Connect with us

ყვავილები

ტკბილი პომიდორი: როგორ გავაუმჯობესოთ მისი გემო მომწიფების პერიოდში

პომიდვრის ყველაზე ტკბილი ჯიშები ხალხური სელექციით არის გამოყვანილი, ხოლო თანამედროვე ჰიბრიდების ნაყოფი ხშირად მჟავე და უგემურია. ბევრი მებოსტნე სახეობის არჩევისას აქცენტს ნაადრევი და მსხვილი ნაყოფის ჯიშებზე აკეთებს, ხოლო გემოს თვისებები მხედველობიდან რჩება.

პომიდვრის გემოს გაუმჯობესება გარკვეულ ეტაპამდე გამოკვებით შესაძლებელია, ხოლო შაქრის დაგროვების უნარი გენეტიკურ დონეზე ჩადებულია. გვიანდელი და საშუალო სიმწიფის ჯიშები ხშირად უფრო ტკბილია, ვიდრე ნაადრევი და ჰიბრიდული ჯიშები (ძალიან სწრაფად მწიფდება და საკმარისი მშრალი ნივთიერების დაგროვებას ვერ ასწრებს, რაზეც პომიდვრის შაქრიანობა პირდაპირ დამოკიდებულია), ხოლო პატარა პომიდორი (ჩერი, კოქტეილი) უფრო მეტად შაქრიანია, ვიდრე მსხვილი. ფერის მიხედვით, ყველაზე ტკბილი პომიდორია ნარინჯისფერი, ყვითელი, ყავისფერი ჯიშები და სახეობა ანტოციანინით. ბევრი თანამედროვე სახეობაც ტკბილი და შაქრიანია. წითელი პომიდორი მჟავების დიდ კონცენტრაციას შეიცავს, ამიტომ მას მომჟავო გემო დაყვება.

გემოს თვისებებზე მოვლის ეფექტი არ უგულებელყოთ. გაზრდის პირობები: მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც შედეგზე გავლენას ახდენს. თუ მცენარე საკმარისი მოცულობის სინათლეს არ იღებს, მჟავე მიწაში იზრდება, ჭარბი ტენიანობით იტანჯება, არც გამოკვება გიშველით და არც ტკბილი სახეობის არჩევა – ნაყოფი წყლიანი და მჟავე გაიზრდება. ნაყოფი შეიძლება მჟავე იყოს, თუ ჯიში კონკრეტულ რეგიონს არ შეეფერება. პომიდორს, რომელიც სხვა კლიმატურ პირობებს მიჩვეულია, ნაყოფში შაქრის დასაგროვებლად სინათლე და სითბო არ ყოფნის. გამოვყოფთ სამ ფაქტორს, რომელიც პომიდვრის გემოსა და ხარისხზე გავლენას ახდენს:

  • პომიდვრის ჯიში
  • მზის სინათლის რაოდენობა
  • მორწყვის სიხშირე

ნაყოფის მომწიფების პერიოდში ჭარბ მორწყვას თავი აარიდეთ. ჭარბი მორწყვა ნაყოფზე ნეგატიურად აისახება, რადგან ზედმეტ სითხეს რბილობიდან შაქარი გამოაქვს. ცხელ ამინდში საკმარისია, კვირაში ერთხელ მორწყათ, ღრუბლიან ამინდში საერთოდ არ მორწყათ.

გამოკვება

ნაყოფის გამოღების და მომწიფების პერიოდში აზოტის სასუქი გამორიცხეთ. აზოტი ნაყოფის ზრდას ხელს უწყობს, მაგრამ მას წყლიანს და მჟავეს ხდის.

შრატების, წყლის და იოდის ხსნარი (1 ლ , 9 ლ, 10 წვეთი) – პომიდვრის შაქრიანობის გასაზრდელად კარგი სასუქია, თან ფუნგიციდის როლს ასრულებს. მცენარე შეგიძლიათ მოსავალზე ზიანის მიყენების შიშის გარეშე ნებისმიერ ეტაპზე მორწყათ.

მარგანცოვკის ვარდისფერი ხსნარი არა მხოლოდ პომიდვრის ხარისხს აუმჯობესებს, არამედ მის მომწიფებას აჩქარებს – მცენარე მარგანცოვკის ვარდისფერი ხსნარით 3 დღე ზედიზედ მორწყეთ და ნახავთ, როგორ დაიწყებს პომიდორი გაწითლებას. სარწყავში (10ლ) წყალს რამდენიმე მარგანცოვკის კრისტალი და მწიკვი ნაცარი დაუმატეთ. ეს ხსნარი სამ ბუჩქზე გადაანაწილეთ.

სუსტი კონცენტრაციის იოდის ხსნარი პომიდვრის გემოს აუმჯობესებს. 3 წვეთი იოდი 10 ლ წყალს დაუმატეთ – 1 ლ ნარევი მცენარის ფესვების ქვეშ.

ნაცრის ნაყენი პომიდვრის გემოზე ძალიან დადებით გავლენას ახდენს. 1 ლ ნაცარს 1 ვედრო მდუღარე წყალი დაასხით და 1 დღე დააყენეთ. 0,5 ლ ნარევი მცენარის ფესვების ქვეშ. ასე გამოკვება მაშინ გამოიყენეთ, როცა ნაყოფი უკვე ტექნიკური სიმწიფის (ყავისფერი) ეტაპზეა.

გამოცდილი მებოსტნეები აღნიშნავენ, რომ იმ ზაფხულს, როცა ხშირი ჭექა–ქუხილია, უფრო გემრიელი პომიდორი იზრდება – მიზეზი ჰაერის იონიზაციაა.

მოკლედ, ტკბილი პომიდვრის მოსავლის ასაღებად რამდენიმე წესი დაიცავით: თქვენი გემოვნების მიხედვით შესაფერისი პომიდვრის ჯიში შეარჩიეთ, მზეზე გაზარდეთ, აზოტის სასუქი აქტიური ნაყოფიერების პერიოდში გამორიცხეთ, ხშირად არ მორწყათ, ნერგები არ გაასქელოთ, სათბური რეგულარულად გაანიავეთ, სასუქი სწორი დოზით მაიწოდეთ. ჩემი დევიზია: მეტი სინათლე, ნაკლები სითხე! ჭარბი ტენიანობა პომიდვრის მთავარი მტერია!