ჯანმრთელობა
უკანასკნელი სტატია ვაქცინის შესახებ. დავუსვათ წერტილი შეკითხვას, რომელიც ბევრ მშობელს აწუხებს
რამდენიმე თვის წინ, შემთხვევით წავაწყდი ფილმს “ვაქცინა, რომელმაც სამყარო შეცვალა”(ბმული სტატიის ბოლოსაა მითითებული) და დღემდე მისი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ზოგადად, ყოველთვის ვიყავი აცრის მომხრე, თუმცა დისკუსიებში არასდროს შევსულვარ, რამდენადაც ამაზე საუბარი ყოველთვის ცხარე კამათით სრულდებოდა. ეს უბრალო ისტორიული დოკუმენტური ფილმია და, ვისაც ინგლისური ესმის, აუცილებლად უნდა ნახოს.
ამ ფილმის ნახვის შემდეგ ფრაზები: “ვაქცინები ჩვენს მოსაკლავად მოიგონეს”, “ვაქცინები იმისთვის მოიგონეს, რომ ჩვენგან ფული აიღონ”, “ვირუსები სპეციალურად გამოიყვანეს, რომ ვაქცინები გაყიდონ” სულ სხვანაირად აღიქმება.
მაშ ასე, ეს ფილმი პოლიომიელიტისა და ამერიკის შესახებაა.
უამრავი დაავადება ვიცით, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინაც შეიქმნა, თუმცა, სწორედ ეს დაავადება იყო, რომელიც ამერიკულ საზოგადოებას ემოციურად შეეხო. 1930-40 წლებში, 5 წლამდე ბავშვებმა იწყეს პოლიომიელიტით დაავადება იმდენად დიდი რაოდენობით, რომ ყოველ კვირას გაზეთში იბეჭდებოდა განცხადება იმის შესახებ, თუ რამდენი ბავშვი დაინფიცირდა იმ კვირაში. დედები პანიკას მიეცნენ. ბავშვები პარალიზდებოდნენ სამუდამოდ, უფრო ხშირად კი იღუპებოდნენ, რამდენადაც სასუნთქ კუნთებსაც ეცემოდა დამბლა. იმის გაგება, თუ რომელი ბავშვი დაავადდებოდა, წინასწარ შეუძლებლად მიაჩნდად. დაავადების მკურნალობის მეთოდი დღემდე არ არსებობს. 1950 წელს აშშ-ში 57000 ბავშვი დაავადდა, 1 წელიწადში! მშობლებს ბავშვების წაყვანისა ეშინოდათ ბასეინზე, წვეულებებზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
კონსტრუქცია, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, პოლიომიელიტის გამო უკეთიათ ბავშვებს, რამდენადაც მათ სიარული აღარ შეეძლოთ.
ამერიკის 32-ე პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტიც, 39 წლის ასაკში, პოლიემიელიტით დაინფიცირდა. იგი მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობდა ვაქცინის ან მკურნალობის სხვა საშუალების მოძიებას დაავადების წინააღმდეგ, შექმნა უნიკალური მოხალისეობრივი ორგანიზაცია პოლიომიელიტთან საბრძოლველად, თუმცა, 1945 წელს ისე გარდაიცვალა, რომ ვერ მოესწრო დაავადების დამარცხებას.
ერთადერთი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც ზედიზედ ორი ვადით აირჩიეს, ისე გარდაიცვალა, რომ ვერ მოესწრო საზოგადოების წინააღმდეგობას პოლიომიელიტისგან დამცავი ვაქცინის მიმართ, ჩვენ ხომ მასზე ჭკვიანები ვართ!
ამერიკული საზოგადოება გაერთიანდა პოილომიელიტთან ბრძოლაში, უბრალო ამერიკელები თავს წირავდნენ კვლევებს, ბავშვები ყულაბაში ფულს აგროვებდნენ, დიდსა და პატარას მთელი გულით სურდა დაავადების დამარცხება და ეს ამად ნამდვილად ღირდა. ელვის პრესლიმ, მერლინ მონრომ, რიჩარდ ნიკსონმა ათობით ათასი დოლარი შესწირეს კვლევებს. Dime by dime by dime – თეთრი თეთრზე და 1 მლნ დოლარზე მეტი შეგროვდა.
