Connect with us

ყვავილები

ფართოფოთლიანი მონსტერას თავისებურებები და მოვლის წესები

ჩემს მეგობარს წლებია მისაღებ ოთახში დიდი მონსტერა აქვს. ის ინტერიერის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა და ოთახს მყუდროებას და სითბოს მატებს. ყოველთვის მინდოდა, რომ სახლში ასეთი ყვავილი მქონოდა, ამიტომ მეგობარმა პატარა ყლორტები მაჩუქა. ტოტები დიდ ეგზოტიკურ ხედ რომ გადაიზარდოს, სწორი მოვლა და დრო სჭირდება.

ჩვეულებრივ, ოთახის მცენარეების გაზრდაში ვებექსპერტები და გამოცდილი მეგობრები მეხმარებიან. ამ უნიკალური მარადმწვანე მცენარის თავისებურებების შესწავლისას გამოვყავი 5 ძირითადი წესი კარგი ზრდის უზრუნველსაყოფად.

მონსტერას მოვლა: 5 ძირითადი წესი

სინათლე

მცენარე კარგი განათების გარეშე ვერ გადარჩება, მაგრამ მზის პირდაპირი სხივებისგან უნდა დაიცვათ. როგორც სხვა ყვავილის შემთხვევაში, მონსტერას გაფანტული სინათლე უყვარს. მცენარის ფოთლების გაუფერულება და ზომაში შემცირება ცუდი განათების ნიშანია. ზამთარში მცენარე ხელოვნური სინათლით უზრუნველყეთ.

ტემპერატურა

ფოთლების მდგომარეობით შეგიძლიათ განსაზღვროთ, მონსტერას ოთახის ტემპერატურა შეეფერება თუ არა. ყვითელი ფოთლები და ყავისფერი ლაქები მიუთითებს, რომ ოთახში ბევრი ორპირია. გაზაფხულსა და შემოდგომაზე 20-25 გრადუსი ტემპერატურა სჭირდება. ზამთარში რომ დაისვენოს, იქ მოათავსეთ, სადაც მაქსიმუმ 14 გრადუსია.

სწორი მორწყვა

გამოცდილი ფლორისტები გირჩევთ, რომ მუდმივად სველი მიწა შეინარჩუნოთ. სიცხეში წყლის რაოდენობა და მორწყვის სიხშირე გაზარდეთ. მორწყვამდე დარწმუნდით, რომ მისი მიწა უკვე გამოშრა. სიცივეში იშვიათად მორწყეთ, მაგრამ მიწა მაინც სველი უნდა იყოს. ოთახის ტემპერატურის წყალი გამოიყენეთ.

ამ ეგზოტიკური ყვავილის დიდ ფოთლებზე მტვერი კარგად ჩანს, ამიტომ პერიოდულად გადაწმინდეთ. ეს როგორც სილამაზის, ასევე ყვავილის კარგი განწყობისთვის საჭიროა. ზაფხულში ფოთლები პულვერიზატორით დანამეთ.

საინტერესოა, რომ ხალხში მონსტერას „მტირალას“ უწოდებენ, რადგან ძლიერი ტენიანობის პირობებში ხდება გუტაცია, ანუ ყვავილი ფოთლებიდან ჭარბ ტენს გამოყოფს.

სასარგებლო ხრიკი: ფოთლები ყოველთვის რომ პრიალებდეს, წყლისა და წვეთი რძის ნარევით გადაწმინდეთ.

გამოკვება

მონსტერას სასუქი მინერალურ და მკვებავ ნივთიერებებს უნდა შეიცავდეს. ასე ყვავილი სწრაფად გაიზრდება, ხოლო ფოთლები მსხვილი, ლამაზი და აჟურული გახდება. სასუქი ახალგაზრდა მცენარეს სჭირდება. გაზაფხული–ზაფხულის პერიოდში თვეში 2–ჯერ გამოკვებეთ. დეკორატიული ფოთლოვანი ოთახის მცენარეებისთვის განკუთვნილი სპეციალური ნარევი გამოიყენეთ. ორგანული და მინერალური სასუქიც გამოგადგებათ. კომპლექსური ვარიანტი, მაგალითად, ჰუმისოლა ძალიან სასარგებლოა.

საჰაერო ფესვების მოვლა

მონსტერას საჰაერო ფესვები გამოსაკვებად სჭირდება. სცადეთ, ისინი მიწისკენ მიმართოთ. დამატებითი საყრდენი გაუკეთეთ, რომ ფესვები მას შემოეხვიოს. ზოგი მეყვავილე პლასტმასის მილებს დგამს და შიგნით ხავსით ავსებს, რომელსაც მუდმივად ატენიანებს. მილში ნახვრეტებს აკეთებს და მასში ფესვებს დებს.

მონსტერას მოვლა რთული არაა. თუ სათანადო მიკროკლიმატს შეუქმნით, სწორად მორწყავთ და გამოკვებავთ, მცენარე დიდი და ჯანსაღი სიმწვანით მადლობას გადაგიხდით.

Advertisement