Connect with us

მოდა და სტილი

ქალმა და კაცმა სუნამო განსხვავებულად უნდა წაისვას. ექსპერტი საუკეთესო ზონებს ასახელებს

ბევრი ფიქრობს, რომ პარფიუმის გამძლეობაა მის ფასზეა დამოკიდებული. თითქოს, ძვირადღირებულ სუნამოს უკეთესი სურნელი აქვს და დიდხანს ძლებს. ასე არაა. უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზონა, სადაც არომატს ისვამთ. ამასთან, ქალისა და კაცის შემთხვევაში სხეულზე ადგილები ოდნავ განსხვავდება.

Аlltime.ge–ს რედაქცია სხეულზე სუნამოს წასმის ყველა წესის შესახებ დეტალურად გიამბობთ. სტატიიდან გაიგებთ, სად არ შეიძლება სუნამოს პკურება, თუ გსურთ, რომ სწრაფად აორთქლდეს.

პარფიუმის გამძლეობა

არომატის გამძლეობაზე მასში შემავალი არომატული ნივთიერებები პასუხისმგებელია. მაგალითად, არსებობს სუნამო Extrait ან PARF. ასეთი პარფიუმი არ იპკურება, არამედ კანზე წერტილოვნად ისმება. სუნამო ნელა იხსნება, მაგრამ სხვებზე დიდხანს ძლებს. როგორც წესი, მისი ფასი იკბინება.

პარფიუმერული წყალი (მაღალი და საშუალო ფასის სეგმენტი) მინიმუმ 15-20% არომატულ ნივთიერებას შეიცავს. ის სხვადასხვა ზომის ბოთლებში ისხმება და სხეულზე ჩვეული მეთოდით იპკურება.

ტუალეტის წყალი 10%–ზე მეტ არომატულ ნივთიერებას თითქმის არასოდეს შეიცავს. ამ არომატის გამძლეობა სუსტია, შესაბამისად, ფასიც. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, თუ გსურთ შეიძინოთ არომატი, რომელიც შეგეფერებათ.

ზოგჯერ სუნამო თავის ტკივილს იწვევს. გამოდის, რომ მასში არომატული ნივთიერების კონცენტრაცია ძალიან მაღალია. სწორედ ამიტომ, უბრალოდ უფრო ნაზი შემადგენლობის სხვა სუნამო აირჩიეთ.

სად უნდა წაისვას სუნამო ქალმა და კაცმა

კაცისა და ქალისთვის სუნამოს წასმის საერთო წესი არსებობს. ეს უნდა გააკეთოთ სხეულის იმ ადგილებში, სადაც გულისცემა ყველაზე კარგად იგრძნობა. ამ წესის დაცვის შემთხვევაში არომატი საუკეთესოდ გაიხსნება. გარდა ამისა, სხეულის ბუნებრივ სუნს შეერევა და მასთან ტანდემში უფრო მიმზიდველი გახდება.

ქალმა პარფიუმი უნდა წაისვას ყურების ქვეშ, ყელზე, ქვედა ყბის ქვეშ, მუხლქვეშა ფოსოებსა და მაჯებზე. ასევე შესაფერისია იდაყვის შიდა მხარე, მუცლის და გულმკერდის არე.

იდეალურია, თუ სუნამოს ერთდროულად რამდენიმე ადგილას წაისვამთ. ხშირად ეს სიტუაციაზეა დამოკიდებული. მაგალითად, თბილ სეზონზე გოგონას შეუძლია პარფიუმი ყელზე, მაჯაზე, მკერდსა და მუხლქვეშა ფოსოებზე წაისვას.

კაცისთვის რეკომენდებულია, რომ სუნამო წაისვას ყელზე, ყურების მიდამოში, მხრებზე, ქვედა ყბასთან, გულმკერდზე, ასევე წინამხრებზე და ხელებისა და მაჯების შიდა მხარეს. ერთდროულად ბევრი ზონა არ აირჩიოთ და პარფიუმი ყველგან არ იპკუროთ. 1–2 ადგილი საკმარისია.

სხვა ნიუანსები

სუნამოს წასმისას არ უნდა გადააჭარბოთ. როგორც წესი, 2–3 შესხურება საკმარისია, რომ კარგი სურნელი გქონდეთ. დაიმახსოვრეთ მთავარი წესი: ნაკლები უმჯობესია, ვიდრე ბევრი. თან როგორც თქვენთვის, ასევე სხვებისთვის.

თუ სუნამოს ჰაერში აფრქვევთ, შემდეგ ამ სურნელოვან ღრუბელში ეხვევით, იმედი უნდა გაგიცრუოთ. ეფექტური არაა. იგივე სუნამოს წასმის შემდეგ მაჯების ერთმანეთზე გასმას ეხება.

რაც უფრო ძლიერია არომატი, მით უფრო სწრაფად აორთქლდება. საყვარელი პარფიუმის მინი ვერსია თან ატარეთ, თუ წინ გრძელი და საინტერესო დღე გელით. დროდადრო სხეულზე სუნამო განაახლეთ.

ტანსაცმელზე სუნამოს შესხურებას არ გირჩევთ. პირველ რიგში, ასე საყვარელი კაბა ან სხვა ნივთი შეიძლება დასვაროთ. მეორეც, არომატი ქსოვილიდან უფრო სწრაფად აორთქლდება, ვიდრე კანიდან. იდეალურ შემთხვევაში, პარფიუმი სუფთა კანზე შხაპის შემდეგ უნდა იპკუროთ. ამ დროს ფორები ღიაა და სუნს უკეთ შთანთქავს.

ზოგიერთ ადგილს თავი უნდა აარიდოთ. მაგალითად, სუნამოს წასმა თვალის გარშემო და იღლიებში არ ღირს. თუ სუნამოს პკურებამდე უსუნო ლოსიონს ან ვაზელინს წაისვამთ, არომატი დიდხანს გაძლებს.

პარფიუმერული სითხე გრილ, მშრალ და ბნელ ადგილას შეინახეთ. მაგალითად, გარდერობში. სუნამო სააბაზანო ოთახში არ დატოვოთ, რადგან მაღალი ტენიანობა და სინათლე არომატის მდგომარეობაზე ცუდად აისახება.

არსებობს მოსაზრება, რომ პარფიუმის თმაზე პკურება არ შეიძლება. სუნამოს არც თუ ისე ნაზი შემადგენლობა თმაზე დამღუპველად მოქმედებს, თმა მშრალი და მტვრევადი ხდება. სპეციალისტები საპირისპიროს ირწმუნებიან: „თანამედროვე პარფიუმი შეიცავს ემოლენტებს. ეს დამარბილებელი და დამატენიანებელი ნივთიერებაა, რომელიც გამოშრობას არ დაუშვებს. თმაზე სუნამოს პკურების არ შეგეშინდეთ, მით უფრო მხოლოდ რამდენიმე შესხურებაა“.

Advertisement