ჩვენ რაში გვაინტერესებს თქვენი ხარჯები დაავადებასთან ბრძოლაში, ჩვენ ისტორია არ ვიცით, ჩვენ პოლიომიელიტით არ დავავადებულვართ და ამიტომ თქვენი ვაქცინაცია სულაც არ გვჭირდება! – ასე ფიქრობს ჩვენი საზოგადოება დღეს…
ახალგაზრდა მკვლევარი, ჯონას სოლკი, 1947 წელს პენსილვანიის პიტსბურგის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ატარებდა კვლევებს ვაქცინებზე. თუმცა, მხოლოდ იმის გაფიქრებაც კი, რომ 1947 წელს უნივერსიტეტში ამდენად ძლიერი ლაბორატორია იყო, მაოცებს. სწორედ სოლკმა წამოჭრა დაავადების წინააღმდეგ ვაქცინის შექმნის იდეა. არსებობს პოლიომიელიტის 3 სახე და ვაქცინას ხალხი სამივესგან უნდა დაეცვა. იგი დღეებსა და ღამეებს ლაბორატორიაში ასწორებდა, მას ცოცხალი ვირუსები სჭირდებოდა და მისი დამხმარეებიც, პირდაპირი გაგებით, დარბოდნენ, რომ გამოყვანილი ცოცხალი ვირუსები ლაბორატორიაში რამდენიმე წუთში მიეტანათ. ასე გრძელდებოდა ყოველდღე, სამი წლის განმავლობაში. მან გარშემო შემოიკრიბა მეცნიერები, რათა ვაქცინა იმდენად სწრაფად მოეგონათ, რამდენადაც შეიძლებოდა. ლაბორატორია იკავებდა 2 სართულს, ჩართული იყო ნებისმიერი სახის ძალა.
ჟრუანტელი მივლის, როცა ვიაზრებ, რამდენად უნდოდათ დაავადების დამარცხება იმ დროს, ხოლო დღეს ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ათასობით ბავშვი არ იღუპება პოლიომიელიტისგან და ვამბობთ – რაში გვჭირდება თქვენი მცდელობები, ჩვენ უფრო ჭკვიანები ვართ! და არ განვიცდით არავითარ მადლიერებას, პირიქით ჩირქს ვცხებთ ამ ადამიანების ნაშრომებს.
თავიდან ისინი მიხვდნენ, რომ თუ ცოცხალი ვირუსის მცირე დოზას შეიყვანდნენ, ორგანიზმი გამოიმუშავებდა იმუნიტეტს, თუმცა სოლკმა გადაწყვიტა, რომ ეს საკმარისად საიმედო არ იყო, რამდენადაც ვირუსი ცოცხალი იყო და ცდილობდა უკეთესი ვარიანტის პოვნას, იმუნიტეტის მოტყუებას და მკვდარი ვირუსის შეყვანას, რათა მას იმუნიტეტი დაინფიცირების რისკის გარეშე გამოემუშავებინა. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს იყო პოლიომიელიტის სამი სახეობა და ყველა მათგანი უნდა შსულიყო ერთ ვაქცინაში – 3 ვირუსული უჯრედის მსგავსი უჯრედები, ოღონდ არა ვირუსული.
ამ დროს სხვა მეცნიერი, ალბერტ სეიბინი, სერიოზულად აკრიტიკებდა ჯონას სოლკის მცდელობებსა და ძალისხმევას. ნეგატიურად აფასებდა მას, ამასთან, იგი ცნობილი ვირუსოლოგი იყო და თვითონაც ეძებდა ვაქცინას, მისი დამცირების ატანა ნამდვილად რთული იქნებოდა. თუმცა, სოლკს ძალიან უნდოდა ბავშვების დახმარება, რადგან ყოველი წარუმატებელი დღე ასობით ბავშვის სიცოცხლეს იწირავდა.
ჯონას სოლკმა დაიწყო ამ ვაქცინის გამოცდა საკუთარ თავზე, ბავშვებზე, კოლეგებზე(იხილეთ ფოტო). მეცნიერმა ვაქცინა საკუთარ შვილებზე იმისთვის გამოსცადა, რომ სხვა ბავშვებს, ჩვენს ბავშვებს დახმარებოდა, რადგან თვლიდა, რომ უსამართლობა იქნებოდა სხვისი შვილების აცრა, ჩვენ კი ჯერ კიდევ ვამბობთ, რომ “ვაქცინები ფულის გასაკეთებლად მოიგონეს”.
