Connect with us

ჯანმრთელობა

10 ყველაზე პოპულარული მცენარეული ზეთის გამოყენება და სარგებელი

მცენარეული ზეთების სარგებლობის შესახებ ყველასთვის ცნობილია. თუმცა თითოეული მათგანის უნიკალური თვისებების შესახებ ყველამ არ იცის.

სეზამის ზეთი

მსუბუქი კონსისტენციის და მოტკბო გემოს სეზამის ზეთი ვიტამინებით, თუთიით და განსაკუთრებით კალციუმით მდიდარია. სწორედ ამიტომ, მას ოსტეოპოროზის და გულ-სისხლძარღვთა დაავადების პროფილაქტიკის მიზნით აქტიურად იყენებენ.

სეზამის ზეთი ჯერ კიდევ უძველესი დროიდან პოპულარულია და თავისი სამკურნალო, გასტრონომიული და კოსმეტიკური თვისებების გამო დიდად აფასებდნენ.

„საექიმო მეცნიერების კანონებში“ აბუ ალი იბნ სინას (ავიცენი) სეზამის ზეთზე დაფუძნებული ათასობით რეცეპტი მოჰყავს. თანამედროვე მედიცინაში დღემდე პატივსაცემ ძველ ინდურ სწავლებაში „აიურვედში“ მას ფართოდ იყენებდნენ და დღემდე იყენებენ. და ბოლოს, სეზამის ზეთი ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება.

სეზამის ზეთი ღირებული საკვები და შესანიშნავი სამკურნალო პროდუქტია:

  • ფილტვის სხვადასხვა დაავადების, ქოშინის, ასთმის და მშრალი ხველის დროს ეფექტურია;
  • შაქრიანი დიაბეტის პაციენტებისთვის რეკომენდებულია;
  • თრომბოციტების რაოდენობას ზრდის და სისხლის შედედებას აუმჯობესებს;
  • სიმსუქნის დროს წონაში დაკლებას ხელს უწყობს და სხეულს აძლიერებს;
  • კუჭის წვენის გაზრდილი მჟავიანობის სამკურნალოდ ეფექტურია;
  • თრომბის წარმოქმნას აფერხებს და საცობებს ხსნის;
  • კუჭ-ნაწლავის კოლიკის, ნეფრიტის და პიელონეფრიტის, შარდკენჭოვანი დაავადების დროს დაგეხმარებათ;
  • ანემიის, შინაგანი სისხლდენის, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერ ფუნქციის დროს გამოიყენება;
  • ჭიების საწინააღმდეგოდ გამოიყენება;

სელის ზეთი

ეს მცენარეული ზეთი ქალის ზეთად ითვლება, რადგან საკუთარი ესტროგენის წარმოებას ხელს უწყობს. ის ძლიერი ანტიოქსიდანტია. თავისი სასარგებლო თვისებებით უძველესი დროიდან ცნობილია. მას შიგნით სვამენ და გარეგნულად თმის და კანის მოსავლელად იყენებენ.

ორსული ქალების რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს: სელის ზეთი დიდი რაოდენობით უჯერ მჟავას ომეგა 3-ს შეიცავს, რაც ბავშვის თავის ტვინის სწორი განვითარებისთვის აუცილებელია. სელის ზეთის საკვებში გამოყენება ინსულტის რისკს 40%-ით ამცირებს.

ის დიდი რაოდენობით E ვიტამინს შეიცავს, რაც ახალგაზრდობის და ხანგრძლივი ცხოვრების ვიტამინად ითვლება. ასევე შეიცავს F ვიტამინს, რაც არტერიებში ცუდი ქოლესტერინის დაგროვებას ხელს უშლის და თმის და კანის კარგ მდგომარეობაზეა პასუხისმგებელი.

F ვიტამინი გაჯერებული ცხიმების დაწვის ხარჯზე წონის შემცირებას ხელს უწყობს. F ვიტამინი E ვიტამინთან ადვილად ურთიერთქმედებს.

