Connect with us

საკითხავი

ძაღლის ალღო ადამიანზე უფრო ძლიერია. რას გრძნობს ძაღლი და როგორ გამოვიცნოთ მისი ქცევა

ძაღლი ადამიანის მეგობარია, რომელსაც საოცარი შესაძლებლობები აქვს. ეს ნიჭი სხვადასხვა ჯიშის ძაღლში სხადასხვანაირად ვლინდება, ძაღლის ბუნებაზეც დამოკიდებულია. ცნობილია ბევრი წინასწარმეტყველი ძაღლის შესახებ, რომლებმაც წინასწარ იგრძნეს სტიქიური უბედურება, მტრების თავდასხმა და პატრონები გადაარჩინეს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რას ამბობენ და ამტკიცებენ მეცნიერები. გაიგებთ, რას გრძნობენ ძაღლები სინამდვილეში და რა შეიძლება ვიფიქროთ ჩვენ ცხოველისადმი სიყვარულის გამო.

რატომ შეიძლება იყოს ძაღლი უფრო მგრძნობიარე

ძაღლის ალღო უნიკალურია. წინათგრძნობის ნიჭი ბევრ ცხოველს აქვს, მაგრამ ძაღლში სწორედ ადამიანზეა კოდირებული, ამიტომ ბევრ ძაღლს პატრონის გადარჩენა ნამდვილად შეუძლია. ძაღლი ადამიანის ვერბალურ და ფიზიკურ სიგნალებს მეტ ყურადღებას აქცევს.

ასე კარგის და ცუდის, ბოროტის და კეთილის გარჩევა შეუძლია. ვერბალური და ფიზიკური სიგნალების გარდა ადამიანის ემოციების და შინაგანი არსის გამოცნობა შეუძლია. მეცნიერულად დამტკიცებულია, ძაღლს შეუძლია დაიჭიროს სიგნალები ბუნებიდან და ადამიანებიდან, რომლებიც ჩვენი აღქმისთვის მიუწვდომელია.

რას გრძნობს ძაღლი: მეცნიერების მიერ დამტკიცებული შესაძლებლობები

გიზიარებთ მთავარ მომენტებს, რომელზეც ძაღლის ალღო განსაკუთრებით მძაფრად მოქმედებს. ეს მეცნიერების, მკვლევარების და ვეტერინარების მიერ დამტკიცებულია.

ამინდის ცვლილება

ყველა ცხოველი კატაკლიზმების მოახლოებას გრძნობს. იგულისხმება სტიქიური უბედურებები, ასევე ამინდის ცვლილებები. ადრე ამინდის „ბარომეტრად“ კატას მიიჩნევდნენ, თუმცა ძაღლი არ ჩამოუვარდება. ატმოსფერული წნევის ცვლილებას უკეთ გრძნობს. მთელ ტანზე ბეწვის წყალობით ჰაერში ტენიანობის ცვლილება და ოზონის რაოდენობის გამოცნობა შეუძლია. ამინდის ცვლილებისას სწორედ ეს პარამეტრები იცვლება. ამ დღეებში ძაღლის ალღო მძაფრდება, უცხო ხმებზე, ხალხზე და სხვა ცხოველებზე მშფოთვარედ რეაგირებს, ზედმეტად ძილიანობა ან აგრესია შეიძლება გამოავლინოს.

დაავადებები, მათ შორის სიმსივნე

ძაღლს დაავადებების „ყნოსვა“ შეუძლია. მათ შორისაა სერიოზული, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებები. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ძაღლს შეუძლია ადამიანის სისხლში გარკვეული ნივთიერებების არსებობა იგრძნოს. ეს ნივთიერება ფორების ოდნავ სუნზეც შეიძლება გამოვლინდეს და ძაღლი გრძნობს. მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლის ფარგლებში ძაღლს ძუძუს კიბოს აღმოჩენა ასწავლეს. ძაღლებმა 88% შემთხვევაში საქმეს თავი გაართვეს. მკვლევარები მუშაობენ, რომ ძაღლს საკვერცხეების, ფილტვების და სხვა შინაგანი ორგანოს სიმსივნის გამოვლენა ასწავლონ.

ნეგატიური ხალხი და მტრები

გიზიარებთ პირად გამოცდილებას. ერთ დროს ჩვენს სახლში ხშირად იყო ხალხმრავლობა. თანამშრომლები, პარტნიორები, კოლეგები ხშირად გვსტუმრობდნენ. მათგან ბევრს ჩვენი ლაბრადორი ახლოს არ უშვებდა. არც თავისთან, არც ჩვენთან. აგრესიული ჯიშის ძაღლი არაა, მაგრამ ჩვენსა და სტუმრებს შორის გაუვალი კედელი ხდებოდა. ალბათ, უფრო აგრესიული ჯიშის ძაღლში ეს ყეფით და თავდასხმით ვლინდება. მოგვიანებით გაირკვა, რომ ადამიანები, რომელთაგან ძაღლი გვიცავდა, არც თუ ისე კარგი საქმიანი პარტნიორები და ადამიანები იყვნენ.

მოწინააღმდეგის შიში

ძაღლი მოწინააღმდეგედ თვლის არა მხოლოდ ძაღლს, არამედ ადამიანს. მის სამყაროში ყველა ცხოველი ვართ. ძაღლი მოწინააღმდეგის (ან მსხვერპლის) შიშს გრძნობს. ძაღლის შემთხვევაში ამას ფიზიკური ქცევით და სუნით გრძნობს. როგორც არ უნდა მალავდეს ადამიანი ემოციებს გარეგნულად და არ მოძრაობდეს, ძაღლი მის სისხლში ადრენალინის ზრდას და ემოციურ რყევას იგრძნობს. თუ უცხო ძაღლის გეშინიათ, ხოლო გვერდით თქვენი ძაღლია, ის აუცილებლად ყეფას დაიწყებს. ის თქვენს შიშს გრძნობს და დაცვას ცდილობს.

Advertisement