Connect with us

თავის მოვლა

წაისვით და გალამაზდით: ბროკოლის ზეთი დაუჯერებელი ეფექტით

ბოლო დროს ვამჩნევ, როგორ გამიფერმკრთალდა სახის კანი, ხოლო თმის ბოლოები იყოფა და თმაც უფრო მეტი მცვივა, ვიდრე აქამდე. უამრავი ძვირადღირებული საშუალება და ნიღაბი გამოვცადე, თუმცა, სამწუხაროდ, არაფერი მეხმარებოდა. გამიმართლა, რომ სამსახურში კოლეგებმა დროულად მირჩიეს ბროკოლის ზეთი.

უკვე რამდენიმე გამოყენების შემდეგ დავინახე დადებითი შედეგი. დღევანდელ სტატიაში გასწავლით ბროკოლის ზეთის გამოყენებას და მოგიყვებით მისი სასარგებლო თვისებების შესახებ.

ბროკოლის თესლის ზეთი

ბროკოლის ზეთი კომბოსტოს თესლის უშუალო დაწურვის ან სტერილიზაციის გზით მიიღება. მისი არომატი არც ისე სასიამოვნოა, თუმცა, გამოყენების შემდეგ სწრაფად ორთქლდება და საერთოდ არ წარმოქმნის დისკომფორტს. ფერით ზეთი ვარირებს ყვითლიდან მუქ-მწვანემდე.

ზეთის შემადგენლობაში შედის ისეთი სასარგებლო კომპონენტები, როგორებიცაა:

  • A, C, K და E ჯგუფების ვიტამინები
  • რკინა, კალიუმი და კალციუმი
  • უჯერი ცხიმოვანი მჟავები
  • ერუკის მჟავა

ეს უკანასკნელი, სხვათაშორის, მოქმედებს ბუნებრივი სილიკონის მსგავსად, რაც თმას სიგლუვესა და აბრეშუმისებრ სტრუქტურას ანიჭებს.

ბროკოლის ზეთი

ბროკოლის ზეთი კოსმეტოლოგიაში არაფრით ჩამორჩება, მაგალითად, ქოქოსის, აბუსალათინისა და ზეითუნის ზეთს. ძირითად უპირატესობებს შორის გამოყოფენ მის შემდეგ გამოყენებას:

1. დამატენიანებელი

ზეთის მცირე რაოდენობაც კი გადაჭრის სახის მშრალი კანისა და თმის დაყოფილი ბოლოების პრობლემას. ამასთან, იგი არამხოლოდ აღადგენს ტენის ბალანსს, არამედ ინარჩუნებს მას დიდი ხნით.

2. სილიკონის შემცვლელი

ამ ინგრედიენტებს ხშირად შეხვდებით სალონებში, თმისა და კანის მოვლის საშუალებების შემადგენლობაში. სინთეტიკური სილიკონი მათ უფრო გლუვსა და მოელვარეს ხდის, თუმცა ხანდახან გვერდით მოვლენას იწვევს ზედმეტი სიმშრალისა და გაღიზიანების სახით. ბროკოლის ზეთი ამის ალბათობას გამორიცხავს.

3. გამაჯანსაღებელი

თმის შემთხვევაში, ბროკოლის ზეთი მას არამხოლოდ გარეგნულად სასიამოვნოს ხდის, არამედ შიგნიდანაც აქტიურად აჯანსაღებს. ზრდის სტიმულაცია, გამოშრობისა და ბოლოების დაყოფისთვის ხელის შეშლა – პოტენციური ცვლილებების არასრული ჩამონათვალია.

4. გამაახალგაზრდავებელი

A ვიტამინისა და ლონოლეური მჟავის მაღალი შემცველობის წყალობით, ბროკოლის ზეთი სახის კანს ეხმარება საჭირო რაოდენობით სითხის შენარჩუნებაში და იცავს მას დამღუპველი გარე-ფაქტორებისგან. ხოლო რეტინოლის შემცველობა ანტიასაკობრივ ეფექტსაც იძლევა.

5. ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი

ბროკოლის ზეთი შეიცავს სულფორაფანს – კომპონენტს, რომელიც უი-გამოსხივებისგან დაცვის ფუნქციას ითავსებს. იგი არამხოლოდ იცავს კანს შესაძლო დამწვრობისგან, არამედ კანის კიბოსაც უშლის ხელს.

ბროკოლის ზეთი სახისთვის

ბროკოლის ზეთი გამოიყენება კოსმეტოლოგიური საშუალებების წარმოებაში, თუმცა, იგი საშინაო მოვლისთვისაცაა განკუთვნილი. მისი გამოყენება შეიძლება როგორც მგრძნობიარე და მშრალი, ისე ცხიმიანი კანისთვისაც. გთავაზობთ რამდენიმე შესაძლო ვარიანტს.

  • მაკიაჟის ბაზა

რამდენიმე წვეთი ზეთი წაისვით გაწმენდილ კანზე და კარგად შეიზილეთ, მასაჟური მოძრაობებით. ასეთი პროცედურა ათანაბრებს კანის ზედაპირს, გააქრობს სიმშრალეს.

  • დღის კრემის დამატებითი კომპონენტი

კრემის ერთჯერად ულუფას დაუმატეთ 2 წვეთი ზეთი და წაისვით კანზე – ასე იგი ორჯერ მეტ სასარგებლო ნივთიერებას მიიღებს და უფრო მოვლილი, გლუვი და თანაბარი ზედაპირი ექნება.

  • დემაკიაჟი

ბამბის დისკი ჩაალბეთ წყალში და დააწვეთეთ ზეთი. ასეთი საშუალების გამოყენებით, სახის კანიდან მოიცილეთ კოსმეტიკა წრიული მოძრაობებით. ზეთი არამხოლოდ გაწმენდს ეპიდერმისს, არამედ ასტიმულირებს წამწამების ზრდასაც.

  • შავი წერტილების მკურნალობა

ბამბის დისკი გაჟღინთეთ ბროკოლის ზეთით და ყოველდღე, დილასა და საღამოს შეიზილეთ სახის გაწმენდილი კანი. 2 კვირაში პირველი თვალსაჩინო შედეგი გექნებათ.

ბროკოლის ზეთი თმისთვის

თმის შემთხვევაში, ბროკოლის ზეთი ერთბაშად რამდენიმე ფუნქციას ასრულებს: დამცავი, მკვებავი და დამატენიანებელი. თითოეული ფუნქციის გასააქტიურებლად, გამოიყენეთ საშუალება შემდეგნაირად:

  • დაუმატეთ შამპუნს

ჩვეულებრივ შამპუნს დაუმატეთ ბროკოლის ზეთი, 15-20 წვეთი 200 მლ-ზე. ამის დამსახურებით, თავის ყოველი დაბანის შემდეგ, დაზიანებული თმა აღდგენილი, მბზინავი და სქელი გამოჩნდება.

  • მოამზადეთ საშინაო შამპუნი

შეურიეთ 100 მლ თხევადი, გამჭვირვალე საპონი, 0.5 ჩ.კ. ბროკოლის ზეთი, 20 წვეთი კედრის ეთერზეთი და 10 წვეთი როზმარინის ზეთი. კარგად მოურიეთ და ჩაასხით მოსახერხებელ ჭურჭელში. ასეთი შამპუნი თმას იდეალურ სიგლუვესა და ელვარებას მიანიჭებს, შეწყვეტს თმისცვენასა და ქონიანობას, ასტიმულირებს თმის ზრდას.

  • დაყოფილი ბოლოების წინააღმდეგ

თმის ყოველი დაბანის შემდეგ, დაიტანეთ ბროკოლის ზეთის რამდენიმე წვეთი დაყოფილ ბოლოებზე, შეიზილეთ თითების ბოლოებით.

არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერი საშუალების გამოყენებამდე უნდა შეამოწმოთ, ხომ არ გაქვთ ალერგია მასზე.