Connect with us

კულინარია

10 მთავარი წესი მურაბის მოსამზადებლად, რომლის შესახებ ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს

როგორი სასიამოვნოა ზამთარში სქელი, ხასხასა შინაურული მურაბის გახსნა, რომელსაც ზაფხულის მზის და სითბოს სურნელი ასდის! ტკბილეული, რომელიც კენკრის გემოს, ფერს და არომატს ინარჩუნებს, ყველაზე უამინდო და მოსაწყენ დღესაც განწყობას აგიმაღლებთ. ამ დელიკატესით რომ ისიამოვნოთ, უნდა მოამზადოთ. Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოხარშოთ მურაბა სწორად.

მთელი რიგი წესები არსებობს, რომელთა დახმარებით მურაბას იდეალური გემო აქვს, თან ყველა ვიტამინს და სასარგებლო მიკროელემენტს ინარჩუნებს. შემოდგომა–ზამთრის პერიოდში ვიტამინები განსაკუთრებით გვჭირდება. ამ 10 ხრიკით ნებისმიერ ხილს თუ კენკრას სასარგებლო დესერტად აქცევთ.

როგორ მოვხარშოთ ნებისმიერი ხილის და კენკრის მურაბა

1. საუკეთესო მურაბა მწიფე, ახალი და მთელი კენკრისა და ხილისგან გამოდის. დაჭყლეტილი ხილის მთელი პარტია შეგიძლიათ გაცილებით იაფად შეიძინოთ, ამიტომ ცდუნება დიდია. და მაინც, მურაბა ლპობას ვერ იტანს!

2. გადარჩეული ხილიც კი შეიძლება ფაფად გადაიქცეს, თუ არასწორად გარეცხავთ. მათი მთლიანობის შესანარჩუნებლად ნიჟარა დალუქეთ, წყალი ააგროვეთ და კენკრა ჩაყარეთ. შემდეგ ხელით ფრთხილად აურიეთ. ბოლოს წყალი გადაღვარეთ.

3. ყუნწები და ღეროები მკაცრად გარეცხვის შემდეგ მოაშორეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაყოფი შექმნილი ნახვრეტიდან წყლის ნაწილს შეიწოვს.

4. ერთ–ერთი მთავარი დეტალი: შაქარი. გახსოვდეთ, რომ კენკრა კენკრაა და შაქრის რაოდენობა მასალის სიტკბოზეა დამოკიდებული. თქვენი გემოვნებით იხელმძღვანელეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტი შაქარი შენახვისას კრისტალიზდება!

5. მურაბის გემო უფრო გაჯერებული რომ გახდეს, სხვადასხვა დანამატი გამოიყენეთ. მაგალითად, ჟოლოს ვანილი დაუმატეთ, მსხალს ილი და ვარდისფერი წიწაკის ფხვნილი კარგად ერწყმის, ხოლო ქლიავს კაკაო იდეალურად უხდება. სცადეთ!

6. ახლა ჭურჭლის არჩევაზე გადავიდეთ. ჩვენი ბებიები მურაბას სპილენძის ტაშტში ხარშავდნენ. ასეთი ჭურჭელი წვის გარეშე მასის თანაბრად გაცხელებას უზრუნველყოფს, თუმცა ვიტამინები ცუდად ინახება. უნივერსალურია უჟანგავი ფოლადი: ის გამძლეა და არ იჟანგება. წვის თავიდან ასაცილებლად გამყოფი მოწყობილობა გამოიყენეთ.

7. ხარშვა. კენკრა–შაქრის მასა გაცხელებისას აქტიურად ბუყბუყს იწყებს. ცეცხლს დაუწიეთ, მასას აურიეთ, მაგრამ ინტენსიურად არა. წარმოქმნილი ქაფი მოხადეთ და ცალკე თასში გადაიტანეთ. შეგიძლიათ პური ჩააწოთ და მიირთვათ.

8. მურაბის მზაობის შემოწმება მარტივია. წინასწარ საყინულეში გაცივებული ჩაის კოვზით სიროფი ამოიღეთ, გააგრილეთ და 5 წუთით საყინულეში შედეთ. კოვზი კვლავ გამოიღეთ. შესქელებული მასა უნდა დაინახოთ, რომელიც ფორმას კარგად ინარჩუნებს.

9. ქილები მურაბით ბოლომდე არ გაავსოთ. 1-1,5 სმ დატოვეთ.

10. მურაბა ობისა და გაფუჭებისგან რომ დაიცვათ, ქილას ჯერ გასანთლული ქაღალდი დააფარეთ, შემდეგ თავსახური.

სწორად მოხარშული და შეფუთული მურაბა თითქმის 3 წელი შეგიძლიათ შეინახოთ. ეს იმ პირობით, თუ მანამდე არ შემოგეჭმებათ. ვინ იტყვის არომატულ მურაბაზე უარს? მურაბის მომზადების სეზონი მალე მთავრდება, ასე რომ იჩქარეთ და საქმეს მიხედეთ.