თავის მოვლა
შინაურული რეცეპტები ჟელატინით ნაოჭების გასაქრობად
სახის კანის მოსავლელად და წვრილი ნაოჭების გასაქრობად Alltime.ge–ს რედაქცია ჟელატინის კრემსა და ნიღბებს გთავაზობთ. ალბათ, გაოცდებით, მაგრამ ხელმისაწვდომი საშუალება კანის პრობლემებს ეფექტურად უმკლავდება.
ბევრი სილამაზის სალონი ჟელატინს ლოყების დასაჭიმად და ორმაგი ნიკაპის მოსაშორებლად იყენებს. რატომ არის ჟელატინი სასარგებლო? ჟელატინი კოლაგენს, იგივე სილამაზის ცილას დიდი რაოდენობით შეიცავს. ეს ნივთიერება ხრტილების და სახსრების ჯანმრთელობისთვის, ასევე თმის, ფრჩხილებისა და კანის მდგომარეობისთვის აუცილებელია.
ჟელატინის რეგულარული გამოყენებით წვრილ ნაოჭებს მოიშორებთ, კანს დაარბილებთ და გააღიავებთ.
ჟელატინის კრემი
დაგჭირდებათ:
- 1 ჩ/კ ჟელატინი
- 0,5 ჭიქა წყალი
- 3 ს/კ თაფლი
- 0,5 ჭიქა გლიცერინი
- 1 გრ სალიცილის მჟავა
მომზადების და გამოყენების წესი:
ინგრედიენტები აურიეთ და წყლის ორთქლზე გაადნეთ. მუდმივად აურიეთ და გააგრილეთ. ჟელეს მსგავს კრემს მიიღებთ. ყოველღამე, დაწოლამდე 2 საათით ადრე წაისვით. 20 წუთით გაიჩერეთ. სახის კანი სუფთა და მომზადებული უნდა იყოს. კრემის ნარჩენები, რომელიც კანმა არ შეიწოვა, სალფეთქით მოიშორეთ. ამ ინგრედიენტებით მომზადებული კრემი ზუსტად 1 თვე გეყოფათ. მაცივარში შეინახეთ.
ჟელატინის ნიღბები გასაახალგაზრდავებლად
ჟელატინს აღმდგენი თვისებები აქვს, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და კანის ფერს ათანაბრებს. ასევე კანს ჭიმავს, ელასტიურობას და სირბილეს მატებს. ჟელატინის ნიღაბი მძიმეა და თვალის ირგვლივ არ წაისვათ.
1. ჟელატინის ნიღაბი ბანანით
დაგჭირდებათ:
- 2 ს/კ მდუღარე წყალი
- 1 ჩ/კ ჟელატინი
- 2 ჩ/კ ბანანის პიურე
მომზადების და გამოყენების წესი:
ჟელატინს ცხელი წყალი დაასხით და გახსენით. ცოტა ხანი გასივება აცადეთ, შემდეგ ბანანის პიურე დაუმატეთ და აურიეთ. სუფთა კანზე ნიღაბი წაისვით, 20 წუთით გაიჩერეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
2. ჟელატინის ნიღაბი თაფლით
დაგჭირდებათ:
- 4 ს/კ გლიცერინი
- 2 ჩ/კ თაფლი
- 2 ჩ/კ ჟელატინი
- 8 ს/კ მდუღარე წყალი
მომზადების და გამოყენების წესი:
ყველა ინგრედიენტი აურიეთ (წყალი მხოლოდ 4 ს/კ). სუსტ ცეცხლზე შეათბეთ, მუდმივად აურიეთ. ინგრედიენტები კარგად უნდა გაიხსნას. 4 ს/კ წყალი დაუმატეთ და მინის სტერილურ ქილაში გადაიტანეთ. თავსახური კარგად უნდა ეხურებოდეს. მაცივარში შეინახეთ. ნიღაბი 20 წუთით წაისვით და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღბის გამოყენების შემდეგ მკვებავი კრემის წასმა არ დაგავიწყდეთ.
გირჩევთ, ჟელატინის ნიღბები რეგულარულად გამოიყენოთ, რომ წვრილი ნაოჭები მოიშოროთ, კანს სილამაზე და ახალგაზრდობა აჩუქოთ.