შემდეგ ჯონას სოლკმა ვაქცინა სხვა 43 ბავშვზეც გამოსცადა, რომლებიც უკვე დაავადებული იყვნენ პოლიომიელიტით და მკურნალობდნენ ჰოსპიტალში D. T. Watson Home for Crippled Children. ეს ბავშვები უკვე დაავადებული იყვნენ, ამიტომ დიდი რისკი არ იყო. ყველაზე ემოციურად ჩემზე იმან იმოქმედა, რომ მშობლები კვლევების ჩატარებას თანხმდებოდნენ საკუთარ შვილებზე, მაშინ, როცა მათ უკვე იცოდნენ, რომ ბავშვები ამით ვერ განიკურნებოდნენ, ეს სხვა ბავშვებს დაეხმარებოდა იმაში, რომ არ დაავადებულიყვნენ, მათ შვილებს კი არა! ისინიც თანხმდებოდნენ… ისინი თანახმა იყვნენ საკუთარი ბავშვების გასაწირავად იმისთვის, რომ ჩვენი შვილები არ დაღუპულიყვნენ.
მეცნიერი ღამ-ღამობითაც მიდიოდა ჰოსპიტალში, რათა გაეგო, როგორ იყვნენ აცრილი ბავშვები. ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა.
ვაქცინამ იმოქმედა და პიტსბურგის სკოლებში ბავშვებს დაურიგეს ფურცლები მშობლებისთვის, რათა თანხმობა მიეღოთ ბავშვების ასაცრელად ექსპერიმენტული მიზნებისთვის. მშობლებიც დათანხმდნენ, რამდენადაც ეს ვაქცინა აღმოაჩინეს მათივე შეგროვებული თანხებით.
1954 წლის აპრილში მთელი ამერიკის მასშტაბით აიცრა ბავშვები, მშობლები ამაყობდნენ, რომ ამერიკელებმა აღმოაჩინეს ვაქცინა, ეს იყო ეროვნული წარმატება, ნებისმიერი ამერიკული ოჯახის სიხარული, განსაკუთრებული მომენტი თითოეული მოქალაქისთვის. ადამიანები ქუჩაში გამორბოდნენ და ყვიროდნენ: “ის მოქმედებს!”(ვაქცინა), ყველა გაზეთი ამაზე წერდა, ეკლესიის ზარები რეკდა, ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს ომი მოიგეს. მილიონობით ბავშვი გადარჩა! ამ ვაქცინის დამსახურებით, თითქმის ყველფან დაამარცხეს პოლიომიელიტი ჩვენს სამყაროში.
და, რაც ყველაზე მთავარია! – ჯონას სოლკი ეროვნულ გმირად იქცა იმის თქმით, რომ ეს ვაქცინა ხალხისთვის იყო და არა მისი პირადი მოგებისთვის, რომ მას არავითარი სარგებელი არ სჭირდებოდა და ნებისმიერს შეეძლო აცრა უფასოდ.
7 წლის შემდეგ, ალბერტ სეიბინმაც იპოვა ვაქცინის თავისებური ვერსია და ახლა ორივე მათგანით იცრებიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
და მაინც, ისტორია მეორდება, ადამიანებს კი ისტორიის სწავლა არ სურთ, არ ცრიან საკუთარ შვილებს პოლიომიელიტის წინააღმდეგ, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს დაავადების ხელახალი ამოფრქვევა და წელიწადში 200 000 ახალი შემთხვევა.
არამგონია, ჩემი ემოციები სრულად გამომეხატოს, თუმცა, ისტორია რომ გასწავლოთ, ჩამოგითვლით ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა:
დიფტერია – 1823 წელს, ვაქცინის გამოგონებამდე, მოზარდის ასაკის ბავშვების ყველაზე ცნობილი მკვლელი იყო;
ჩუტყვავილა, რომელიც 10 000 წელზე მეტია, რაც არსებობს, ანუ მისგან ფარაონებიც კი იღუპებოდნენ და რომელმაც 500 მლნ-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა 1796 წლამდე – ამ წელს ვაქცინა გამოიგონეს;
წითურა, რომელიც, ვაქცინის გამოგონებამდე, დეფორმირებული ბავშვების დაბადების ყველაზე გავრცელებული მიზეზი იყო და რომელმაც 20 000-ზე მეტი ბავშვი იმსხვერპლა 1 წელიწადში.
ახლა მაინტერესებს, რას იტყვით ის ადამიანები, რომლებიც ვაქცინის წინააღმდეგ გამოდიხართ და თვლით, რომ აცრა მხოლოდ ფულის საკეთებლად გამოიგონეს.
ესეც ფილმი, რომელსაც მთელი სტატია მივუძღვენი: