Connect with us

სხვა

ხალხური მეთოდი, როგორ მოვაშოროთ უთოს ძირს ნამწვი

თანამედროვე ცხოვრება უთოს გარეშე რთული წარმოსადგენია. მისი დახმარებით ყოველთვის აკურატულად გვაცვია. ყოველ წელს ტექნიკა იხვეწება, რაც ტანსაცმლის დაუთოებას ამარტივებს. ნებისმიერ ტექნიკაზე სათანადო მოვლის გარეშე ნამწვი და ნაქაფი ჩნდება. Alltime.ge-ს რედაქცია გიზიარებთ ხალხურ მეთოდს, რომლის დახმარებით უთოს ძირს მარტივად გაწმენდთ.

დღეს გთავაზობთ ერთ–ერთ ყველაზე მარტივ და ეფექტურ საშუალებას. დაგჭირდებათ მხოლოდ ძმარი. ის ახალ და ძველ ჭუჭყს უკვალოდ აქრობს. ორთქლის აპარატზეც გამოგადგებათ.

უთოს ძირის გასაწმენდად დაგჭირდებათ:

  • 9%–იანი ძმარი
  • ბამბის დისკები
  • ხელთათმანი

შეგიძლიათ ძმრის ესენციაც გამოიყენოთ, რომელიც 70%–იანი კონცენტრატია და წყალში 1:7 პროპორციით უნდა გააზავოთ.

უთოს ძირიდან ახალი ნამწვის მოშორება

ტანსაცმლის უმეტესობა ერთი და იმავე ტემპერატურაზე შეგიძლიათ დააუთოვოთ, მაგრამ ნაზ და თხელ ქსოვილებზე ტემპერატურას შემცირება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქსოვილი დაიწვება და უთოს ძირს მიეკვრება. მის გასაწმენდად სასწრაფოდ ასე მოიქეცით:

1. უთო გააცივეთ. თუ ძმარს ცხელ უთოს წაისვამთ, ორთქლი გამოიყოფა და მისი სუნთქვა სახიფათოა.

2. ფანჯრები გასანიავებლად გააღეთ. ოთახიდან შინაური ცხოველები და ბავშვები გაიყვანეთ.

3. ხელთათმანები გაიკეთეთ, რომ კანი ძმრის მჟავისგან დაიცვათ. ძმარში დასველებული ბამბის დისკი უთოს ძირს ნამწვზე 30 წამით დაადეთ.

4. ბოლოს გადაწმინდეთ. პროცედურა სხვა ადგილებში გაიმეორეთ, სანამ უთოს ძირი მთლიანად არ გაიწმინდება. ამ მეთოდით უთოს ძირში ნაქაფსაც მოიშორებთ.

უთოს ძირიდან ძველი ნამწვის მოშორება

ჩამჯდარი ნამწვის შემთხვევაში უთო ტანსაცმელზე ცუდად სრიალებს და ლაქებს ტოვებს. იგივე პროცედურა გაიმეორეთ, როგორც ახალი ნამწვის მოშორების შემთხვევაში, ოღონდ უფრო დიდხანს 1,5-2 წუთით გააჩერეთ.

თუ ნამწვი მთლიანად არ მოშორდა, უთო ჩართეთ, შეათბეთ, ახლა ისევ გააცივეთ და პროცედურა გაიმეორეთ. ნამწვი გაქრება.

როგორც ხედავთ, მარტივი საშუალება შესანიშნავ შედეგს იძლევა. უთოს ძირი, ასევე წყლის რეზერვუარი რეგულარულად გაწმინდეთ და ტექნიკა დიდხანს გემსახურებათ.