ჯანმრთელობა
5 „ავარიული“ მეთოდი არტერიული წნევის გასაზრდელად: რა ვჭამოთ და დავლიოთ
დაბალი წნევა ისეთივე სახიფათო არაა, როგორც ჰიპერტენზია, მაგრამ განწყობაზე გავლენას ახდენს. თუ ტონომეტრზე მაჩვენებელი 90/60–ზე დაბალია, უნდა იმოქმედოთ. უმჯობესია ექიმს მიმართოთ. თუ რაიმე მიზეზით ამის გაკეთებას ვერ ახერხებთ, Alltime-ს რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე „ავარიულ“ რეცეპტს არტერიული წნევის გასაზრდელად.
დაბალი არტერიული წნევის სიმპტომები
თუ ხელთ ტონომეტრი არ გაქვთ, წნევის შემცირება შეგიძლიათ განსაზღვროთ შემდეგი სიმპტომებით:
- ძლიერი თავბრუსხვევა (თითქოსდა გონებას კარგავთ)
- დაბინდული მხედველობა
- ჭარბი ოფლიანობა
- კონცენტრაციის დაკარგვა
თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ნახევარი მაინც აღგენიშნებათ, იმოქმედეთ. თუ დარწმუნდით, რომ თქვენი წნევა ნორმაზე მნიშვნელოვნად დაბალია, ხოლო ექიმთან მისვლას რაღაც მიზეზით ვერ ახერხებთ, ქვემოთ მოცემული მეთოდები გამოიყენეთ.
მარილიანი შეჭამეთ
ნატრიუმი არტერიულ წნევას ზრდის – სწორედ ამ მიზეზით კარდიოლოგები მისი მიღების შეზღუდვას გვირჩევენ, განსაკუთრებით 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს. თუ სასწრაფოდ წნევის გაზრდა გსურთ, ქაშაყის ნაჭერი, კიტრის მწნილი ან მარილიანი ყველის ნაჭერი შეჭამეთ. გახსოვდეთ, რომ ეს სწორედ „გადაუდებელი“ შემთხვევაა და მუდმივად ამ მეთოდის გამოყენება არ შეიძლება.
წყალი დალიეთ
1 ან უმჯობესია 2 ჭიქა წყალი: სითხის სწრაფად დალევა სისხლის მოცულობას ზრდის და სისხლძარღვებზე მის წნევას ზრდის. გარდა ამისა, ასე შესაძლო გაუწყლოებას გაუმკლავდებით – წნევის შემცირების ერთ–ერთი მიზეზი.
ფეხები გადააჯვარედინეთ
თუ ზიხართ, ფეხი ფეხზე გადაიდეთ, თუ დგახართ, გადააჯვარედინეთ და ძლიერ მოუჭირეთ. ამრიგად, ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევას შეამცირებთ და სხეულის ზედა ნაწილში სისხლის მოცულობას გაზრდით.
მოჭერილი მაღალყელიანი წინდები ჩაიცვით
თუ სახლში მაღალყელიანი ან მუხლამდე წინდები გაქვთ, გამოგადგებათ: წინდები სხეულის ქვედა ნაწილში სისხლის მიმოქცევას ამცირებენ, ხოლო ზედა ნაწილში აძლიერებენ და ამით წნევას ზრდიან.
ყავა დალიეთ
ეს გავრცელებული მეთოდია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ ჩვეულებრივ ყავას არ სვამთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ორგანიზმი კოფეინს მიჩვეულია და ეს მეთოდი არ გამოგადგებათ.
როდის უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება?
ზოგ შემთხვევაში დაბალი არტერიული წნევა შეიძლება მწვავე არტერიული ჰიპოტენზიის ნიშანი იყოს. ეს კი სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, რომელმაც შეიძლება ტვინის და სხვა შინაგანი ორგანოების ჰიპოქსია გამოიწვიოს. აი, ნიშნები, რომ დროის დაკარგვა არ შეიძლება და სასწრაფო დახმარება დროულად უნდა გამოიძახოთ:
- ცივი, წებოვანი კანის ზედაპირი, სიფერმკრთალე;
- სწრაფი სუნთქვა, წყვეტილი, ზედაპირული;
- წყვეტილი, სწრაფი და სუსტი პულსი;
- დაბინდული ცნობიერება