Connect with us

საკითხავი

ხაფანგი, რომელიც აბაზანაში მომაბეზრებელ მწერებს სწრაფად მოგაშორებთ  

გაწუხებთ მწერები სახლში? თითქოს, იდეალური სისუფთავეა, მაგრამ უცებ პაწაწინა მავნებლებს ამჩნევთ. ალბათ, მათ ბევრი იცნობს. ხშირად, ეს მწერები ცხოვრობენ შპალერის ქვეშ ან ძველ წიგნში, ნივთებსა და ავეჯში. ისინი როგორც აბაზანაში, ასევე ჩვეულებრივ ოთახში, სადაც ნაკლები ტენიანობაა, თავს კარგად გრძნობენ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა მწერებს ვგულისხმობთ და როგორ მოვიშოროთ.

მწერები სახლში

ზიგენტომაზე ვსაუბრობთ. ეს ძალიან პატარა უფრთო მწერია. მისი სხეული ცოტათი თევზს წააგავს, რადგან ბოლოში ოდნავ ვიწროვდება და სამი ერთგვარი „კუდი–ულვაში“ ემატება. საკმაოდ უვნებელია. არ იკბინება, სერიოზული დაავადების გადამტანი არაა, ამიტომ ადამიანები მას ხშირად არ ეხებიან. სახლში ამ მწერების გამოჩენა ესთეტიკის საკითხია. არც თუ ისე საყვარელი მწერია.

სისუფთავე და წესრიგი

ზიგენტომა მაღალი ტენიანობის მქონე შენობაში ან ნივთებში თავს განსაკუთრებით კარგად გრძნობს. მაგალითად, შეიძლება შეძვრეს ძველ წიგნში, რომელიც არასათანადო პირობებში ინახება. თუ მწერი დიდად არ გვაზიანებს, რატომ უნდა მოვიშოროთ?

პრობლემა იმაშია, რომ აქტიურად მრავლდება. თუ გუშინ სადღაც ერთმა მწერმა გაირბინა, ერთ კვირაში დაახლოებით 50 გახდება. მდედრ მწერს 20-150 კვერცხის დადება შეუძლია. ნამდვილი რეკორდსმენია. მით უფრო, მისი კვერცხი აბინძურებს ადგილს, სადაც მწერები ცხოვრობს. თუ წიგნი მსხვერპლი გახდება, მისი გვერდების გადარჩენას ვეღარ შეძლებთ. მაქსიმალურად უშნოდ გამოიყურება.

ქაღალდის ნაწარმის გარდა, ფხვიერი პროდუქტები უყვარს. არ გაგიკვირდეთ, თუ ფაფის მოხარშვას გადაწყვეტთ და მის ნაცვლად ქვაბში მარცვლეულთან ერთად ბევრი მწერი მოხვდება. სწორედ ამიტომ, ამ მწერების მოშორებას გირჩევთ, თუნდაც ძალიან აგრესიული და საზიზღარი არ იყოს. გიზიარებთ ეფექტურ ხრიკებს მის მოსაშორებლად.

ეფექტური ბრძოლა მავნებლების წინააღმდეგ

ციცქნა მწერი მუყაოსა და თაფლისგან დამზადებულ ხელნაკეთ ხაფანგს ადვილად ეწებება. საკმარისია, ცოტა თაფლი მუყაოს წაუსვათ და იმ ადგილებში დადოთ, სადაც მწერები გეგულებათ. დროდადრო შეამოწმეთ და ხაფანგი განაახლეთ. ხრიკის ეფექტურობა შეაფასეთ და საჭიროების შემთხვევაში, ხელახლა გამოიყენეთ.

კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი მძაფრი არომატია. ასეთი საშუალების სწრაფად შესაქმნელად 200 მლ წყალი, ცოტა ლიმონის წვენი და 10 წვეთი წიწვის ეთერზეთი აურიეთ. ქლორის შემცველი საშუალებაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ ეს სუნი არა მხოლოდ მწერებს, არამედ ოჯახის წევრებსაც დააფრთხობს.

მწერები პატარა ქილებშიც შეგიძლიათ შეაგროვოთ. ასეთი ხაფანგის ძირზე ცოტა სახამებელი ან შაქარი ჩაყარეთ. ქილები იქ მოათავსეთ, სადაც მწერებს ხშირად ხედავთ. მწერები ქილაში ჩაძვრომას მოინდომებენ, მაგრამ იქედან ვეღარ ამოვლენ. ამ მიზნით ქილის შიდა კედლებს თაფლი წაუსვით ან სკოჩი დააკარით.

რა გავაკეთოთ, თუ სახლში მწერია

თუ მწერები ძალიან მომრავლდა, პროფესიონალს დახმარებისთვის მიმართეთ. დეზინსექტორი სახლიდან მწერებს სწრაფად მოგაშორებთ. ერთი ან რამდენიმე პროცედურა შეიძლება დასჭირდეს. მწერების გამოჩენის თავიდან ასაცილებლად სახლში ტენიანობის დონეს ყურადღება მიაქციეთ. შესაძლოა, ჰაერის გამომშრობის ყიდვა, ყველა ხვრელის ამოვსება ან მილების შეკეთება მოგიწიოთ.

პროდუქტების ჰერმეტულ კონტეინერებში ან მინის ქილებში შენახვა ჩვევად გქონდეთ. ამ შემთხვევაში მავნებელს სამზარეულოში მოხვედრა და პროდუქტების გაფუჭება გაუჭირდება. იმედი გვაქვს, რომ ამ ხრიკებით მწერებთან გამკლავებას შეძლებთ.

Advertisement