქვენ შემდეგი ინგრედიენტები დაგჭირდებათ:

  • 2 ს/კ ქოქოსის ზეთი
  • 2 ს/კ ნატურალური ფუტკრის ცვილი
  • 4 ს/კ კაკაოს ზეთი
  • ½ ჭიქა გვირილას ნახარში

ცვილი შეათბეთ და დანარჩენი ინგრედიენტები აურიეთ, სანამ ერთგვარონ და გლუვ მასას არ მიიღებთ.

სქელი ფენა სუფთა კანზე წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით მოიშორეთ. დარჩენილი ნარევი მაცივარში მაქსიმუმ 2 თვით შეინახეთ.

4. რძის კომპრესი სახისთვის

ბამბის დისკის დახმარებით სახეზე თბილი რძე წაისვით. 10-15 წუთით გაიჩერეთ და გამდინარე წყლით ჩამოიბანეთ. ეფექტის გასაძლიერებლად რძეს შეგიძლიათ თაფლი ან ნუშის ზეთი დაუმატოთ. ასე ყოველ დილა-საღამოს გააკეთეთ და თქვენი რუტინის ნაწილში ჩართეთ.

რძე კანთან თავსებად ბევრ ნივთიერებას შეიცავს, მათ შორის ამინომჟავებს, ლიპიდებს, ვიტამინებსა და მინერალებს. ასევე 9 შეუცვლელ და 6 ნახევრადუცვლელ ამინომჟავას შეიცავს. მათ შორისაა არგინინი, გლიცინი და პროლინი, რომლებიც კოლაგენის საწარმოებლად აუცილებელია. პროლინის ჰიდროქსილაციის შედეგად წარმოიქმნება ჰიდროქსიპროლინი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში კოლაგენის დაახლოებით 13%-ს შეადგენს. პროლინთან ერთად სტაბილური კოლაგენის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

რძე ასევე ცხიმში ხსნად ყველა ვიტამინს შეიცავს, რომელთაგან A და E ვიტამინები კანის უჯრედების განახლებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. მისი მაღალი ანტიოქსიდანტური უნარი ქსოვილებს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან და ქიმიური დამაბინძურებლებისგან იცავს. რძის ცხიმები კანს არბილებს და ატენიანებს.

5. ქოქოსის ზეთი ბატის თათების საწინააღმდეგოდ

კანზე დამატენიანებელი და მკვებავი ეფექტი გააჩნია. ცოტა ზეთი შეათბეთ, რომ სრული ათვისება უზრუნველყოთ. 20 წუთის შემდეგ ზეთის ნარჩენები სალფეთქით მოიშორეთ. ასევე შეგიძლიათ 1-2 წვეთი E ვიტამინი აურიოთ.

ქოქოსის ზეთში საშუალო ჯაჭვის ცხიმოვან მჟავებს შესანიშნავი ანტიმიკრობული და ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნიათ. მასში მცირე რაოდენობით E ვიტამინი შედის, მაგრამ ცხიმოვანი მჟავები ამ ვიტამინის ათვისებას აუმჯობესებენ.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ სახის ყოველდღიური გაწმენდის დროს მასაჟი აუცილებელია, რომ ნაოჭები თავიდან აიცილოთ. თითების დახმარებით უკვე არსებული ნაოჭების ნაზად გასწორება სცადეთ, სანამ კრემი მასში არ შეაღწევს. პირის ირგვლივ, ცხვირის კუთხეებთან, შუბლთან, წარბებთან, თვალის ირგვლივ და კისერზე მასაჟი ყოველდღიურად გაიკეთეთ.