Connect with us

ყვავილები

5 ნაბიჯი პომიდვრის კარგი მოსავლის მისაღებად

მაისში ყველა მცენარის გადარგვა სრულდება, ეს იმისთვის არის საჭირო, რომ მცენარეებმა დროულად მოასწრონ განვითარება, ნაყოფის მოსხმა და მომწიფება. თუმცა დღე-ღამის ტემპერატურულმა ცვლილებებმა ზოგიერთ სითბოს მოყვარულ მცენარეზე შეიძლება ცუდად იმოქმედოს, მათ შორის არის პომიდორიც. როგორ უნდა მივხვდეთ როდის არის უმჯობესი პომიდვრის ღია ნიადაგში გადასარგველად?! მარტივად! თუ ისე დათბა, რომ საღამოს ოჯახთან ერთად ვახშმობა ღია ცის ქვეშ გადაწყვიტეთ ესეიგი უკვე საკმარისად თბილა!

გადარგვა

ძალიან მნიშვნბელოვანია გადარგვამდე ნიადაგი მოამზადოთ, ორმოებში ერთი მუჭა ნაცარი და ნოყიერი მიწა ჩაყაროთ. პომიდვრები დარგვისას ერთმანეთს 60 სანტიმეტრით უნდა დააშოროთ.

იმისთვის, რომ გადარგვის პროცესმა უპრობლემოდ ჩაიაროს – პომიდორს გადარგვამდე რამდენიმე დღე ნუ მორწყავთ, დარგვამდე რამდენიმე საათით ადრე კი ის მიწა რაშიც ნერგია კარგად დაასველეთ, ამგვარად მიწა არ დაიშლება და პომიდვრისთვის გადარგვის პროცესი უმტკივნეულო იქნება!

პომიდორს ორი ტიპის ფესვი აქვს, მწვანე – რომელიც მას საჭირო ნივთიერებებით კვებავს და თეთრი – რომლითაც ის ნიადაგიდან სითხეს იწოვს, ამიტომ არ უნდა დაუშვათ რომელიმე მათგანის დაზიანება!

რჩევა: მას შემდეგ რაც პომიდორი დარგეთ, აიღეთ 1.5 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლი, მოაჭერით ძირი, სახურავი კი რამდენიმე ადგილას გაუხვრიტეთ, შემდეგ თავსახურით ქვემოთ დარგული პომიდვრების გვერდით ჩაარჭეთ მიწაში და წყალი ჩაასხით. ასე საშუალება მოგეცემათ პომიდორი წვეთოვანი პრინციპით მორწყათ და არ დატბოროთ!

წანაზარდები

ტომატს დამატებითი წანაზარდები უჩნდება, რომლებიც მისი განვიტარებისთვის საჭირო ნივთიერებებს ითვისებს და პომიდვრის ზრდასა და განვითარებას აფერხებს. ამიტომ საჭიროა მცენარეს მხოლოდ 1-2 ყველაზე ძლიერი წანაზარდი დაუტოვოთ დანარჩენი კი მოაცილოთ. ამგვარად ყველა საჭირო ელემენტი ყვავილებსა და შემდეგ ნაყოფში გადანაწილდება!

ახვევა

პომიდორი საკმაოდ დიდი იზრდება, ამიტომ საჭიროა პომიდვრის თოკზე ან სარზე ახვევა (აბმა), ეს მცენარეს უკეთ ფორმირებაში დაეხმარება. შეგიძლიათ ის ტოტებიც ააბათ რომელიც ნაყოფით არის დახუნძლული. გაითვალისწინეთ, რომ ნაყოფი მიწას არ უნდა ეხებოდეს! თუ მისი აბმა შუძლებელია მაშინ ნაყოფს ქვეშ ფიცარი დაუდეთ ან ნახერხი დაუყარეთ.

გასხვლა

მაღალ პომიდვრებს ზაფხულის შუა გულში შეგიძლიათ კენწერო წააჭრათ! ეს მოსავალს გაზრდის და ნაყოფის დამწიფებასაც დააჩქარებს. სხვლა მაშნ უნდა მოხდეს როდესაც ყველაზე მაღლა მდებარე ყვავილი გაყვავდება. ამ ყვავილის ზემოთ 1-2 ფოთოლი უნდა დატოვოთ, ეს მათ საკვებს მიაწვდის.

სასუქი

პომიდორს ძირითადად სამი ტიპის ელემენტი ჭირდება – აზოტი, ფოსფორი და კალიუმი. კარგი მოსავლისთვის საჭიროა კალცი, მაგნიუმი, გოგირდი, რკინა, თუთია და ა.შ. თუმცა მოდით სამ ძირითადზე შევჩერდეთ.

აზოტი

აზოტი პომიდვრის ზრდასა და ნაყოფიერებაზეა პასუხისმგებელი. აზოტზე ყველაზე დიდი მოთხოვნა პომიდორს საწყის ეტაპებზე, ყვავილობამდე უჩნდება.

  • აზოტის უკმარისობის დროს ფოთლები იხვევა, ღეროები კი მოცისფრო ხდება. ამ დროს პომიდორი დროზე ადრე ყვავილობს, ნაყოფი კი პატარა და უგემური გამოდის. ასეთ შემთხვევაში მცენარეს აზოტშემცველი სასუქი უნდა მიაწოდოთ.
  • აზოტის სიჭარბისას ფოთლები პირიქით მსხვილდება და მუქი მწვანე ხდება. ყვავილობა აგვიანებს, ხოლო ნაყოფს კი ცოტას ისხავს. ასეთ დროს საჭიროა კალიუმის ჰგუფის სასუქი შეიტანოთ და მცენარე უხვად მორწყათ წყლით!

ფოსფორი

ფოსფორი იმუნიტეტისა და ფესვოვანი სისტემის განვითარებისთვის არის აუცილებელი.

  • ფოსფორის უკმარისობის დროს პომიდორის ფოთლები ზედა მხარეს ეხვევა და ძალიან ცოტა ყვავილები აქვს. ამიტომ ყავილობის ფაზამდე მცენარეს მონოფოსფატი კალიუმი, სუპერფოსფატი, ფოსფორის ფქვილი ან ნაცარი უნდა მიაშველოთ!
  • ფოსფორის სიჭარბისას ფოთლების კიდეები იწვება ქვედა ფოთლები კი ლაქებით არის დაფარული.

კალიუმი

კალიუმის ნაკლებობა პომიდორში აზოტის ცვლას აფერხებს და მათ დაავადებების მიმართ მოწყვლადს ხდის. ასეთი შემთხვევა ძირითადად მაშინ ხდება როდესაც პომიდორს რამდენიმე წლის მანძილზე ერთსა და იმავე ადგილას რგავთ, იგივე ხდება ხანგრძლივი წვიმების ან გვალვის დროს.

კალიუმის უკმარისობისას პომიდვრის ფოთლები პატარა იზრდება, მუქდება და ძირისკენ იხვევა. მცენარის ფოთლები ჭრელდება, ძლიერი დაზიანების შემთხვევაში კი ჟანგით იფარება. წანაზარდები აქტიურად იზრდება, ღერო წვრილი და სუსტია, ნაყოფი – ცოტა, დამწიფების შემდეგ კი მუქი ლაქებით იფარებიან. პომიდორი ასეთ შემთხვევაში კალიუმ-მაგნეზიუმით, მონოფოსფატით ან ნაცარით უნდა გაანოყიეროთ და გამოკვებოთ!