ყვავილები
ჭინჭრის ძლიერი სასუქის რეცეპტი: თითქმის ყველა მცენარეს უხდება
გამოკვება მცენარეების მოვლის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. საჭირო რაოდენობის მკვებავი ნივთიერებების გარეშე დარგული კულტურები ცუდად იზრდება და ვითარდება. გამოდის, კარგი მოსავლითაც არ გაგვახარებს. ბოლო დროს, სულ უფრო მეტი მებოსტნე საკუთარი ხელით მომზადებულ ორგანულ სასუქს უპირატესობას ანიჭებს. მაგალითად, ჭინჭრის სასუქს.
დიდი ნაკვეთის მფლობელები უპირატესობას ნაკელს (სახლის ან ნაყიდი) ანიჭებენ. ბევრი კომპოსტის ორმოებს აყენებს, რომ მკვებავი მასა ყოველთვის ხელთ ჰქონდეთ. თუმცა ასეთი ორგანული სასუქის გამოყენების შესაძლებლობა ყველას არ აქვს. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ უფრო ხელმისაწვდომ სასუქს, რომელიც პირდაპირ თქვენს ფეხებთან იზრდება.
როგორ მოვამზადოთ ჭინჭრის სასუქი
დაგჭირდებათ პლასტმასის ვედრო (ლითონის არ გამოგადგებათ). ნახევრამდე ჭინჭრით გაავსეთ. დარწმუნდით, რომ თესლს არ შეიცავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დარგულ მცენარეს დააზიანებთ. ჭინჭარს წყალი დაასხით და მზიან ადგილას დადეთ.
როცა წყალი კარგად გათბება, რძემჟავა პროდუქტი (კეფირი, ამჟავებული რძე) ან საფუარი დაუმატეთ. ეს ერთგვარი კატალიზატორის როლს ასრულებს. აურიეთ და დუღილი აცადეთ.
პროცესის დასაჩქარებლად მიკრობიოლოგიური პრეპარატი „ბაიკალ ემ–1“ დაუმატეთ. ასე სასუქი უკვე 3 დღეში მზად იქნება. ამასთან ის ნაყენის უსიამოვნო სუნს ანეიტრალებს. თუმცა შეგიძლიათ მის გარეშეც იოლად გახვიდეთ. ამ შემთხვევაში სასუქის გაჩერება 1 კვირა მოგიწევთ.
3 ლ მზა ნაყენი 7 ლ წყალში გააზავეთ. მიღებული ხსნარით ყველა მცენარე, მათ შორის დეკორატიული მორწყეთ. გამონაკლისი: ხახვი, ნიორი და პარკოსნები ჭინჭრის სასუქს ცუდად აღიქვამს. სასურველია, სასუქი 3 დღის განმავლობაში გამოიყენოთ.
ჭინჭარი შეგიძლიათ შეცვალოთ ან სხვა მცენარე დაუმატოთ. პიტნის, ბარამბოს, ხავერდას, გულყვითელას, ფარსმანდუკის, აბზინდას და ქრისტესისხლას ნარევით მკვებავი ნაყენი გამოვა. აი, ჭანგას, ჟუნჟრუკს და თათაბოს გვერდი აუარეთ. ისინი შეიძლება სოკოვანი დაავადების გადამტანი იყვნენ.
და ბოლოს, რამდენიმე საინტერესო ფაქტი ჭინჭრის შესახებ. ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ სად იზრდება ჭინჭარი ყველაზე მეტად. სწორედ იქ, მიწა ყველა აუცილებელი მიკროელემენტით მდიდარია. ამ ადგილას ხილი და ბოსტნეული თამამად დარგეთ.
შუა ბოსტანში გაზრდილი ჭინჭრის მოჭრა არ იჩქაროთ. მისი მწვანილი ბევრ მწერს იზიდავს და სხვა კულტურებიდან ყურადღების გადატანას ხელს უწყობს.
როგორ შეიძლება გვერდი ავუაროთ კულინარიას. ჭინჭრის გამოყენებით ბევრი რეცეპტი არსებობს. მას კოსმეტოლოგიასა და ხალხურ მედიცინაში აქტიურად იყენებენ.
ახლა უკვე იცით, როგორ აქციოთ ჩვეულებრივი სარეველა მკვებავ სასუქად. ეს სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს და აგარაკზე მეზობლებს გაუზიარეთ.