სელის ზეთი ორგანიზმისთვის აუცილებელ ისეთ ვიტამინს შეიცავს, როგორიცაა A ვიტამინი, რომელიც კანის უჯრედებს აახალგაზრდავებს, მას უფრო თანაბარს, გლუვს და ხავერდოვანს ხდის, თმის ზრდას ხელს უწყობს. ასევე მდიდარია B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც ფრჩხილების ზრდაზე, კანის ჯანმრთელობასა და ნერვული სისტემის გაწონასწორებაზე დადებით გავლენას ახდენენ.

თუ 1 ს/კ სელის ზეთს უზმოზე დალევთ, თქვენი თმა უფრო მოცულობითი და ბზინვარე, ხოლო ფერი უფრო თანაბარი გახდება.

შეგიძლიათ თმის ნიღაბი გაიკეთოთ. ამისთვის წყლის ორთქლზე გამთბარი ზეთი მშრალ თმაზე წაისვით, პარკი დაიფარეთ და პირსახოცით შეიფუთეთ. 3 საათით გაიჩერეთ, შემდეგ ჩვეულებრივი მეთოდით ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღაბი თმას ნაკლებად მტვრევადს ხდის და მის ზრდას და ბზინვარებას ხელს უწყობს.

საკვებში სელის ზეთის გამოყენების დროს გაითვალისწინეთ, რომ პროდუქტი თერმული დამუშავების გარეშე უნდა გამოიყენოთ. მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით პროდუქტი ზიანდება, უსიამოვნო სუნი ჩნდება და მუქი ხდება. სწორედ ამიტომ, სჯობს სელის ზეთით სალათები მორთოთ და სუფთა სახით გამოიყენოთ.

სელის ზეთის შეძენისას არ დაგავიწყდეთ, რომ ის მაცივარში, მუქი ფერის მინის ბოთლში უნდა შეინახოთ. შენახვის ვადა შეზღუდულია.

მდოგვის ზეთი

რამდენიმე საუკუნის წინ მდოგვის ზეთს მხოლოდ სამეფო კარზე იყენებდნენ, მაშინ მას „საიმპერატორო დელიკატესს“ უწოდებდნენ. მდოგვის ზეთში აბსოლუტურად ყველა ცხიმში ხსნადი ვიტამინია, მას სპეციფიკური არომატი და პიკანტური გემო აქვს. სალათების მოსართავად და ბოსტნეულის გემოს ხაზგასასმელად შესანიშნავია.

ასეთი სართავის მქონე სალათი დიდხანს არ გაფუჭდება. ნებისმიერი გამომცხვარი პროდუქტი მდოგვის ზეთით უფრო ფუმფულა გახდება და დიდხანს არ დალპება.

დიეტური და გასტრონომიული თვისებების წყალობით პოპულარულ მზესუმზირას დიდად აჭარბებს: მხოლოდ D ვიტამინს სამჯერ უფრო მეტი რაოდენობით შეიცავს. მდგოვის ზეთში აბსოლუტურად ყველა ცხიმში ხსნადი ვიტამინი შედის.

მასში ბევრი A ვიტამინია, რაც ორგანიზმის ზრდას და იმუნიტეტის გაძლიერებას ხელს უწყობს. ასევე შედის K და P ვიტამინები, რომლებიც კაპილარების გამძლეობას და ელასტიკურობას ზრდიან. მდოგვის ზეთში ზოგადი გამაძლიერებელი ნივთიერება კაროტინიც შედის. გარდა ამისა, გვხვდება B6 ვიტამინი, რომელიც აზოტის ცვლაში და ამინომჟავების სინთეზის და დაშლის პროცესებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ბევრი დიეტოლოგი-ნატუროპათი მიიჩნევს, რომ „საიმპერატორო დელიკატესი“ მზა სამკურნალო საშუალებაა. ანტისეპტიკური და ბაქტერიოციდული თვისებების წყალობით მცენარეული ზეთი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და სურდოს დაავადების სამკურნალოდ გამოგადგებათ.

ზოგიერთი ექიმი პაციენტებს პროფილაქტიკის მიზნით ყოველ დილით, უზმოზე 1 ს/კ მდოგვის ზეთის მიღებას ურჩევენ.

