საკითხავი
ტუალეტი ყარს. ახალი მეთოდი საპნით და ძველი წინდით უსიამოვნო სუნს მოგაშორებთ
სახლს ყოველდღე ალაგებთ, მაგრამ სააბაზანო ოთახში მყრალ სუნს ვერ იშორებთ? სცადეთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ქიმია, მაგრამ ხანგრძლივი შედეგი ვერ მიიღეთ? Alltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ ახალ მეთოდს საპნით და წინდით, რომელიც უსიამოვნო სუნს აქრობს, ოთახს სასიამოვნო არომატით ავსებს. ბონუსად საკანალიზაციო მილის უსიამოვნო სუნის გაქრობასაც გასწავლით.
საყოფაცხოვრებო ქიმია ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის უსაფრთხო არაა. საკმაოდ აგრესიული და ძვირადღირებული საშუალებებია, რომელთაც მძაფრი ქიმიური სუნი აქვთ. ამავდროულად, უნიტაზის რგოლზე რაიმეს ჩამოკიდება ჰიგიენური ნამდვილად არაა.
ხრიკი საპნით და ძველი წინდით
ალბათ, სახლში თქვენთვის სასიამოვნო არომატის საპონი გაქვთ. სწორედ ის დაგჭირდებათ. ძველი, მაგრამ სუფთა წინდა შეარჩიეთ. ძალიან დაძურწული არ უნდა იყოს, რომ საპონს გაუძლოს და არ გაიხეს. უნიტაზის ავზი წყლისგან დაცალეთ. ახალი წყლით რომ არ აივსოს, ტივტივა დაიჭირეთ. ამ დროში საპონი წინდაში ჩადეთ, გაკოჭეთ და უნიტაზის ავზში ორმაგი სკოჩით მიამაგრეთ. სკოჩი წყალს არ უნდა ეხებოდეს, ამიტომ წყლის დონის ზემოთ დააკარით. ახლა შეგიძლიათ ტივტივას ხელი გაუშვათ, წყალი აავსოთ. როგორც კი, უნიტაზს ჩარეცხავთ, ოთახში საპნის სასიამოვნო არომატი გაიფრქვევა. დამატებით უნიტაზის კედლებს ნადებისგან დაიცავს. საპონი უწინდოდ პირდაპირ წყალში შეგიძლიათ მოათავსოთ, მაგრამ ასე უფრო სწრაფად დაიხარჯება.
როგორ მოვიშოროთ კანალიზაციის მილის უსიამოვნო სუნი
თუ უსიამოვნო სუნის მიზეზი კანალიზაციის მილია, გირჩევთ ხალხური რეცეპტების გამოყენებით გაწმინდოთ. დაგჭირდებათ მარტივი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტები, რომელთაც სამზარეულოში იპოვით.
- 1 ნაწილი ძმარი და 1 ნაწილი წყალი აურიეთ. უნიტაზში ჩაასხით. ნახევარი საათის შემდეგ ჩარეცხეთ.
- 150 გრამი სოდა უნიტაზში ჩაყარეთ და ძმარი კარგად დაასხით. 15-20 წუთში 2-3 ლ ცხელი წყლით ჩარეცხეთ.
- 1 ნაწილი ლიმონის წვენი და 1 ნაწილი სოდა აურიეთ და მიღებული ფაფით უნიტაზი გახეხეთ. ჯაგრისი გამოიყენეთ. 15-20 წუთში გაწმინდეთ და ჩამორეცხეთ.
- 200 მლ თხევადი საპონი უნიტაზში ჩაასხით. 10 წუთში ცხელი წყალი ჩაასხით. 10 წუთის შემდეგ უნიტაზი ჩარეცხეთ.