სიმინდის ზეთი

უჯერი ცხიმოვანი მჟავის (F ვიტამინი) და E ვიტამინის შემცველობა სიმინდის ზეთის დიეტურ თვისებებს განაპირობებს.

E ვიტამინის დიდი რაოდენობის წყალობით სიმინდის ზეთი ადამიანის იმუნურ სისტემას აძლიერებს.

მას „ახალგაზრდობის ვიტამინს“ უწოდებენ, რადგან ანტიოქსიდანტია და დაბერების პროცესს აფერხებს, ნივთიერებათა ცვლაზე, სისხლში ქოლესტერინის დონეზე დადებით გავლენას ახდენს, ღვიძლის, ნაწლავების და ნაღვლის ბუშტის მოქმედებას აუმჯობესებს. E ვიტამინი ქალური და ნერვული დაავადებების სამკურნალოდ შეუცვლელია.

უჯერი ცხიმოვანი მჟავები ინფექციების მიმართ ორგანიზმის ამტანობას ზრდის და ჭარბი ქოლესტერინის გამოდევნას ხელს უწყობს. არარაფინირებული სიმინდის ზეთი ხალხურ მედიცინაში შაკიკის, სურდოს და ასთმის სამკურნალოდ გამოიყენება.

ზეითუნის ზეთი

დიდებული ჰომეროსი ზეითუნის ზეთს „თხევად ოქროს“ უწოდებდა. მას ძველი ეგვიპტის დროიდან იყენებდნენ. ზეთისხილი მშვიდობის და სიწმინდის სიმბოლო იყო. მას სასარგებლო თვისებების გამო ყოველთვის აფასებდნენ.

ზეითუნის ზეთი ყველაზე სასარგებლო ზეთად ითვლება. ის წნევას არეგულირებს, გულის და საჭმლის მომნელებელი ორგანოების მუშაობას აუმჯობესებს. არსებობს მონაცემები, რომ ზეითუნის ზეთის რეგულარული მოხმარება სარძევე ჯირკვლის სიმსივნის რისკს რამდენჯერმე ამცირებს. გარეგანი გამოყენებით დეზინფექციის და გაახალგაზრდავების თვისებები გააჩნია.

საუკეთესო ზეითუნის ზეთად ექსტრაკლასი ითვლება (მის ეტიკეტზე წერია იტალიურად Olio doliva lextravergine ან ინგლისურად extra virgin olive oil) ამ ზეთში მჟავიანობა ჩვეულებრივ 1 %-ს არ აჭარბებს. რაც უფრო ნაკლებია მჟავიანობა, მით უფრო ხარისხიანი ზეთია.

კიდევ უფრო სასარგებლოა ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი (ინგლისურად, first cold press), თუმცა ეს გაგება პირობითია, რადგან ამ თუ იმ დონით „ცივი დაპრესვის“ დროსაც ხურდება.

ზეითუნის ზეთის გემოს თვისება დროთა განმავლობაში უარესდება, ამიტომ რეკომენდებულია მარაგი 1 წლის განმავლობაში გამოიყენოთ. ზეითუნის ზეთი მშრალ, გრილ (მაგრამ არა ცივ), ბნელ ადგილას შეინახეთ.

გოგრის ზეთი

ზეთი შეიცავს ბევრ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას: ფოსფოლიპიდები, B1, B2, C, P ვიტამინები, ფლავონოიდები, უჯერი და ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავები – ლინოლენური, ოლეინის, ლინოლეური, სტეარინმჟავა. ოდნავ მკვრივი კონსისტენცია და შესანიშნავი სუნი აქვს.

ფარმაკოლოგიურმა და კლინიკურმა კვლევებბა აჩვენა, რომ გოგრის ზეთი:

  • პროსტატის ჯირკვლის აქტივობას არეგულირებს და ადენომის განვითარებას ხელს უშლის;
  • პოტენციას ზრდის;
  • ათეროსკლეროზის და გულის იშემიური დაავადების დროს სასარგებლოა;
  • ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნას ხელს უშლის;
  • ღვიძლს იცავს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებს;
  • ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია;
  • წყლულების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება გააჩნია;
  • მზის დამწვრობისგან გვიცავს, ქსოვილების აღდგენას აჩქარებს;
  • იმუნიტეტს აძლიერებს;
  • სოკოს, პარაზიტების და ჭიების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია;
  • კანის მდგომარეობას აუმჯობესებს;
  • თმის და ფრჩხილების ზრდას აჩქარებს და აღდგენას ხელს უწყობს;

გოგრის ზეთს ხშირად სალათების სართავად იყენებენ. მისი გაცხელება რეკომენდებული არაა: ამ შემთხვევაში სასარგებლო თვისებებს მნიშვნელოვნად კარგავს. გოგრის ზეთი მჭიდროდ თავდახურულ ბოთლში ბნელ, გრილ ადგილას უნდა შეინახოთ.

კედრის ზეთი

ნატურალური პროდუქტი, რომელიც E ვიტამინის ბუნებრივ კონცენტრატს წარმოადგენს და დიდი რაოდენობით ნახევრად უჯერ მჟავას შეიცავს, რომელიც ორგანიზმში არ იწარმოება და მხოლოდ საკვებიდან შეგვიძლია მივიღოთ.

ხალხურ მედიცინაში ცნობილია, რომ კედრის ზეთს:

  • ზოგადი გამაძლიერებელი მოქმედება გააჩნია;
  • ქრონიკულ დაღლილობას ხსნის;
  • ადამიანის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობას ზრდის;
  • ორგანიზმის ენერგიას აღადგენს;
  • პოტენციას ზრდის;

კედრის ზეთს ძველად 100 დაავადების სამკურნალო საშუალებას უწოდებდნენ. მის სამკურნალო თვისებებს არა მხოლოდ ხალხური, არამედ ოფიციალური მედიცინაც აღიარებს.

ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგები კედრის ზეთის მაღალ ეფექტურობაზე საუბრობს შემდეგი დაავადებების დროს:

  1. პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი
  2. ვარიკოზული გაფართოებული ვენები, ტროფიკული წყლულები
  3. კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება
  4. ზედაპირული გასტრიტი
  5. გამელოტებას, თმის და ფრჩხილების მტვრევას აფერხებს
  6. სისხლის შემადგენლობას აუმჯობესებს, ჰემოგლობინს ზრდის
  7. ლიპიდურ ცვლას არეგულირებს, ქოლესტერინის დონეს ამცირებს
  8. კანის დაავადების, დამწვრობის და გაყინვის დროს ეფექტურია

კედრის ზეთი ყოველთვის დელიკატესად ითვლებოდა. მას ორგანიზმი ადვილად ითვისებს. ზეთს მაღალი კვებითი და სამკურნალო თვისებები გააჩნია, ვიტამინებით და მიკროელემენტებით უჩვეულოდ მდიდარია.

კედრის ზეთი ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს ფართოდ შეიცავს: ნახევრად უჯრედი ცხიმოვანი მჟავა, ცილები, A, B, E, D, F ვიტამინები, 14 ამინომჟავა და 19 მიკროელემენტი.

კედრის ზეთი სალათებს გემოს გასაუმჯობესებლად დაუმატეთ. აბაზანასა და საუნაში მასაჟისთვის გამოიყენეთ. ასე კანს გააუმჯობესებთ, უფრო ელასტიკურს გახდით. ასევე კანის დაავადების პროფილაქტიკას უზრუნველყოფთ.

არაქისის ზეთი

არაქისის ზეთი ფართოდ გამოიყენება შესაწვავად, სალათების მოსართავად, სოუსების მოსამზადებლად, ყველა სახის ცივი კერძებისთვის, ცომისთვის და აზიურ სამზარეულოში.

არაქისის ზეთი მედიცინაში ფართოდ გამოიყენება:

  • ჩირქოვანი და რთულად შესახორცებელი ჭრილობების სამკურნალოდ;
  • პოტენციის და ლიბიდოს გასაზრდელად;
  • მეხსიერების, ყურადღების და სმენის გასაუმჯობესებლად;
  • ქოლესტერინის დონის შესამცირებლად;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების დროს სამკურნალო მოქმედება გააჩნია;
  • თირკმლების და ნაღვლის ბუშტის მოქმედებას აუმჯობესებს; ერთ-ერთი საუკეთესო ნაღვლმდენი საშუალებაა;
  • თრომბის წარმოქმნას აფერხებს;
  • ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებელი მოქმედება აქვს;
  • ჭარბი წონის, კუჭ-ნაწლავის პრობლემების, ღვიძლის და თირკმლის დაავადების დროს რეკომენდებულია.
  • არაქისის ზეთი ქოლესტერინს საერთოდ არ შეიცავს.

ნიგვზის ზეთი

ნიგვზის ზეთი მაღალი კვებითი ღირებულების პროდუქტია კარგი გემოს თვისებებით:

  • ნიგვზის ზეთი გადატანილი დაავადების და ოპერაციის შემდეგომ ორგანიზმის აღდგენას ხელს უწყობს;
  • ჭრილობის, ნაკაწრის და დიდხანს შეუხორცებელი წყლულის შეხორცებას ხელს უწყობს;
  • ფსორიაზს, ეგზემას, ძირმაგარას და ვარიკოზულ გაფართოებულ ვენებს ეფექტურად კურნავს;
  • შესანიშნავი გასახდომი და ორგანიზმის გასაახალგაზრდავებელი საშუალებაა;
  • კარდიოლოგიური დაავადების რისკს ამცირებს;
  • რადიონუკლიდების გამოდევნას ხელს უწყობს;
  • E ვიტამინის რეკორდული შემცველობის წყალობით ძლიერი მატონიზირებელი მოქმედება აქვს და ორგანიზმის დაცვას ზრდის;

ქაცვის ზეთი

უნიკალური სამკურნალო ზეთი უძველესი დროიდან ცნობილია. ზეთი ფართოდ გამოიყენება როგორც ხალხურ, ასევე ტრადიციულ მედიცინაში რიგი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით.

მას ნატურალური გემო და არომატი აქვს. პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია სალათებს სხვა მცენარეულ ზეთებთან ერთად დაუმატოთ. ქაცვის ზეთი ნებისმიერ კერძში გამოიყენება, ასე გემოს გაუმჯობესებას და კვებით ღირებულებას გაზრდით.

ქაცვის ზეთი მდიდარია კაროტინოიდებით, E, F, A, K, D ვიტამინებით და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. გამოიყენება, როგორც ბეტა-კაროტინი.

ქაცვის ზეთი გამოიყენება:

  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთების დროს (კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ);
  • გინეკოლოგიური დაავადებების: საშვილოსნოს ყელის ეროზიის, კოლპიტის, ვაგინიტის, ენდოკერვიციტის დროს.
  • დამწვრობის, სხივური და წყლულოვანი დაზიანების დროს, კუჭის წყლულის, საყლაპავის სიმსივნის დროს.
  • ზედა სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადების დროს: ფარინგიტი, ლარინგიტი, ჰაიმორიტი;
  • თვალის რქოვანას წყლულის დროს;
  • სწორი ნაწლავის პათოლოგიური პროცესებისას;
  • ღრძილის ანთებითი დაავადების და პაროდონტის დროს;
  • ათეროსკლეროზის დროს;
  • ჭრილობის სწრაფად შესახორცებლად; ქაცვის ზეთის განსაკუთრებულ თვისებას ჭრილობის შეხორცების მაღალი ხარისხი წარმოადგენს, ის ჭრილობას ნაწიბურების და ყოველგვარი კვალის დარჩენის გარეშე ახორცებს.
  • მზის და რადიაციული დამწვრობის დროს კანის ზედაპირს აღადგენს და ქსოვილების წარმოქმნას აჩქარებს;
  • ნაოჭების, ჭორფლის და პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია.
  • აკნეს, დერმატიტის და კანის ნაკაწრების დროს;
  • მხედველობას აუმჯობესებს;
  • თრომბის წარმოქმნას აფერხებს;